ბრძანება N 15477

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2025
№ დოკუმენტი 15477
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15477

09 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (პ/ნ -----) (მის.: ქ. თბილისი, -----)

2025 წლის 12 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 53) განიხილა ----- (პ/ნ -----) N 96187/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის N EL285499 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული თანხის სავალდებულო დეკლარირებასთან დაკავშირებით. სამართლებრივი რეგულაციების უცოდინრობის გამო ჩაიდინა სამართალდარღვევა. მიუთითებს, რომ არავითარი განზრახვა არ ჰქონია და სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს პატიებას და შეფარდებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 20 მაისს რეისით თბილისი - სტამბულის (PC ---) მიფრინავდა -----. საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს ეცნობა, რომ ----- მიერ საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების გავლისას, მას აღმოაჩნდა გარკვეული რაოდენობის თანხა. აღნიშნულის შემდეგ სგპ „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" მებაჟე-ოფიცრის მიერ განხორციელდა ----- და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც შარვლის ჯიბეში აღმოჩენილ იქნა 22 885 ევრო, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 70 710.07 ლარი.

ვინაიდან ----- მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, სგპ თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 20 მაისს შედგენილ იქნა N EL285499 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა იმავე დღეს.

მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, ----- არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე არც საავიაციო უშიშროების თანამშრომლებთან განუცხადებია თანხის არსებობის შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ მომჩივანს საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების გავლისას, აღმოაჩნდა არადეკლარირებული 22 885 ევრო (70 710.07 ლარი ექვივალენტში). შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა 50 000 ლარზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აეროპორტის კონტროლის ზონაში (გაფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე არც საავიაციო უშიშროების თანამშრომლებთან განუცხადებია თანხის არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს პატიებას და შეფარდებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანს საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების გავლისას, აღმოაჩნდა არადეკლარირებული 22 885 ევრო (70 710.07 ლარი ექვივალენტში). გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირს შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა იმავე დღეს.

 

გადაწყვეტილება:

მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 169(2).