გადაწყვეტილება №24849/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24849/2/2025
26 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "---------" (ს/ნ "---------" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "---------" -ის 28.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24849/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.12.2024 წლის №EL268856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.12.2024 წლის №26393 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 11 881.18 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
1.12.2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-------“ (--------) ჩამოფრენილი მომჩივანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რაც ნიშნავს, პირი არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საბაჟო ორგანოს მიერ მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, მითითებულ პირს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 34 300 აშშ დოლარი და 8 000 ევრო, რამაც მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა - 118 811.18 ლარი.
გამოვლენილ ფაქტზე 1.12.2024 წლის №EL268856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 11 881.18 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.12.2024 წლის №26393 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სგპ „---------“ მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. გამომდინარე აქედან, მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, მოფრინავდა დოჰადან საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც არავის გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ ვინაიდან თან ჰქონდა 34 300 აშშ დოლარი და 8 000 ევრო, უნდა ესარგებლა წითელი დერეფნით და მოეხდინა დეკლარირება. მომჩივანმა არცოდნის გამო, საბაჟო ტერიტორია დატოვა მწვანე დერეფნის გავლით ისევე, როგორც ყველა სხვა მგზავრმა. საბაჟო ორგანომ შეამოწმა, რა დროსაც ჩამოერთვა ხელთ არსებული თანხა და განემარტა, რომ ვინაიდან არ უსარგებლია წითელი დერეფნით, ექვემდებარებოდა დაჯარიმებას 11 881.18 ლარის ოდენობით. არ ფლობდა ინფორმაციას თანხის დეკლარირების აუცილობლობის თაობაზე. ჩამორთმეული თანხა დაუბრუნდა, თუმცა ითხოვს ჯარიმის (11 881.18 ლარი) ჩამოწერას, ვინაიდან აღნიშნული თანხა საქართველოს ბანკის საკრედიტო ვალდებულების დასაფარად გამოიყენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
ამავე ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია, ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა), დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია, დაათვალიეროს ფიზიკური პირი, განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ დამალული საქონლის მგზავრის მიერ ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
მომჩივნის განმარტებით, მოფრინავდა დოჰადან საქართველოს მიმართულებით, არცოდნის გამო, საბაჟო ტერიტორია დატოვა მწვანე დერეფნის გავლით ისევე, როგორც ყველა სხვა მგზავრმა. მისთვის არ იყო ცნობილი თანხის დეკლარირების აუცილებლობის თაობაზე. ჩამორთმეული თანხა დაუბრუნდა, თუმცა ითხოვს ჯარიმის (11 881.18 ლარი) ჩამოწერას, ვინაიდან აღნიშნული თანხა საქართველოს ბანკის საკრედიტო ვალდებულების დასაფარად გამოიყენა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 10.03.2025 წლის №------- წერილი, სადაც აღწერილია ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულია რომ მომჩივანს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული 34 300 აშშ დოლარი და 8 000 ევრო, რამაც მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა - 118 811.18 ლარი, რომლის გადაადგილება საბაჟო საზღვარზე ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას.
მომჩივანი მიუთითებს კანონმდებლობის არცოდნაზე, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება მომჩივნის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნი ითხოვს ჯარიმის ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „დოჰა-თბილისი“ ჩამოფრენილი მომჩივანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რაც ნიშნავს, პირი არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საბაჟო ორგანოს მიერ მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, მითითებულ პირს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული.
რამაც მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა - 118 811.18 ლარი.
გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,169(3).