ბრძანება N 3970
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3970
02.03.2023
შპს „--------“-ის (ს/ნ -------)
(ფაქტ. მის.: --------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №78021/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №006-557 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იურიდიული პირის ლიკვიდაციის მომენტში, საწესდებო კაპიტალში შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას და ამ ღირებულებასა და შეტანის დროს არსებულ ღირებულებას შორის სხვაობაზე, როგორც დივიდენდზე, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობას. ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირებას საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების (შპს „-------“-ის (ს/ნ -------) სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის შეფასების შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა) გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25330 საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 13 დეკემბრის №31357 ბრძანება და 2022 წლის 14 დეკემბრის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 87 978 ლარი, მათ შორის, გადასახადი 85 343 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 2 635 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------“ (ს/ნ -------) დაფუძნებულია 2008 წლის 20 მარტს. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შეფასებული იყო 97 000 ლარად. მიწა მდებარეობს"-------" და ფართობი შეადგენს 2.43 ჰექტარს. კომპანია გეგმავდა სანერგე მეურნეობის დაწყებას, თუმცა ვერ განახორციელა და მოითხოვა ლიკვიდაცია 2022 წლის 15 სექტემბერს. ლიკვიდაციის მომენტისთვის განხორციელდა მიწის საბაზრო ღირებულების შეფასება და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 8 ნოემბრის №56451/10/22 დასკვნით, მისი ღირებულება, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 455 000 ლარად. მიწის საბაზრო ღირებულებასა და საწესდებო კაპიტალში შეტანის დრო არსებულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა დამფუძნებლის მიერ მიღებულ დივიდენდად და დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე, 154-ე, 97-ე და 981 მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ამავე მუხლის მე-12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დივიდენდს არ მიეკუთვნება იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელს საჩივრის დანართად წარმოდგენილი აქვს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 9 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, "------" მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ --------) საბაზრო ღირებულება 2023 წლის 9 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 435 000 ლარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი
დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის
არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.