ბრძანება N 2246
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2246
07 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2024 წლის 18 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა ფ/პ --------- (პ/ნ ------------) №86875/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-436 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი ჰქონდა ნულოვანი დეკლარაცია, რომლის დაზუსტებასაც აპირებდა გარკვეული მონაცემების დაზუსტების შემდგომ. აუდიტის დეპარტამენტმა ქონების ღირებულების ანგარიშისას იხელმძღვანელა უძრავი ქონების შეძენისას მასში გადახდილი თანხით, რაც დაფიქსირდა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. განმარტავს, რომ ბინის შეძენისას ღირებულება მოიცავდა მასში არსებული 100 000 ლარის ღირებულების ძვირფას ავეჯსაც. შესაბამისად შემოწმების მიერ ბინის საბაზრო ფასი არ არის ადეკვატურად განსაზღვრული და იგი საგრძნობლად ნაკლებია აქტში ხსენებულ ქონების დასაბეგრ ღირებულებაზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მზად არის ითანამშრომლოს აუდიტორებთან და მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია რათა მოხდეს უძრავი ქონების ღირებულების სწორად განსაზღვრა.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავი მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი დეკემბრის №30096 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---------- (პ/ნ --------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 დეკემბერს გამოსცა №33695 ბრძანება და №007-436 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 953 ლარით მათ შორის: გადასახადი 4 570 ლარი, ჯარიმა 2 285 ლარი და საურავი 98 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია 2023 წლის დეკლარაციის ნაწილში. შემოსაველების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ ---------- 2022 წლის მონაცემებით უფიქსირდება შემოსავალი 100 000 ლარზე მეტი ოდენობით. შემოწმებით განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსაველების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ ----------- 2022 წლის მონაცემებით უფიქსირდება შემოსავალი 100 000 ლარზე მეტი ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ --------- (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი აღნიშნავს, რომ მზად არის ითანამშრომლოს აუდიტორებთან და მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია რათა მოხდეს უძრავი ქონების ღირებულების სწორად განსაზღვრა.
2.გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავი მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია 2023 წლის დეკლარაციის ნაწილში. 2022 წლის მონაცემებით, მომჩივანს უფიქსირდება შემოსავალი 100 000 ლარზე მეტი ოდენობით. შემოწმებით განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201(1);202(5);270(1);275(2);272(1);