ბრძანება N 10842
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10842
16.05.2023
შპს „---------“-ს (ს/ნ ----------)
(მის.: ქ. -------------)
2023 წლის 12 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „---------“-ს (პ/ნ ---------) №64511/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №21-10-21/12276 გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება 2023 წლის 14 თებერვლის №21-10-21/12276 გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ კომპანიის სახელზე დეკლარირებულ იქნა 3 ერთეული -------ს მანქანა 87038010 სეს ესნ კოდით, რაც ითვალისწინებს დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივნისთვის გაუგებარია, რატომ დაიბეგრა სატრანსპორტო საშუალებები დღგ-ით, მაშინ როდესაც ინვოისში და წარმოშობის სერთიფიკატში ტვირთის დასახელება მითითებულია -------- car (-------ს მანქანა), ხოლო სეს ესნ-ის კოდად მითითებულია 8703 10 180, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან. შესაბამისად მიაჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს უნდა მინიჭებოდა სეს ესნ-ის 870310180 კოდი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს სეს ესნ კოდის შეცვლა და სატრანსპორტო საშუალებების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 21 ოქტომბერს შპს „--------“-ის (ს/ნ -------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე №11111/C155644 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 3 ერთეული -------ს ახალი მანქანა (------- CAR, ----- შას.ნ.------, ------, ------). მითითებული დეკლარაციის საფუძველზე შპს „--------“-ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 9341.70 ლარის ოდენობით.
შპს „--------“-მ (ს/ნ --------) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №198661/21-10-21 (01.11.2022) და №24312/21-11 (09.02.2023) განცხადებებით და მოითხოვა განმარტება №11111/C155644 (21.10.2022) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული -------ს მანქანების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №21-10-21/12276 წერილით შპს „--------“-ს ეცნობა, რომ დეკლარირებული საქონელი (-------ს მანქანები) არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს და მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე (იმპორტზე) არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.
შპს „--------“-ს საბაჟო დეპარტამენტის №21-10-21/12276 (14.02.2023) წერილით ეთქვა უარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე.
რაც შეეხება -------ს მანქანების დეკლარირებულისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში გაფორმების საკითხს, საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად ------ს ელექტრო მანქანები კლასიფიცირდება 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. ამასთან ერთად, ვინაიდან დეკლარირებული საქონელი არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს (მიუხედავად იმისა, დაკლასიფიცირდება სეს ესნ-ის 8703 80 100 00 თუ 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე (იმპორტზე) არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი მიუთითებს, რომ „საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია:
ტერმინი „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ (ავტომობილი) წარმოადგენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებს, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი, რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;
ტერმინი „გზა“ არის მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას);
ტერმინი „მსუბუქი ავტომობილი“ გულისხმობს არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებას (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდით გათვალისწინებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტი.
დადგენილია, რომ 2022 წლის 21 ოქტომბერს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე №11111/C155644 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 3 ერთეული -------ს ახალი მანქანა (------- CAR, ------- შას.ნ.-----, -------, ------). მითითებული დეკლარაციის საფუძველზე მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 9341.70 ლარი.
დადგნილია ასევე, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული 3 ერთეული ------ს ახალი მანქანა (------- CAR, ------ შას.ნ.------, -----, ------), არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილებს.
შემოსავლების სამსახური მოუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად ------ს ელექტრო მანქანები კლასიფიცირდება 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ვინაიდან, დეკლარირებული საქონელი არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს (მიუხედავად იმისა, დაკლასიფიცირდება სეს ესნ-ის 8703 80 100 00 თუ 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათი, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სეს ესნ-ის 8703 კოდში შემავალი მსუბუქი ავტომობილის დღგ-სგან გათავისუფლებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილით, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო 2023 წლის 14 თებერვლის №21-10- 21/12276 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება 2023 წლის 14 თებერვლის №21-10-21/12276 გადაწყვეტილებას.
ითხოვს დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს სეს ესნ კოდის შეცვლა და სატრანსპორტო საშუალებების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის სახელზე დეკლარირებულ იქნა 3 ერთეული გოლფის მანქანა 87038010 სეს ესნ კოდით, რაც ითვალისწინებს დღგ-ით დაბეგვრას. მითითებული დეკლარაციის საფუძველზე კომპანიას იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 9341.70 ლარის ოდენობით. კომპანიამ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებებით და მოითხოვა განმარტება. პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის წერილით კომპანიას ეცნობა, რომ დეკლარირებული საქონელი (გოლფის მანქანები) არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს და მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე (იმპორტზე) არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.
კომპანიას საბაჟო დეპარტამენტის №21-10-21/12276 (14.02.2023) წერილით ეთქვა უარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო 2023 წლის 14 თებერვლის №21-10- 21/12276 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173("ზ").
საქართველოს კანონი "საგზაო მოძრაობის შესახებ".
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის N 275 ბრძანება.