გადაწყვეტილება №19497/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.08.2023
№ დოკუმენტი 19497/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19497/2/2023

11 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19497/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №021-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7803 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 197 232 ლარი.

მათ შორის:

 

გადასახადი - 105 280

დღგ - 37 301

საშემოსავლო გადასახადი - 67 970

ქონების გადასახადი - 9

 

ჯარიმა - 52 445

საურავი - 39 507

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში, მაგრამ საქონლის აღრიცხვას და ჩამოწერებს ახორციელებს ჯამური ღირებულებით, გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით საქონლის აღრიცხვას ახორციელებდა ცალკე საბუღალტრო პროგრამაში, რომელიც დაზიანდა და შემოწმებისთვის მისი წარდგენა ვერ შეძლო. გადასახადის გადამხდელი იურიდიულ პირებს უწერს ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს მომსახურებაზე (სარეკლამო, მარკეტინგული). ვინაიდან არ იქნა წარდგენილი საჭირო ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ვინაიდან მხოლოდ 2018 წელს გამოწერილია (მცირე რაოდენობით) სასაქონლო ზედნადებები, ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. შედეგად, გამოყენებულ იქნა ქ. ---------, იმავე ტიპის შემოწმებული ობიექტის აუდირებული ფასნამატი (14.23%), რაც გავრცელდა შემოწმებით დადგენილ საქონლის თვითღირებულებაზე და მიღებული შემოსავლები აისახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის თანხებს შორის. გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს ასახული კორექტირებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა, ასევე, გამოვლინდა სხვაობა მიბმულ ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურების თანხებსა და შემოწმებით დადგენილ თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2021 წლის №10515 ბრძანება და 12.04.2021 წლის №021-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.12.2021 წლის გადაწყვეტილებით (№13924/2/2021) საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 3 931 ლარით, აღნიშნულზე შედგა, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №021-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18640 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 28.10.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17346/2/2022) საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 10.04.2023 წლის №7803 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახალ პროგრამაში ჩამოწერები განხორციელებულია თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობაზე, თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი არსებითი მნიშვნელობის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლებს, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ჩათვლის დოკუმენტები გათვალისწინებულ იქნა სრულად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხი 1. არ ეთანხმება გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას შემდეგი მიზეზების გამო:

კომპანია ფუნქციონირებს 2017 წლის 8 თებერვლიდან, ქ.-----------, ------------- №64-ში არსებულ იჯარით აღებულ ფართში. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს ქსელური მარკეტები, მათ შორის უშუალო კონკურენტი „---------“ , რომელიც მომიჯნავე ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ქსელურ მარკეტებს და განსაკუთრებით --------- აქვს მარკეტინგული აქციები, ფასდაკლებები. ვინაიდან არის ქსელური მარკეტი, სადისტრიბუციო კომპანიებიდან ახდენს დიდი რაოდენობის საქონლის ერთბაშად შეძენას, შესაბამისად, სადისტრიბუციო კომპანიები თავის მხრივ პროდუქციას, ერთბაშად დიდი ოდენობით შეძენის დროს, აწვდიან დაბალ ფასში, რაც ფაქტობრივად რადიკალურად განსხვავდება გადასახადის გადამხდელისთვის ასაღები ფასებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაღაზიაში გასაყიდი ფასები ვერ იქნება--------- გასაყიდ ფასებზე არათუ მეტი, არამედ თანაბარიც კი, ვინაიდან -------- ბრენდი დამატებით იზიდავს მომხმარებელს ყოველდღიური აქციებით, ფასდაკლებებით, პროდუქციის ფართო არჩევანით და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების საშუალებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, --------- კონკურენციის გაწევის ერთადერთი ბერკეტი არის ფასის დაწევა და დაბალ ფასნამატზე მუშაობა, აქედან გამომდინარე, მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს საქმიანობა.

დოკუმენტური ფასნამატის ცხრილების მიწოდება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად, უკვე ტექნიკურად გამართული საბუღალტრო პროგრამა ორისი წარადგინა, სადაც შემოსავლები და ხარჯები დეტალურადაა გაშიფრული. შემოწმების აქტშიც აღნიშნულია, რომ აწარმოებს ბუღალტერიას ორისის პროგრამაში. ასევე, შემოწმების დროსაც აღნიშნა, რომ აქვს საქონლის აღრიცხვა ნაწარმოები, რომელიც შემოწმებასაც წარედგინა დეტალური ნაშთის სახით 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. შემოწმება დაეყრდნო წარდგენილ ნაშთს. ასევე, შემოწმებისას აღნიშნა, რომ პროგრამას საქონლის მოძრაობის კუთხით წარმოეშვა პრობლემა, რომელიც შემოწმების დროს ვერ იქნა სრულყოფილად აღდგენილი, რომელიც საბოლოოდ აღდგა და მიაწოდა გადაანგარიშების დროს სრულყოფილი სახით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებას არ ეთანხმება, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ: „გადასახადის გადამხდელი მუშაობს საბუღალტრო პროგრამა ორისში, მაგრამ საქონლის აღრიცხვას და ჩამოწერებს ახორციელებს ჯამური ღირებულებით, გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით, საქონლის აღრიცხვას ახორციელებდა ცალკე საბუღალტრო პროგრამაში, რომელიც დაზიანდა და შემმოწმებლებისთვის მისი წარდგენა იმ მომენტისთვის ვერ შეძლო.“ თუმცა ის, რომ გადასახადის გადამხდელი ნამდვილად აწარმოებს საქონლის დეტალურ აღრიცხვას იქიდანაც დგინდება, რომ შემოწმება თავის მხრივ დაეყრდნო მათ მიერ პერიოდის ბოლოსათვის მიწოდებულ დეტალურ (საქონლის დასახელებით, რაოდენობით და შეძენის ფასით) ნაშთს.

ასევე არასწორია ქ. ---------- სხვა ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, იმ პრინციპით, რა პრინციპითაც შემოწმებამ გამოიყენა, ვინაიდან: „შემოწმებამ გამოიყენა ქ. ---------- ასეთივე ტიპის შემოწმებული ობიექტის აუდირებული ფასნამატი (14.23%), რაც გავრცელდა შემოწმებით დადგენილ საქონლის თვითღირებულებაზე. გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დადგენილი შემოსავლები აესახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.“

საქონლის შეძენა-რეალიზაციის ანალიზით და მსგავსი სავაჭრო ობიექტების ანალიზიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვრულიყო საშუალო შეწონილი ფასნამატი საქონლის კატეგორიებზე, რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით და საბოლოოდ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კატეგორიების წილის პროპორციულად უნდა გადანაწილებულიყო, რაც მათ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული, შესაბამისად აუდიტორების მიერ ფასნამატის გაანგარიშება არ მომხდარა, უხეშად მოხდა სხვა ობიექტის ფასნამატის მიყენება კატეგორიების და მისი პროპორციული წილის განსაზღვრის გარეშე, რაც არასწორია და იწვევს გადასახადების არასწორ დარიცხვას.

არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის არგუმენტს, რომ შემოსავლის აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში ჯამურად არის გაკეთებული და ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, ვინაიდან მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამა ორისში შემოსავლების აღრიცხვა განხორციელებულია ყოველდღიურად კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, ასევე საქონლის ჩამოწერა ხდება პერიოდულად ყოველი თვის ბოლოს ინვენტარიზაციის აქტების საფუძველზე.

ასევე, განსაკუთრებულად მაღალი კონკურენციის პირობებში, ქსელური მარკეტების გარემოცვაშია და შესაბამისად ვერ იქნება შესადარისი სხვისი ფასნამატის გავრცელება მათზე.

ითხოვს მათ მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის გათვალისწინებას, სადაც ყოველთვიური ინვენტარიზაციის საფუძველზეა საქონელი ჩამოწერილი, რომელშიც ფაქტობრივად ყოველდღიურად მუშაობდა და მასში ასახული მონაცემები წარმოადგენს მათი საქმიანობის რეალურ სურათს.

საბჭოს მიერ გამოცემული/დავალებული ბრძანების ფარგლებში, წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ გაუვლია აუდიტორს გადასახადის გადამხდელთან ერთად, მიუხედავად მათი მოთხოვნისა და ასევე 2021 წლის 18 ივნისის შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებისა, სადაც მკაფიოდ ეწერა, რომ მიწოდებული დოკუმენტაცია უნდა გავლილიყო გადასახადის გადამხდელთან ერთად. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დასკვნის გამოცემამდე ერთი დღით ადრე იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში (რაც ასევე ირკვევა დაშვებული საშვების გადამოწმების შედეგად) რათა გაევლოთ წარდგენილი დოკუმენტაცია აუდიტორებთან ერთად, შეხვდა სამმართველოს უფროსს, მოადგილეს, ასევე აუდიტორებს და ითხოვდა მიწოდებული დოკუმენტაციის დეტალურად გავლას, მიუხედავად მათი მოთხოვნისა/თხოვნისა უარი უთხრეს მათი და ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დავალებული მოთხოვნის შესრულებაზე. შესაბამისად სათანადოდ არ იქნა შესწავლილი მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციები და გადასახადის გადამხდელთან ერთად გავლილი.

 

საკითხი 2. აუდიტორები არ დაეყრდნენ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 გადაწყვეტილებას და არ მომხდარა მათ მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის სრული შესწავლა. სწორად რომ წარმართულიყო შემოწმების პროცესი, ნათლად ჩანდა, რომ კომპანია საჭიროებდა დამფუძნებლის შენატანს, რაც ასევე დასტურდება მათ მიერ წარდგენილი კრების ოქმებით და წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება სალაროს ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საჭიროება.

აუდიტორებს მხრიდან, რომც არ მომხდარიყო მათ მიერ მიწოდებული ფასნამატის გათვალისწინება და დაყრდნობოდნენ თავიანთ გაანგარიშებულ 14.23%-იან ფასნამატს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სალაროში არ რჩებოდა იმ ოდენობის ნაშთი, რაც აუდიტორებს საშემოსავლო გადასახადით აქვთ დაბეგრილი, რადგან არ ქონდათ გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილი, როგორიცაა: მომწოდებლებზე გადახდები, ასევე კომუნალურის გადახდები, იჯარა და ა.შ., რაც ნათლად ჩანდა მათ მიერ მიწოდებულ პროგრამაში და რის გავლაზეც უარი განუცხადეს გადასახადის გადამხდელთან ერთად საკითხის შესწავლაზე (აღნიშნულთან დაკავშირებით დანართის სახით წარმოადგენს დეტალურ გაანგარიშებას).

თუ მომწოდებლის მიერ მომსახურება/საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა უნდა მიიღოს, ლოგიკურია, რომ შესაბამის მომწოდებელთან ანგარიშსწორების ვალდებულება აქვს, რაც მათი მხრიდან გასტუმრებული იყო, მაგრამ უხეშად მიყენებული ფასნამატის პირობებში, გაზრდილი შემოსავლები გაითვალისწინეს მხოლოდ, შესაბამისად დაბეგრეს საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მომწოდებლების გასტუმრება საერთოდ უგულებელყოფილ იქნა და ამ კუთხით საშემოსავლო გადასახადით გაზარდეს, რაც არასწორია „გადამხდელს შემოწმებით დადგენილი შემოსავლები აესახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად“.

მიაჩნია, რომ მათი პოზიციის გათვალისწინებით, კორექტირებას უნდა დაექვემდებაროს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დამატებით დარიცხული გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ, ხოლო 15.07.2022 წლის №18640 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომლის 28.10.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17346/2/2022) საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

დადგენილია ასევე, რომ შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახალ პროგრამაში ჩამოწერები განხორციელებულია თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობაზე, თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი არსებითი მნიშვნელობის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლებს, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ჩათვლის დოკუმენტები გათვალისწინებულ იქნა სრულად.

აუდიტის დეპარტამენტი 10.05.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა აღდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისი, 2017 წლის სალაროს მოძრაობა (ექსელის ფაილით) და კრების ოქმები (საწარმოში კაპიტალის გაზრდა/შემცირების თაობაზე). შემოწმებამ დეტალურად გაიარა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები. გადასახადის გადამხდელი ახალ პროგრამაში ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობაზე, არ ხდება კონტროლი თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. შემოსავლებს პროგრამაში ატარებს პერიოდის მიხედვით მხოლოდ ჯამური ღირებულებით (მაგ: შემოსავალი სალაროთი, სასაქონლო ზედნადებით, ტერმინალით). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შედეგად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმების დროს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა. ამასთან, აღნიშნულ სადავო საკითხში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებაში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინებას რაც შეეხება, საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. აქტის შედგენის შემდეგ, გამყიდველმა მხარემ, შემოწმებულ 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელს გამოუწერა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ხელახალი შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციაში, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, აესახა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე. გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 2 630 ლარი და ჯარიმა 1 301 ლარი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ვერ მოხდებოდა დოკუმენტური ფასნამატის ცხრილების მიწოდება ვინაიდან, არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, წარადგინა აღდგენილი საბუღალტრო პროგრამა გადაანგარიშების დროს. აუდიტორს სხვა პირის აუდირებული ფასნამატი (14.23%) აქვს გამოყენებული, მაგრამ აღნიშნული ხისტად არის აღებული და არ არის წარდგენილი მის გაანგარიშების პრინციპი, თუმცა, იმ პირობებშიც კი, რომ დაყრდნობოდა აუდირებულ ფასნამატს, სალაროში არ რჩებოდა იმ ოდენობის ნაშთი, რაც საშემოსავლო გადასახადით არის დაბეგრილი. ითხოვდა მიწოდებული დოკუმენტაციის დეტალურად გავლას, მიუხედავად აღნიშნულისა უარი ეთქვა მათ და ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული მოთხოვნის შესრულებაზე. შესაბამისად, მიაჩნია რომ არ მომხდარა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის სრული შესწავლა, სათანადოდ არ იქნა შესწავლილი მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციები, გადასახადის გადამხდელთან ერთად გავლა და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 გადაწყვეტილების აღსრულება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საბჭოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილების (№17346/2/2022) სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებულ იმ გარემოებებზე, რაც გახდა საჩივრის შემოსავლების სამსახურში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, კერძოდ საბჭო:

მიუთითებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის პოზიციაზე, რომ წარადგინა აღდგენილი ბუღალტრული პროგრამა, კრების ოქმები, დამფუძნებლების შენატანებზე ინფორმაცია, მაგრამ მიუხედავად თხოვნისა, მათი მონაწილეობით არ მომხდარა საკითხების გავლა, ისე გამოიცა დასკვნა;

აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, რაც როგორც ირკვევა არ იქნა შესრულებული;

ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა მოხდა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის პოზიციის მოსმენის გარეშე.

საბჭოს სხდომაზე მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის საფუძველზე კი ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა მოხდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანება აღსრულებულია ნაწილობრივ, დღგ-ის ჩათვლის ნაწილში, მაგრამ არ მომხდარა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა ისე, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით იყო განსაზღვრული.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7803 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანების აღსრულების შედეგები.(არ ეთანხმება გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას შემდეგს).

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ახალ პროგრამაში ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობაზე, არ ხდება კონტროლი თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. შემოსავლებს პროგრამაში ატარებს პერიოდის მიხედვით მხოლოდ ჯამური ღირებულებით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);