გადაწყვეტილება №27934/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27934/2/2026
07 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 7.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27934/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2026 წლის №007-140 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16710 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
97 285.11 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 53 667.02
ჯარიმა - 23 314.09
საურავი - 20 304
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქ. --- ში ---ს ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ქიმიით, ბავშვთა მოვლის საშუალებებით, ჭურჭლით, საკანცელარიო საქონლით, სათამაშოებით და სხვა წვრილმანი ნივთებით საცალო ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 24.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს „---" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 7 ივლისს. სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით ჩინეთიდან. შეძენილი აქვს როგორც დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი კატეგორიის საქონელი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია. წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში საქონელი არ არის სახეობრივად და რაოდენობრივად აღრიცხული, შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის №3213 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად დადგენილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის საბაზრო ღირებულება დადგინდა 1 452 934 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულების დათვლა. ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღწერის მასალებზე დაყრდნობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის-2025 პირველი თებერვლისთვის დადგინდა სმფ-ის ნაშთის თვითღირებულება და შესაბამისად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ). თავის მხრივ რპთ დაიყო 11 სასაქონლო ჯგუფად შეძენაში მათი წილების პროპორციულად. ასევე, მთლიან რპთ-ში გამოიყო საცალო რეალიზაციის ნაწილი და მიყენებულ იქნა შემოწმებით დაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატები. თავის მხრივ, ფასნამატების მიყენებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები. შემოწმებით მიღებული დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები გადანაწილებულ იქნა შესაბამისი დაბეგვრის კატეგორიაში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, თუმცა ვერ ხდება საქონლის აღრიცხვა სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. ანგარიშებს ფლობს სს „---“ და სს „---ში“. საწარმო განთავსებულია ორ მაღაზიაში სადაც ფიქსირდება ხუთი სალარო აპარატი და ორი საბანკო ტერმინალი. საწარმოს შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. პირველ თემაში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის საფუძველზე, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა.
შემოწმებით დათვლილი შემოსავლისათვის გამოკლებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები და სხვა ხარჯები. ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებში დაფიქსირებული დანახარჯები ან/და შემოსავლები ასეთის არსებობის შემთხვევაში. გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.07.2025 წლის №15635 ბრძანება და №007-169 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 73 888 ლარით (გადასახადი 47 876, ჯარიმა 26 012). აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 10.06.2026 წლის №12747 ბრძანება და №007-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანება არ შეიცავდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატის კონკრეტულ საბოლოო რაოდენობრივ განსაზღვრას. ბრძანება შეიცავდა პირობით/შუალედურ დავალებას აუდიტის დეპარტამენტის მიმართ — არსებითად შეესწავლა კონკრეტული მტკიცებულებები და ცხრილი საქონლის ჯგუფების მიხედვით და მხოლოდ ამის საფუძველზე დაედგინა ფასნამატი. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა არ ეხება შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანებით უკვე გადაწყვეტილი საკითხის გადასინჯვას, არამედ ეხება იმას, სათანადოდ შეასრულა თუ არა აუდიტის დეპარტამენტმა ეს დავალება — რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების ხარისხის საკითხს და არა 304(2¹)-ის საგანს. ამ პოზიციას ადასტურებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 3¹ ნაწილიც, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს მომჩივნის უფლებას, დავის განმხილველ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ. თუ ნებისმიერი პრეტენზია აღსრულების ხარისხზე ავტომატურად ექცეოდა 304(2¹)-ის მოქმედების ფარგლებში, 3¹ ნაწილი დაკარგავდა პრაქტიკულ მნიშვნელობას. 2. დასაბუთების არარსებობა გასაჩივრებულ №16710 ბრძანებაში №16710 ბრძანება შემოიფარგლება საბოლოო ციფრების (78.3%→59.2%, 56.1%→47.6%) კონსტატაციით, თუმცა არ შეიცავს პასუხს არცერთ კონკრეტულ არგუმენტზე, რომელიც მომჩივანმა წარადგინა №20415 ბრძანების შესრულების ფარგლებში, კერძოდ:
ა) არ ჩანს, გამოირიცხა თუ არა 2025 წლის ფასნამატის მონაცემები 2024 წლის რეალიზაციების გაანგარიშებიდან; ბ) არ ჩანს, ცალკე იქნა თუ არა განხილული ახალი სავაჭრო ობიექტის (გახსნილი 2024 წლის 28 დეკემბერს, საანგარიშო წელს ფუნქციონირებული მხოლოდ 4 დღე) სეზონური, არა წარმომადგენლობითი ფასნამატი ძველი ობიექტის წლიური მაჩვენებლისგან განცალკევებით;
გ) №20415 ბრძანების „ა“ ქვეპუნქტით პირდაპირ იყო მოთხოვნილი ცხრილი საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ — თუმცა №16710 ბრძანება არ შეიცავს ამ ცხრილის შედეგებს ან მის ანალიზს, არამედ მხოლოდ ერთ საერთო შეწონილ მაჩვენებელს.
4 ამგვარი, არსებითი მსჯელობის გარეშე გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლით დადგენილ სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
3. მტკიცების ტვირთის დაუსაბუთებელი გადატანა მომჩივანზე №16710 ბრძანება მიუთითებს, რომ მომჩივანი „ვერ უთითებს“ კონკრეტულად, რომელ ნაწილში არ მოხდა №20415 ბრძანების აღსრულება.
მომჩივანს ობიექტურად არ გააჩნია წვდომა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ გაანგარიშების სრულ მეთოდოლოგიაზე (მათ შორის, საქონლის ჯგუფების მიხედვით გაანგარიშებულ ცხრილზე), რომლის წარმოდგენაც თავად №20415 ბრძანებით იყო განსაზღვრული, როგორც აუდიტის დეპარტამენტის ვალდებულება. შესაბამისად, დასაბუთების ტვირთის სრული გადატანა მომჩივანზე, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარეშე, არღვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
საწარმოს მიერ მოთხოვნილი იქნა აღნიშნული აუდიტორისგან საქონლის ჯგუფების მიხედვით გაანგარიშებული ცხრილი (იხ. დანართი - განცხადება 2.07.2026წ.) თუმცა აუდიტორისგან, მიიღო უტაქტო ხმამაღალი ხმით, პასუხი სატელეფონო ზარის საშუალებით: „მე ვალდებული არ ვარ რომ შედეგები გამოგიგზავნოო, აიღე კალკულატორიო და მიხვდები დღგ რამდენი დაგაკლდაო“, რის შემდეგაც წერილობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს კანცელარიას.
4. ფორმალური ხასიათის მსჯელობა №16710 ბრძანება იმოწმებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილს დისტანციური/დაუსწრებელი განხილვის შესახებ — საკითხს, რომელიც არცერთ ეტაპზე არ ყოფილა სადავო მომჩივნის მხრიდან. ეს მიუთითებს გადაწყვეტილების შაბლონურ ხასიათზე და აძლიერებს არგუმენტს, რომ საჩივარი არ იქნა განხილული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით.
აუდიტორმა, როგორც შემოწმებისას ასევე გადაანგარიშების ეტაპზე არ შეისწავლა არ გამოიკვლია არსებითი გარემოებები. დეკლარირებული მაჩვენებლებით იკითხება, რომ კონკრეტულად 2025 წლის იანვრის თვეში დღგ-ს დეკლარაციით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული იყო 102,473 ლარი დღგ-ის გარეშე, ნაცვლად 76,134 ლარისა. (102,473-76,134=26,339 ლარი) ანუ შეცდომით დეკლარირებული იყო 26,339 ლარით მეტი შემოსავალი, 2025 წლის იანვრის თვეში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 45,213 ლარს, რაც უტყუარად დასტურდება პროგრამა აპექსის ჩანაწერებიდან. ასევე ბუღალტრის შეცდომა მტკიცდება კომპანიის პორტალზე არსებული უტყუარი მონაცემებით. სასაქონლო ზედნადებებიდან, საბანკო ანგარიშზე მიღებული და სალაროში მიღებული თანხების ოდენობიდან, რაც ასევე დასტურდება პროგრამა აპექსით, ჭკვიანი ტერმინალით და სალაროებით. ანუ შემოწმების დაწყებამდეც კომპანიას ტექნიკური შეცდომით ჰქონდა დეკლარაცია წარდგენილი, გაზრდილი შემოსავლით, რომელიც არანაირ ლოგიკურ კავშირში არ იყო რეალურად მიღებულ თანხებთან და წარმოადგენდა ბუღალტრის ტექნიკურ შეცდომას. შემმოწმებლის მიერ 2025 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილი იქნა 139,948 ლარამდე. შედეგად, გაყიდული საქონლის თვითღირებულების შემმოწმებლის მიერ დაფიქსირებულ შემოსავალთან შესაბამისობაში გამოდის 209% იანი ფასნამატი. რაც წარმოადგენს ანომალიურ გადახრას და საჭიროებს კორექტირებას. გადაანგარიშების დროს შემმოწმებელმა გარკვეული ტიპის პროდუქციათა ჯგუფებზე ფასნამატები გაზარდა, რაც ეკრძალება. მოითხოვა გადაანგარიშების ცხრილი და არ წარუდგინეს. არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე ჯგუფების ფასნამატის პროცენტის გაზრდას, რაც იწვევს გადასახადების დამძიმებას. კერძოდ:
სადღესასწაულო ნივთები, რომლებიც გაყიდული იყო საშუალოდ 75%-იან ფასნამატში (რაც ედრებოდა ინვენტარიზაციის ფასნამატსაც) გაუგებარი მიზეზებით გააზარდა 88-98% პროცენტებამდე, რამაც გამოიწვია საგადასახადო დარიცხვის გაზრდა და შესაბამისად გადამხდელის მდგომარეობის დამძიმება. რაც ეკრძალება აუდიტორს.
გაორმაგდა ფასნამატი ბავშვთა მოვლის (დასაბეგრი-დაუბეგრავი) საშუალებებზე და ნაცვლად თავისივე მიყენებული 40%-ისა გამოიყენეს 83% პროცენტი, რითაც ასევე დამძიმდა საგადასახადო დარიცხვა.
სადღესასწაულო აქსესუარები - 88% ის ნაცვლად გახდა 98%
საოჯახო ქიმია 34%-ის ნაცვლად გახდა 52%
ქაღალდი (ხელსახოცი) 34%-ის ნაცვლად გახდა 35% 2024 წლის მარტის თვეში ჩაატარა აღწერა, შიდა ინვენტარიზაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა სასაქონლო დანაკლისი არსებითი ოდენობით, რის გამოც სარეალიზაციო ფასით მოხდა მისი მხრიდან არსებული სხვაობის დადგენა და აღნიშნული თანხა ამოარტყა სალარო აპარატში 19/03/2024 ჩეკი 757 და დღგ-ით დაბეგვრა, რაც მტკიცდება დეკლარირებული თანხებითაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 298-ე, 304-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვს: 1. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივლისის №16710 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 2¹ ნაწილი არასწორად იქნა გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების ხარისხთან დაკავშირებულ დავაზე, და საქმე დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს №20415 ბრძანების სრულყოფილი აღსრულებისთვის — მათ შორის, მომჩივანს გადაეცეს გაანგარიშების საქონლის ჯგუფების მიხედვით შედგენილი ცხრილი.
2. ალტერნატიული მოთხოვნა: ყველა წლის რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნეს მის მიერ დეტალურად გაშიფრული სადღესასწაულო პროდუქციის სარეალიზაციო ფასნამატი 75%.
3. ალტერნატიული მოთხოვნა: შესამოწმებელ პერიოდში გადაანგარშების ეტაპზე არ მოხდეს დარიცხვის დამძიმება და ფასნამატის პროცენტის გაზრდა.
4. ალტერნატიული მოთხოვნა: გათვალიწინებული იქნეს 2025 წლის იანვრის თვის ტექნიკური შეცდომა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილისა და შემოწმების მიერ დამატებითი შესწავლის საფუძველზე გაანგარიშდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატი.
შემოწმების ეტაპზე 2024 წლის შემოსავალი დათვლილი იყო ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატებით, რომლის საშუალო შეწონილი მაჩვენებელიც შეადგენდა 78.3%-ს და გადაანგარიშებით აღნიშნული განისაზღვრა 59.2%-ით. 2024 წლის ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის საშუალო შეწონილი ფასნამატის ცვლილება 56.1%-დან 47.6% მაჩვენებლამდე. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), სულ 73 888 ლარით. კერძოდ, დღგ შემცირდა 19 417 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 28 459 ლარით. ორივე გადასახადის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული სანქცია შემცირდა 26 012 ლარით.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2026 წლის №78512-21-14 წერილის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაიყო 11 სასაქონლო ჯგუფად შეძენაში მათი წილების პროპორციულად. ასევე მთლიან რპთ-ში გამოიყო საცალო რეალიზაციის ნაწილი და მიყენებულ იქნა შემოწმებით დაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატები. თავის მხრივ ფასნამატების მიყენებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები. შემოწმებით მიღებული დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები გადანაწილებულ იქნა შესაბამისი დაბეგვრის კატეგორიაში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად თითოეული წლის მიხედვით. კერძოდ, 2022 წელს საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს - 37,38%; 2023-37,20%; 2024-78,25% და 2025-75,34%. (საშუალო 56,23%). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ის ჯგუფი რომელშიც რპთ-ს ყველაზე დიდი წილი უკავია („სამზარეულო“ -26,89%, „საოჯახო ქიმია“-15,30%, „ჰიგიენა“-11,49%) გავრცელებულია გადამხდელის მიერ გაშიფრული მისივე დოკუმენტური ფასნამატი.
ასევე გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილია სამუშაო საბოლოო შედეგების ამსახველი ცხრილი. ამასთანავე, გადამხდელის ოფიციალური წარმომადგენლი აქტიურად იყო ჩართული შემოწმების პროცესში. გადასახადის გადამხდელი აუდიტორებს შეხვდა ექვსჯერ. შემოწმების საბოლოო შედეგების ფორმირებამდე საკითხები თემატურად და რიცხობრივად გავლილია გადასახადის გადამხდელთან, როგორც აუდიტის დეპარტამენტში, ისე სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის გზით.
შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების დირექტორმა წარადგინა წერილობითი პოზიცია, რომლის მიხედვით ეთანხმება შემოწმებისას გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდს და საქონლის ჯგუფებზე მიყენებულ ფასნამატებს. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის წლის №20415 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილისა და შემოწმების მიერ დამატებითი შესწავლის საფუძველზე გაანგარიშდა 2024 წლის დოკუმენტური ფასნამატი.
შემოწმების ეტაპზე 2024 წლის შემოსავალი დათვლილი იყო ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატებით, რომლის საშუალო შეწონილი მაჩვენებელიც შეადგენდა 78.3%-ს და გადაანგარიშებით აღნიშნული განისაზღვრა 59.2%-ით. 2024 წლის ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის საშუალო შეწონილი ფასნამატის ცვლილება 56.1%-დან 47.6% მაჩვენებლამდე. შედეგად, დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), სულ 73 888 ლარით. კერძოდ, დღგ შემცირდა 19 417 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 28 459 ლარით. ორივე გადასახადის მიხედვით დარიცხული სანქცია შემცირდა 26 012 ლარით.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წერილის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაიყო 11 სასაქონლო ჯგუფად შეძენაში მათი წილების პროპორციულად. ასევე მთლიან რპთ-ში გამოიყო საცალო რეალიზაციის ნაწილი და მიყენებულ იქნა შემოწმებით დაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატები. თავის მხრივ ფასნამატების მიყენებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები. შემოწმებით მიღებული დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები გადანაწილებულ იქნა შესაბამისი დაბეგვრის კატეგორიაში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად თითოეული წლის მიხედვით. კერძოდ, 2022 წელს საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს - 37,38%; 2023-37,20%; 2024-78,25% და 2025-75,34%. (საშუალო 56,23%). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ის ჯგუფი რომელშიც რპთ-ს ყველაზე დიდი წილი უკავია („სამზარეულო“ -26,89%, „საოჯახო ქიმია“-15,30%, „ჰიგიენა“-11,49%) გავრცელებულია გადამხდელის მიერ გაშიფრული მისივე დოკუმენტური ფასნამატი.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №20415 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 21.