გადაწყვეტილება №21734/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2024
№ დოკუმენტი 21734/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21734/2/2023

13 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 27.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21734/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2023 წლის №188683 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31506 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვალს №21-14/15316 წერილით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი კონკრეტული სახის ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა.

აღნიშნულ წერილს მომჩივანი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე, გაეცნო 2023 წლის 14 მარტს. საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში მას არ წარუდგენია მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულყოფილად.

მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მომჩივანს, 24.04.2023 წლის №188374 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

2023 წლის 26 აპრილის № 21-14/34436 წერილით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაევალა წარედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ასლი (ელექტრონული სახით) ან/და ელექტრონული ცხრილები, დებიტორ/კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია/მონაცემები 2020, 2021, 2022, 2023 წლების პირველი იანვრის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ ინფორმაცია/მონაცემები 2020, 2021, 2022, 2023 წლების პირველი იანვრის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ამსახველი ინფორმაცია/მონაცემები 2020, 2021, 2022, 2023 წლების პირველი იანვრის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სესხებთან ან კაპიტალის ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ყველა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელექტრონული სახით, არ მოიპოვება (ყველა ტიპის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები, შესყიდვის აქტები, ფორმა N2-ები, და ა.შ.).

აღნიშნული წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 1.05.2023 წელს, თუმცა, დადგენილ ვადაში ინფორმაცია კვლავ არ იქნა წარდგენილი. შედეგად, მომჩივანს, 31.10.2023 წლის №188683 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.12.2023 წლის №31506 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №21-14/34436 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ყოველთვის დროულად ახდენდა რეაგირებას და აწვდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის ინფორმაციას/დოკუმენტაციას. ითხოვს, შემოსავლების სამსახურის ბრძანებისა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანი, განმარტავს, რომ ყოველთვის დროულად ახდენდა რეაგირებას და აწვდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის ინფორმაციას/დოკუმენტაციას. ითხოვს, შემოსავლების სამსახურის ბრძანებისა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის გაუქმებას.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №21-14/34436 წერილით გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. მომჩივანს აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2023 წლის პირველ მაისს, თუმცა, დადგენილ ვადაში ინფორმაცია სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №21-14/15316 წერილით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი კონკრეტული სახის ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულ წერილს მომჩივანი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე, გაეცნო 2023 წლის 14 მარტს. საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში მას არ წარუდგენია მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულყოფილად. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მომჩივანს, №188374 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია .

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე № 21-14/34436 წერილით მომჩივანს დაევალა წარედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია.აღნიშნული წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა თუმცა, დადგენილ ვადაში ინფორმაცია კვლავ არ იქნა წარდგენილი. შედეგად, მომჩივანს №188683 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია .

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №31506 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „დ“ ); 70(1 „ა“); 279(1.2);