გადაწყვეტილება №18627/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18627/2/2023
17.02.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 10.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18627/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვის ხვედრითი წილის და ჩათვლილი თანხის კორექტირება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე; 3. შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-409 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №081-139 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33521 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
28.12.2021 წლის №081-409 საგადასახადო მოთხოვნა - 81 796 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 43 144
ჯარიმა - 12 679
საურავი - 25 973
3.08.2022 წლის №081-139 საგადასახადო მოთხოვნა - 86 475 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 43 144
ჯარიმა - 12 679
საურავი - 30 652
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-409 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №081-139 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33521 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 და 29.12.2022 წლის №33521 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შუალედური აქტით მოცულ პერიოდში (1.01.2018-1.01.2019), მომჩივნის მიერ წარდგენილი დღგის დეკლარაციების მიხედვით დღგ გადახდილი ადგილობრივი მომწოდებლებისათვის შეადგენს - 2 189 201 ლარს, ხოლო გადასახდელი დღგ ჩასათვლელი თანხის კორექტირებით შეადგენს სულ - 5 303 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო სასაქონლო ზედნადებით უკან დაბრუნებულ საქონელზე, რომელზედაც მანამდე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ჩათვლა, არ ახდენდა ჩათვლილი დღგ-ის აღდგენას. შესაბამისად დაკორექტირდა უკან დაბრუნებული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, შესაბამის პერიოდებში მიღებული დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების საფუძველზე საწარმოს კუთვნილმა დღგ-მა გადახდილი ადგილობრივი მომწოდებლებისათვის შეადგინა სულ - 2 223 912 ლარი და გადასახდელმა დღგ-მა ჩასათვლელი თანხის კორექტირებით შეადგინა სულ - 69 802 ლარი. მიღებული სხვაობით მოხდა დღგის დარიცხვა, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვის ხვედრითი წილის და ჩათვლილი თანხის კორექტირება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს უფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. ამასთან, გაუმიჯნავი დღგ-ის ჩათვლები წარმოებს პროპორციის დაცვის გარეშე. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ, გაანგარიშებულ იქნა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი და გაუქმებული იქნა გაუმიჯნავ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლები. ასევე, თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს (დეკემბერი) მოხდა თანხების გადაანგარიშება და გადაანგარიშებული შედეგები გათვალისწინებული იქნა ჩათვლებში. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 24.08.2022 წლის №86369-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 18.05.2022 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 18.05.2022 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 7.06.2022 წელი. ხოლო, საჩივარი (№2344/01) დავების განხილვის საბჭოში გამოგზავნილია ფოსტით 9.01.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
3. შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხის საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად პროპორციით გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების საფუძველზე ვერ წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირებულა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საკითხის ხელახალი შესწავლა დავალებული იყო შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში. ხოლო, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი მისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებებად მითითებული აქვს ისეთი მოთხოვნები, რაც გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეცდომით დაანგარიშებული თანხების კორექტირება. ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №081-139 საგადასახადო მოთხოვნა.
საზოგადოების ბუღალტერი, სასაქონლო ზედნადებით უკან დაბრუნებულ საქონელზე, რომელზედაც მანამდე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ჩათვლა, არ ახდენდა ჩათვლილი დღგ-ის აღდგენას, რასაც შეგნებულად არ აკეთებდა, ანუ ამას აკეთებდა შეცდომით/არცოდნის გამო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კომპანია უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან. ასევე, ბუღალტერს დაშვებული აქვს შეცდომები, კერძოდ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებზე არ აქვს ანგარიშ-ფაქტურები მოთხოვნილი, ასევე არ აქვს ჩათვლები სრულყოფილად ჩათვლილი, რის გამოც ვერ მოხდა სრულყოფილი ჩათვლა. ამჟამად კომპანია ამ შესაძლებლობას მოკლებულია, უნდა ჩაითვალოს ჩაუთვლელი თანხები, რათა მოხდეს ძირითადი გადასახადის შემცირება, რაც ასევე შეამცირებს საურავს.
აუდიტორს არასწორად აქვს დაანგარიშებული მომსახურებაზე გაწეული თანხების ჩათვლა, კომპანიის დაანგარიშებით ეს სხვაობა 5 000 ლარამდეა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტორს მომსახურების თანხებში შეყვანილი ჰყავს ოფისის შესყიდვის ანგარიშ-ფაქტურები, როგორც იჯარა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფაქტობრივად ქონების გამოსყიდვასთან და არა იჯარასთან აუდიტორს უნდა გამოეყენებინა ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები. ბასს-ით ასეთი მახასიათებლებია: აღქმადობა, შესაბამისობა, საიმედობა, შესადარისობა. საიმედობა ინფორმაციის სარგებლიანობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინფორმაცია საიმედოა, თუიგი არ შეიცავს არსებით შეცდომებს და არ არის ტენდენციური. ინფორმაცია საიმედოა ითვლება, თუ იგი შეცდომებსა და ისეთ მიკერძოებულ შეფასებებს არ შეიცავს, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიონ მომხმარებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არ ახდენს სამეურნეო საქმიანობის ფალსიფიკაციას. ინფორმაცია შეიძლება შესაბამისი, მაგრამ არასაიმედო იყოს. ასეთმა ინფორმაციამ მომხმარებელი შეიძლება მცდარ
გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს. ინფორმაციის საიმედობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: სამართლიანი წარდგენა, შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა, ნეიტრალურობა, წინდახედულობა, სისრულე. შინაარსის ფორმაზე აღმატებულება გულისხმობს, რომ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განიხილება მაშინაც კი, თუ მისი იურიდიული ფორმა სხვას ითვალისწინებს. მაშასადამე, ანგარიშგება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამართლებრივი ფორმის, არამედ ეკონომიკური რეალობის ამსახველ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ფაქტობრივად მომწოდებლის ბუღალტერიის და ასევე ჩვენი ბუღალტერიის შეცდომასთანაც, ის ოფისის გამოსყიდვის ანგარიშ-ფაქტურას იჯარად განიხილავდა და ანგარიშ-ფაქტურასაც ისე წერდა. ასევე, ამ შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლება და კომპანია გაათავისუფლოთ დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად პროპორციით გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების საფუძველზე არ წარადგინა დღგ-ის ჩათვლის და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირებულა.
ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12414 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.