ბრძანება N 10026

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.05.2023
№ დოკუმენტი 10026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10026

08.05.2023

ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )

(მის.:"-------" )

2023 წლის 30 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ი/მ "-------" -ის (ს/ნ "-------" ) 2023 წლის 30 მარტის №492013 (კანც.: №55180/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის ID: "-------" შესაგებელთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის შესაგებელს. განმარტავს, რომ 2016 წლიდან შეჩერებული აქვს საქმიანობა, არის უმოქმედო და არ აქვს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო შეძენილი პროდუქცია გამოიყენება პირადი მიზნებისთვის. მიუთითებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ ეთქვა უარი მოთხოვნილი თანხის დაბრუნებაზე და ითხოვს არსებული ზედმეტობის 1 017 ლარის დაბრუნებას საჩივარში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა ი/მ "-------" -ის (ს/ნ "-------" ) 2023 წლის 16 მარტის მოთხოვნის შესწავლა (ID "-------" ), რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ი/მ „--------“-ის (ს/ნ "-------" ) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია საბანკო ანგარიშიდან საინკასო დავალებით ზედმეტად ჩამოჭრილი თანხის შედეგად.

ი/მ „--------“ (ს/ნ "-------" ) 2023 წლის 27 მარტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ: ვინაიდან ი/მ „--------“ (ს/ნ "-------" ) რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2013 წლიდან და ასევე ამ პერიოდიდან აქვს მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი 2020 (გარდა ნოემბრის საანგარიშო პერიოდის), 2021 (გარდა სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდები), 2022 და 2023 (გარდა თებერვლის) წლების მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (საქმიანობის შეწყვეტაზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში განცხადება წარმოდგენილი არ არის). ასევე წარმოდგენას ექვემდებარება 2022 წლის ფიზიკური პირის ყოველწლიურ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმარტებას ექვემდებარება 2021 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში სასაქონლო ზედნადებით მიღებული საქონლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. 2021 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში არ ფიქსირდება დასაბეგრი შემოსავალი (მხოლოდ იზრდება ნაზარდი ჯამი), რაც ექვემდებარება განმარტებას. ამასთან, წარმოდგენას ექვემდებარება საბანკო ამონაწერი და განმარტება ეკ. საქმიანობისა და ანგარიშსწორების ფორმის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს გაეგზავნა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,ე“ პუნქტით განსაზღვრული ხარვეზი (ID "-------" ).

დადგენილი ხარვეზის საპასუხოდ, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით გადამხდელმა არ წარმოადგინა სრულყოფილად ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ" – „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში" მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).

ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შესაგებელს.

ითხოვს არსებული ზედმეტობის დაბრუნებას საჩივარში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები.ასევე წარმოდგენას ექვემდებარება 2022 წლის ფიზიკური პირის ყოველწლიურ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმარტებას ექვემდებარება სასაქონლო ზედნადებით მიღებული საქონლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. 2021 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში არ ფიქსირდება დასაბეგრი შემოსავალი,რაც ექვემდებარება განმარტებას. ამასთან, წარმოდგენას ექვემდებარება საბანკო ამონაწერი და განმარტება ეკ. საქმიანობისა და ანგარიშსწორების ფორმის შესახებ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:63(1),65.

№916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავი(13)