ბრძანება N 20378

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2024
№ დოკუმენტი 20378
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 20378

16 სექტემბერი 2024

ბრძანება

ი/მ „-------“-ს (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2024 წლის 20 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა ი/მ --------- (ს/ნ ----------) N91561/1/2024 და №91562/1/2024 საჩივრები, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის N70105-21-11 გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ დავალიანება სრულად არ ჩამოეწერა სავარაუდოდ იმიტომ, რომ 2021 წლის 29 იანვარს განახორციელა 2018 წლის ივნისის თვის დეკლარაციის დაზუსტება. თვლის, რომ დავალიანების ჩამოწერაზე უარი საფუძველს მოკლებულია, რადგან ის უკავშირდება 2018 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტში წარმოდგენილი 16.07.2024 წლის ID:----------- განცხადებით ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ითხოვდა დავალიანების ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ი/მ ---------- (ს/ნ ---------) გპაბ-ზე 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: დღგ-ში - 9251.56 ლარი, საშემოსავლო გადასახადში - 30504.81 ლარი, სხვა ჯარიმა - 600 ლარი და საურავი - 14054.66 ლარი, ასევე არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - სხვა ჯარიმა 26630.3 ლარი, რომელიც ჩამოწერის მომენტისათვის (22.07.2024წ) იყო აღიარებული.

ჩამოსაწერი დავალიანების თანხაში გათვალისწინებულ იქნა ი/მ ---------- (ს/ნ -----------) მიერ 29.01.2021 წელს წარმოდგენილი 2018 წლის მარტის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე შემცირებულია დღგ 12977 ლარით. არ იქნა გათვალისწინებული და არ დაექვემდებარა ჩამოწერას გადამხდელის მიერ 29.01.2021 წელს წარმოდგენილი 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული 40623 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული დღგ-ს თანხის გაუთვალისწინებლად ჩამოწერას დაექვემდებარა აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება: დღგ - 5136.01 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 22932.23 ლარი, სხვა ჯარიმა - 25977.96 ლარი და საურავი - 15617.09 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.

ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

ხოლო მე-15 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ------------ (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ი/მ-ეს 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც ჩამოწერის მომენტისათვის (22.07.2024წ) იყო აღიარებული. ჩამოსაწერი დავალიანების თანხაში გათვალისწინებულ იქნა ი/მ -ის მიერ 29.01.2021 წელს წარმოდგენილი 2018 წლის მარტის თვის დღგ-ის შესწორებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე შემცირებულია დღგ არ იქნა გათვალისწინებული და არ დაექვემდებარა ჩამოწერას გადამხდელის მიერ 29.01.2021 წელს წარმოდგენილი 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხა. შესაბამისად, 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე დამატებით დარიცხული დღგ-ს თანხის გაუთვალისწინებლად ჩამოწერას დაექვემდებარა აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);309(37);

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი