ბრძანება N 4115

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.03.2023
№ დოკუმენტი 4115
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4115

06.03.2023

შპს „------------“ (ს/ნ ------------)

(მის.: ქ. ----------------------------)

2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-------------”-ის (ს/ნ --------------) №27228/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №011-2023-021601 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 18 იანვარს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, რომ ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 აპრილის №005-60 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის №23979 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №17959/2/2022 გადაწყვეტილება. 13 თებერვალს კი კომუნიკატორის საშუალებით შემოსავლების სამსახურში წარადგინა სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და ითხოვა დავალიანების ასახვა არაღიარებულ დავალიანებაში. ამასთან, საქმის წარმოების პროგრამის მეშვეობით ატვირთულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების, დასაშვებად ცნობის და მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას და ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-----------”-ს (ს/ნ ------------) 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 293817.79 ლარი, ჯარიმა 83736 ლარი, საურავი 163947.2 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 9 თებერვლის №011-2023-021601 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს ჩამოეწერა 441885.48 ლარი.

2023 წლის 14 თებერვალს გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებების ბარათზე რიცხული სადავო საგადასახადო დავალიანება გადატანილი იქნა დროებით ბარათზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 მარტის მდგომარეობით შპს „-----------”-ს (ს/ნ ------------) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 356811.73 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 542139.30 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შპს „-----------”-ს (ს/ნ ------------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 აპრილის №005-60 საგადასახადო მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე №005-60 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა შეცდომით იყო ასახული (დროებითი ბარათის ნაცვლად, აღიარებულ ბარათზე), რომელიც 2023 წლის 14 თებერვალს ძირითადი ბარათიდან გადატანილ იქნა დროებით (არაღიარებულ) ბარათზე.

არასწორად ჩამოწერილი თანხების უკან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახური უთითებს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

ამავე ბრძანების 23-ე მუხლის თანახმად,„1. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

2. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის ან/და სანქციის თანხა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით;

ბ) არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის ან/და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიმართვის მომენტისათვის პირს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას არამართლზომიერად ჩამოწერილ და აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებს შორის დადებითი სხვაობის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო, 2022 წლის 28 აპრილის №005-60 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა შეცდომით იყო ასახული აღიარებულ ბარათზე (დროებითი ბარათის ნაცვლად), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №011- 2023-021601 საინკასო დავალებით შპს „-----------”-ს (ს/ნ ------------) საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოახდინოს საინკასო დავალებებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „-----------”-ს (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №011-2023-021601 ბრძანება შპს „-----------”-ს (ს/ნ ------------) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ მიჩნეულ იქნეს არამართლზომიერად;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოახდინოს საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.