გადაწყვეტილება №22924/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22924/2/2024
18 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 22.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22924/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 მარტის №006-59 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 აპრილის №7366 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 662 717 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 416 549
დღგ - 213 447
მიწა - არასასოფლო - 930
საშემოსავლო გადასახადი - 182 658
ქონების გადასახადი - 19 514
ჯარიმა - 205 535
საურავი - 40 633
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
საწარმო დაფუძნებულია 2013 წლის 24 სექტემბერს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარ ფართში სურსათით ვაჭრობა ----------ში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6490 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო მარაგების აღსარიცხად იყენებს პროგრამა „1C“. გააჩნია 3 სალარო აპარატი. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა კომპანიის კუთვნილ ობიექტზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (შედეგების გამოყვანის გარეშე), ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისთვის. 2023 წლის 19 აპრილს საწარმოს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა 398 413 ლარის საქონელი, ხოლო ფაქტობრივად აღმოჩენილია 143 029 ლარის თვითღირებულების ნაშთი. აღნიშნული სხვაობის საქონლის რეალიზაცია ბუღალტრულად აღრიცხული არ ჰქონდა გადამხდელს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 49-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ზემოთხსენებული საქონლის ნაშთის სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა კომპანიის გაცხადებული ფასნამატი - 27%, რაც დასტურდება საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამით. შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი ბრუნვა გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლებით საქონლის მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შესამოწმებელი პერიოდის ზოგიერთ თვეში საწარმოს დღგ-ის დეკლარაციები (დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი თანხები) წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას გააჩნია საქონლის მოძრაობის ამსახველი პროგრამა, სადაც ყოველდღიურ ჭრილში ჩანს საქონლის მოძრაობა: შეძენა-რეალიზაცია დასახელებების მიხედვით. აღნიშნულ თვეებში საქონლის რეალიზაციამიწოდება, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ დაუბეგრავს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლებით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების რეესტრის მიხედვით, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა დღგ-ის თანხა, რომლებიც კომპანიას დეკლარაციით არ ჰქონდა მიბმული და ჩათვლილი.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დაქირავებული ჰყავს რამდენიმე ათეული თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვებით. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული, აღნიშნულ პირზე სალაროდან გადახდები სრულად არ არის დაბეგრილი. წარდგენილი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმების მიერ დათვლილ მონაცემებსა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება დაბეგრილი არ აქვს. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები, შენობანაგებობა და მიწა, რომელიც არ დაუდეკლარირებია. საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 203-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24664 ბრძანება და №006-489 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 798 501 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანება 28.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 23.02.2024 წლის №21752/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის დასკვნა, 29.02.2024 წლის №4569 ბრძანება და 1.03.2024 წლის №006-59 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 114 525 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 662 717 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 3.04.2024 წლის №7366 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტით კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის ძირითადად გამოწვეულია დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დასაბეგრ ოპერაციებს შორის სხვაობებით. აღნიშნული სხვაობების გამომწვევი მიზეზი სამწუხარო შეცდომაა. ჯამურად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხული გადასახადი შეადგენს 416 549 ლარს. დღეის მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო ბარათზე არსებული ზედმეტობა რომელიც შემოწმების პერიოდს მიეკუთვნება შეადგენს დაახლოებით 320 000 ლარზე მეტ თანხას. თუ დარიცხვას დავაკლებთ ბარათზე არსებულ ზედმეტობას, საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული გადასახადი სულ 100 000 ლარამდეა ნაცვლად 416 549 ლარისა. ანუ, კომპანიას აქვს გადახდილი კუთვნილი გადასახადები, მხოლოდ თანამშრომლის შეცდომის გამო არ მომხდარა გადასახადის სწორი დეკლარირება. ის გადასახადი, რაც რეალურად აქტით დაერიცხა კომპანიას, ძირითადად ორი საკითხის მიხედვით განხორციელებული დარიცხვაა, რასაც ეთანხმება მომჩივანი.
საწარმოს ძირითადი საქმიანობაა მცირე ზომის ე.წ. უბნის მაღაზიის ოპერირებაა. საბუღალტრო და საგადასახადო ანგარიშგების წარმოების მიზნებისთვის კომპანიას დაქირავებული ჰყავს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებას და დეკლარაციების წარდგენას შემოსავლების სამსახურში. როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმოს მენეჯმენტმა აღმოაჩინა, შესაბამისი თანამშრომელი პერიოდულად, სავადო თარიღებში აგზავნიდა ნულოვან დეკლარაციებს, ხოლო შემდგომ პერიოდებში ერთიანად ახდენდა მათ კორექტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მცირე ბიზნესი, კომპანიამ დაფუძნების პირველივე წლიდან დანერგა ბუღალტრული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც იგი ახდენდა ბუღალტერიის წარმოებას. მენეჯმენტი პერიოდულად იღებდა ინფორმაციას საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თუმცა შეუძლებელია სცოდნოდა ის ფაქტი, რომ საგადასახადო ორგანოში პერიოდულად იგზავნებოდა ნულოვანი დეკლარაციები, რადგან კომპანიის მენეჯმენტი ყოველი თვის 15 რიცხვის დადგომამდე იხდიდა ბუღალტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად გადასახდელ გადასახადებს. ის ფაქტი, რომ თანამშრომელი სავადო თარიღებში აგზავნიდა ნულოვან დეკლარაციას მენეჯმენტმაც გაარკვია მხოლოდ საგადასახადო შემოწმების დროს.
რაც შეეხება დაზუსტების პრაქტიკას, მაგალითად, თუ შევხედავთ შემოწმების აქტის მე-19 გვერდს, ნათლად ჩანს, რომ დღგ-ის დეკლარაციები წარდგენილია 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მის შემდგომ პერიოდებში ფიქსირდება ნულოვანი მონაცემები. შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პერიოდის მიხედვითა არის გამოწვეული.
აღნიშნულ მიდგომას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით დეკლარაციებიც თავდაპირველად სავადო თარიღებში ნულოვანი იყო და მოგვიანებით ერთიანად მოხდა მათი დაზუსტება. მაგალითის სახით წარმოადგენს 2021 წლის პირველი 8 თვის დღგ-ის დეკლარაციებს, რომლებიც დაზუსტდა ერთად 2021 წლის 5 ოქტომბერს. იგივე 2021 წლის 5 ოქტომბერს დაზუსტდა 2020 წლის ყველა დღგ-ის დეკლარაცია და ასევე 2019 წლის ნაწილის დეკლარაციები, რომლებიც სავადო თარიღებში ასევე ნულოვანი იყო წარდგენილი.
სამწუხაროდ, ანალოგიური შეცდომები იყო დაშვებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, რომელთა ნაწილი ნულოვანი დეკლარირების გზით იყო წარდგენილი, თუმცა შესაბამისი გადასახადი გადახდილი ჰქონდა კომპანიას და საწარმოს თანამშრომელი გეგმავდა მათ დაზუსტებას.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავადო თარიღებში ხდებოდა ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა, კუთვნილი გადასახადის თანხების გადახდა საგადასახადო ბარათზე დროულად ხდებოდა. შედეგად, 2020 წლის შემდგომ ბარათზე დაგროვილი ზედმეტობა ზუსტად იმ თანხასთან არის შესაბამისობაში, რაც შემოწმების შედეგად დაერიცხა კომპანიას ნულოვანი დეკლარაციების მიხედვით, რომელთა დაზუსტებაც ვერ მოესწრო შემოწმებამდე. კერძოდ, მოცემულია საწარმოს საგადასახადო ბარათი, სადაც დაგროვილი ზედმეტობა შეადგენს 310 000 ლარზე მეტს, ხოლო ძირი თანხა, რომელიც ნულოვანი დეკლარაციების მონაცემების მიხედვით შემოწმებისას დაერიცხა კომპანიას, შესაბამისობაშია სწორედ ამ გადახდილ თანხებთან.
ყოველივე აქედან გამომდინარე, დასტურდება, რომ საწარმო არ აპირებდა გადასახადის დამალვას, მას გადახდილი აქვს გადასახადი ფაქტობრივად სრულად. კომპანიის ხელმძღვანელობა არ ყოფილა ინფორმირებული ზემოთ მოცემული დეკლარირების პრაქტიკის შესახებ და იხდიდა კუთვნილ გადასახადს, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის ნაწილში. საწარმოს აქვს სრულად წარმოებული ბუღალტერია, იყენებს შესაბამისი წესით რეგისტრირებულ სამ სალარო აპარატს, რომელიც სინქრონულად აისახება შემოსავლების სამსახურის პორტალზე. კომპანია არასდროს არ ყოფილა დაჯარიმებული სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე და გაყიდვებს აღრიცხავს თანამედროვე სისტემების მიხედვით, რაც გულისხმობს ე.წ. სკანერის საშუალებით შტრიხ-კოდებით პროდუქციის რეალიზაციას. კომპანიას სრულად აქვს ასახული ყველა რეალიზაციის ოპერაცია, როგორც სალარო აპარატებში, ასევე საბუღალტრო ჩანაწერებში. მომჩივანმა მიაწოდა ყველა ტიპის ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების გუნდს სრულად (რის საფუძველზეც მოხდა გადასახადების დარიცხვა) და ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ბუღალტერია და დოკუმენტაცია სწორია, ასევე დასტურდება შემოწმების აქტითაც, რომელიც სრულად დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას.
არაგონივრული და წარმოუდგენელია კომპანიას ჰქონოდა გადასახადის დამალვის მცდელობა და ამავდროულად მისი შემოსავლები იმავე წამში აისახებოდეს შემოსავლების სამსახურში სალარო აპარატის მეშვეობით, მისი ყველა შესყიდვა ფიქსირდებოდეს rs.ge პორტალზე და ამავდროულად იხდიდეს გადასახადს.
საგადასახადო შემოწმების აქტით გამოწვეული დარიცხვები სამწუხაროდ სრულად ადამიანური შეცდომით არის გამოწვეული. წინა პერიოდების პრაქტიკის გათვალისწინებით (სამწუხაროდ, რომლის არსებობაც კომპანიის ხელმძღვანელობისთვის უცნობი იყო) საწარმოს ბუღალტერი აპირებდა დეკლარაციების დაზუსტებას, თუმცა, შემოწმების ჩანიშვნის გამო ვეღარ მოხერხდა ნულოვანი დეკლარაციების კორექტირება, რამაც გამოიწვია ჯარიმების დაკისრება.
აქედან გამომდინარე, ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლება და გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციისგან, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლი არაერთი გარემოების გათვალისწინებით სახეზეა, რომ კომპანიას არ ჰქონია გადასახადის დამალვის რაიმე მცდელობა ან მიზანი და გამოწვეული უზუსტობა მხოლოდ ადამიანური შეცდომის შედეგია.
ამასთან, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 აპრილის №7366 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე შემოწმების დასრულების შემდგომ გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ ჰქონდა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. გადაანგარიშებით განხორციელდა ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინება, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის შემცირება.
- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესამოწმებელ პერიოდში თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების მონაცემები ცხრილის სახით. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, შეუდარდა საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებულ მონაცემებს და გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი. შესაბამისად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 114 525 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 77 924 ლარი, ჯარიმა - 36 601 ლარი.
გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 მარტს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 3.04.2024 წლის №7366 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურის 3.04.2024 წლის №7366 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 27 ოქტომბერს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურმა განიხილა 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის 2024 წლის 21 მარტის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული საჩივარი ეხებოდა ე.წ. გადაანგარიშებული მოთხოვნის ფარგლებში კომპანიის მიმართ დაკისრებული ჯარიმის პატიებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. გამომდინარე იქედან, რომ ხსენებული მოთხოვნა იყო გადაანგარიშებული და დარიცხული თანხები შემცირებული პირველად მოთხოვნასთან შედარებით, ხელახლა ითხოვდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებას შემოსავლების სამსახურის მიერ და მიაჩნია, რომ აღნიშნული მიზეზის გამო საჩივარი არ უნდა დარჩენილიყო განუხილველი და შემოსავლების სამსახურს უნდა ემსჯელა მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრის მართებულობაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 მარტს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 3.04.2024 წლის №7366 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. - გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე შემოწმების დასრულების შემდგომ გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ ჰქონდა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. გადაანგარიშებით განხორციელდა ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინება, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის შემცირება. - გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესამოწმებელ პერიოდში თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების მონაცემები ცხრილის სახით. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, შეუდარდა საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებულ მონაცემებს და გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი. შესაბამისად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 114 525 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 77 924 ლარი, ჯარიმა - 36 601 ლარი. გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 მარტს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 3.04.2024 წლის №7366 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 201; 203; 275; 304(21).