გადაწყვეტილება №22379/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 22379/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22379/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 23.02.2024 და 6.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22379/2/2024).

 

დავის საგანი:

ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №086-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12681 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 266 823.52 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 173 324

დღგ - 129 000

საშემოსავლო გადასახადი - 44 324

ჯარიმა - 86 662

საურავი - 6 837.52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ხილ-ბოსტნეულით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 4.12.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაცია. ასევე, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ბევრად აჭარბებს მის შემოსავალს. 2023 წლის მარტის თვეში საწარმოს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სწორად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით. შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტით შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის შეპირისპირებით გაანგარიშდა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 20%.

შეძენის პროპორციულად მიღებული ფასნამატით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შეძენის პროპორციულად მიღებული ფასნამატით გაანგარიშებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს შორის თანხის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.04.2023 წლის №7924 ბრძანება და ამავე თარიღის №086- 21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 8.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12681 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.09.2023 წლის №20136/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა 20.10.2023 წელს მომართა საბჭოს ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე. საბჭოს 27.12.2023 წლის №21130/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის სრული ბრუნვა შეადგენდა 188 171 ლარს, დეკლარირებული იყო 982 976 ლარი, ნაშთი ანუ გაფუჭებული პროდუქცია 205 000 ლარი. აუდიტის დეპარტამენტმა რის საფუძველზე დაადგინა 129 000 ლარი გაუგებარია. პროდუქცია მალფუჭებადია, შესაბამისად და საიდან უნდა ჰქონოდა მოგება. ახალი არგუმენტების საფუძველზე წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ფასნამატის გადასაანგარიშებლად და ცხრილს, რომელშიც ასახულია მიღება/რეალიზაცია. თითქმის ყველა პროდუქციის ფასნამატი არის სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ პროდუქციაში. ითხოვს აღნიშნული საფუძველზე განხორციელდეს რეალიზებული პროდუქციიდან დარიცხვა და გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. გათვალისწინებული იქნას გაფუჭებული პროდუქცია, საქონლის შრობა/დანაკარგები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი წარმოადგენს ცხრილს ფასნამატის გადასაანგარიშებლად, რომელშიც ასახულია საქონლის შეძენა/რეალიზაცია და განმარტავს, რომ თითქმის ყველა პროდუქციის ფასნამატი არის სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ პროდუქციაში. ითხოვს აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს დარიცხვა და გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. გათვალისწინებული იქნას გაფუჭებული პროდუქცია, საქონლის შრობა/დანაკარგები.

მომჩივნის არგუმენტზე და წარმოდგენილ ცხრილთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნულ ცხრილში ასახული მონაცემები მისთვის ცნობილი იყო შემოწმების პროცესში, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები აღებულია სასაქონლო ზედნადებებიდან, რომელიც ასახულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში.

საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.04.2023 წლის №7924 ბრძანება და ამავე თარიღის №086- 21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 8.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12681 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.09.2023 წლის №20136/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა 20.10.2023 წელს მომართა საბჭოს ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე. საბჭოს 27.12.2023 წლის №21130/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299; 308.