ბრძანება N 4652
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4652
13.03.2023
------------ მოქალაქე ----------ს (პას/ნ --------------)
(მის: ------------------------)
2023 წლის 31 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა ------------ს (პას/ნ -------------) №16855/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 იანვრის №EL196659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არის ირანის მოქალაქე, არ იცის ქართული წერა-კითხვა და საქართველოს კანონმდებლობა. შესაბამისად არ იყო ინფორმირებული თანხის დეკლარირების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან საჩივრის ავტორს საკუთრებაში ჰქონდა ბინა, რომლის რეალიზაციით მიიღო აღნიშნული თანხა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საჩივარს ახლავს. ამასთან, ბინის რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილი ასესხა მის მეგობარს, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება ასევე ახლავს საჩივარს. არ იცოდა საზღვარზე თუ შეექმნებოდა პრობლემა, თორემ დეკლარირება მარტივი პროცედურაა და აუცილებლად განახორციელებდა, მით უფრო როცა დეკლარირება თანხის გადახდასთან არ არის დაკავშირებული.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან მის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 9 იანვარს, რეისით (I3-6612) - თბილისი-თეირანი მიფრინავდა ---------- მოქალაქე - ----------- (პას/ნ --------). საავიაციო უსაფრთხოების მიზნით და საავიაციო უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, (საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების შემდგომ) მოხდა ---------ს და მისი კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა დაუდეკლარირებელი თანხა კერძოდ 46 400 აშშ დოლარი, რამაც ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის ეკვივალენტით შეადგინა 125 614,08 ლარი. აღნიშნულზე შედგა დათვალიერების ოქმი 69001/000004.
ვინაიდან, ----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტს, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 9 იანვარს, შედგენილ იქნა №EL196659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------------ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა (10%-ის) 125 614,08 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა ---------------ს მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს (საგადასახადო დავალება №----).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადჰენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
aმავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად გატანას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (169-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მომჩივნისთვის დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------------ს (პას/ნ-----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.