ბრძანება N 9056

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 9056
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9056

18 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის: ---) 2024 წლის 3 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №22760/2/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №CB1596331 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი ავალდებულებს კომპანიას, დაიცვას მისი თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია მაღალი სტანდარტით. ამიტომ საგადასახადო მონიტორინგისგან მოთხოვნილ იქნა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა უფლებამოსილებას, რათა მათთვის წარედგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. მოცემული დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი, აქედან გამომდინარე, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2024 წლის 4 მარტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის N4576 ბრძანების საფუძველზე, შპს „---ის“ (ს/ნ ---) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (მის: ----) უნდა გადამოწმებულიყო „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორე. შპს „---ის“ (ს/ნ ---) წარმომადგენელს გადამოწმების დაწყებამდე წარედგინა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მოწმობა და განემარტა, თუ რას გულისხმობდა აღნიშნული პროცედურა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლმა ითხოვა მოცდა, რათა კონსულტაცია გაევლო ამ საკითხში კომპეტენტურ პირებთან, რაზეც მიიღო თანხმობა და მიეცა მისთვის საჭირო დრო. რამდენიმე წუთის შემდეგ მან განმარტა, რომ გაიარა კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან და მათი თქმით, საჭირო იყო შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიემართა გადამხდელისთვის, რის შემდეგაც „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შესახებ ბრძანება შპს „---ს“ (ს/ნ ----) გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო რამდენიმე წუთში, რის შემდეგაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს კვლავ არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ შესაბამისი პროცედურები. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით 2024 წლის 4 მარტს შედგა №CB1596331 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად (ზოგადი ანალიტიკური პროცედურები):

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 3719 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით. აგრეთვე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას, რაც აისახება „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის N4576 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე უნდა გადამოწმებულიყო „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორე. 2024 წლის 4 მარტს შედგა №CB1596331 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 277 (1).