ბრძანება N 7532

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 7532
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7532

06.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 10 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №79602/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №CB1439935 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიამ 2023 წლის 27 იანვარს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით განაცხადით მიმართა შემოსავლების სამსახურს. ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებაში მითითებული იყო 76169.85 ლარი. 2023 წლის 10 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გასვლის გზით გამოვლინდა 2374.32 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. მოცემულ დანაკლისთან დაკავშირებით საგადასახადო სამართალდაღვევის ოქმი შედგა არამართლზომიერად, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შეცდომას. კერძოდ, საწარმოს მენეჯერის მიერ კომპანიის ბუღალტრისთვის „ექსელის“ დოკუმენტით არასწორად იქნა მიწოდებული ჩამოსაწერი სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ განაცხადში უნდა ყოფილიყო ასახული ინფორმაცია შემდეგი ზედნადებებიდან: ელ-------, ელ-------, ელ------- და ელ-------. ხოლო 2023 წლის 27 იანვარს ID: ------- განაცხადში მითითებული ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობაში საწარმოს მენეჯერის მხრიდან ნაცვლად ელ------- სასაქონლო ზედნადებში ასახული პროდუქციისა, შეცდომით მითითებულ იქნა 2022 წლის 7 ნოემბრის ID: -------, შტრიხკოდი: ------ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში ასახული პროდუქცია. ვინაიდან ელ------- სასაქონლო ზედნადებში ასახული პროდუქცია აღემატება 2022 წლის 7 ნოემბრის ID: -------, შტრიხკოდი: ------- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში არსებულ პროდუქციის ოდენობას, სხვაობიდან მიღებული ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 4498 ერთეული იმყოფება ------- საწყობში.

გადასახადის გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ 4498 ერთეულის სავარაუდო ღირებულება არის 9500 ლარი და აღნიშნული ოდენობის ჩამოწერა რომ მომხდარიყო ადგილზე გაუსვლელად, კომპანიას გაცილებით მეტი ზიანი მიადგებოდა, რადგანაც აღნიშნული ერთეულების ოდენობა კომპანიას აესახებოდა დანაკლისში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მხრიდან შეცდომის ფაქტს და არა მიზანშეწონილ ქმედებას, რათა შემოსავლების სამსახური შეეყვანა შეცდომაში

ვინაიდან კომპანიის ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის დათვლა ბუღალტრის მიერ შეუძლებელი იყო მათი ოდენობიდან გამომდინარე, იგი დაეყრდნო საწარმოს მენეჯერის მიერ მოწოდებულ ექსელის ფაილში ასახულ რაოდენობას და აღარ გადაუმოწმებია მათი სისწორე.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას. ასევე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა 2023 წლის 31 იანვრის №სმფ4739 ბრძანებით (2023 წლის 10 თებერვლის №სმფ-4739/2 ბრძანება) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში (დანართი №24) მითითებული ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება და დოკუმენტის შედგენა.

მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ადგილზე (-------, -------). სულ დანართი №24-ში წარმოდგენილი იყო 82 დასახელების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომლის ღირებულება შეადგენდა 76169.85 ლარს. დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რაოდენობა არ დაემთხვა ფაქტობრივად არსებულს. დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 2374.32 ლარი.

აღნიშნულზე 2023 წლის 10 თებერვალს შედგენილი იქნა №CB1439935 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 2374.32 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს საგადასახადო ორგანოსათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ასევე სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით განაცხადით მიმართა შემოსავლების სამსახურს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გასვლის გზით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. დანართი №24-ში მითითებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რაოდენობა არ დაემთხვა ფაქტობრივად არსებულს. აღნიშნულზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145 (6-7); 279 (3); 269 (7)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 33