გადაწყვეტილება №22921/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22921/2/2024
13 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 19.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22921/2/2024).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №ELC31296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №ELC31297 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №ELC31298 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №ELC31299 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №ELC31300 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
6. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7271 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მონაცემებით, 10.08.2023 წელს მომჩივნის სახელზე შემოტანილ 5 სატრანსპორტო საშუალებაზე დაირღვა გამოცხადების/დეკლარირების ვადა:
1. სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------; სატრანზიტო № ----------) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 10.08.2022 წელს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 9.10.2022 2022 წელი;
2. სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------; სატრანზიტო № ----------) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 10.08.2022 წელს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 9.10.2022 2022 წელი;
3. სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------; სატრანზიტო № ----------) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 10.08.2022 წელს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 9.10.2022 2022 წელი;
4. სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------; სატრანზიტო № ----------) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 10.08.2022 წელს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 9.10.2022 2022 წელი;
5. სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------; სატრანზიტო № ----------) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 19.08.2022წელი და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 18.10.2022 წელი.
აღნიშნულ ვადებში ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მათი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №ELC31296, №ELC31297, №ELC31298, №ELC31299 და №ELC31300 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით (თითოეული სამართალდარღვევისათვის 1 000 ლარი).
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.04.2024 წლის №7271 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ავტომობილები, რომელთა დეკლარირების ვადის დარღვევის გამოც დაჯარიმდა, არის სხვისი საკუთრება და მომჩივანს შემოაყვანინეს მოტყუებით, თაღლითური გზით. აპირებს მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს დაზარალებულის სტატუსი, რათა აღნიშნული ავტომობილები მოიხსნას მისი მფლობელობიდან.
მომჩივანი ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8 716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
სადავო საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, მოჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ 10.08.2023 წელს მომჩივნის სახელზე შემოტანილ 5 სატრანსპორტო საშუალებაზე დაირღვა გამოცხადების/დეკლარირების ვადა.
მომჩივნის განმარტებით, ავტომობილები, რომელთა დეკლარირების ვადის დარღვევის გამოც დაჯარიმდა, არის სხვისი საკუთრება და მომჩივანს შემოაყვანინეს მოტყუებით, თაღლითური გზით. აპირებს, მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს დაზარალებულის სტატუსი, რათა აღნიშნული ავტომობილები მოიხსნას მისი მფლობელობიდან.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მონაცემებით, 10.08.2023 წელს მომჩივნის სახელზე შემოტანილ 5 სატრანსპორტო საშუალებაზე დაირღვა გამოცხადების/დეკლარირების ვადა. აღნიშნულ ვადებში ასევე არ განხორციელებულა ავტომობილების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით (თითოეული სამართალდარღვევისათვის 1 000 ლარი).
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;71(1,2);165;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.