გადაწყვეტილება №24866/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 25.04.2025
№ დოკუმენტი 24866/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24866/2/2025

25 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 5.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24866/2/2025).

 

დავის საგანი:

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შედეგად დარიცხული თანხები (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.02.2025 წლის №2861 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 461 950 ლარი.

მათ შორის:

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 200 000

ჯარიმა - 200 000

საურავი - 61 950

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება.

აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.07.2021 წლიდან 11.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის, მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებგვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას.

კომპანიის წარმომადგენლებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 15.02.2022 წლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის საფუძველზე მომჩივნის საქმიანობა/გაწეული მომსახურება მიჩნეულ იქნა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილის და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22226 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.11.2024 წლის №24235/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 18.02.2025 წლის №2861 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს მთავრობის 15.02.2022 წლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტსა და 2 პუნქტზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტზე, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 15.02.2022 წლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „----ის“ საქმიანობა/გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას.კერძოდ, აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგებზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ,,-----ის“ მიერ გაწეული მომსახურება არის არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება და შესაბამისად, წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოწმებით, შპს „-----ის“ მიერ არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების, კერძოდ, გაწეული საქმიანობის ფარგლებში არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მომხმარებელთათვის ბონუსის გაცემის მომსახურების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შესაბამისად თანხის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში გამოყოფილია მხოლოდ ერთი საკითხი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის ნაწილში. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოვლინდა. მომჩივანს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 461 950 ლარი, მათ შორის: აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვის მოსაკრებელი - 200 000 ლარი, ჯარიმა - 200 000 ლარი და საურავი - 61 950 ლარი.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვდა გასაჩივრებული აქტების გაუქმებას და დარიცხული მოსაკრებლისა და სანქციების განულებას. ასევე, წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში ზედმეტად დეკლარირებული/გადახდილი გადასახადის შემცირებას. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზედმეტად დეკლარირებული გადასახადის შემცირების ნაწილში. სანებართვო მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის დარიცხვის ნაწილში გასაჩივრებული აქტები დარჩა უცვლელი. აღსანიშნავია, რომ სანებართვო მოსაკრებლის გასაჩივრების ნაწილში შემოსავლების სამსახურს რაიმე ახალი დასაბუთება/არგუმენტი არ წარმოუდგენია და სრულად დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ შეფასებას. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ შპს ------ის მიერ დარიცხული ბონუსი მოთამაშეს აძლევს თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის საშუალებას. აუდიტის დეპარტამენტის აზრით კი, თამაშობაში ჩართვის შესაძლებლობის მიცემა ავტომატურად გულისხმობს თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენას, რაც ცალსახად მცდარი შეფასებაა. არც აუდიტის დეპარტამენტს და არც შემოსავლების სამსახურს აღნიშნულ ნაწილზე რაიმე სხვა არგუმენტი არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 25 დეკემბრის №24235/2/2024 გადაწყვეტილებით საბჭომ ბათილად ცნო შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. „საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები.“

შემოსავლების სამსახურმა საჩივარი ხელახლა განიხილა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე და 2025 წლის 18 თებერვლის N2861 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ გაუქმდა დარიცხული ჯარიმა და საურავი, თუმცა სანებართვო მოსაკრებლის დარიცხვის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების/მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევა და შეფასება, შემოსავლების სამსახურს 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში არ უხსენებია რაიმე ახალი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება თუ არგუმენტი, რომელსაც აფუძნებდა თავის გადაწყვეტილებას. მეტიც, დასაბუთების ნაწილი იდენტურად, სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი მათი 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებიდან, რომელიც აღნიშნულ ნაწილში ერთხელ უკვე ბათილად ცნო ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ.

ამავდროულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურმა საკითხი განიხილა კომპანიასთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე და არ მოუსმენია გადასახადის გადამხდელის პოზიცია. ერთადერთი წინადადება, რომელიც განასხვავებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებისაგან არის შემდეგი: „ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.“ შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან გაურკვეველია რას მოიცავდა „საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევა“ და ზუსტად რა გარემოებები, მტკიცებულებები თუ არგუმენტები შეისწავლა შემოსავლების სამსახურმა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური კვლავაც შემოიფარგლება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციის პირდაპირ გაზიარებით და არ მსჯელობს იმაზე, თუ რატომ მიაჩნია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია სწორად ან რა გარემოებებით ბათილდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და ექსპერტის დასკვნა, რომლის შესწავლაც დაავალა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურს არ წარმოუდგენია სანებართვო მოსაკრებლის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი არგუმენტი, ასევე საკითხი გადაწყვიტა მხარის ჩართულობის გარეშე, მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მომჩივნის მოთხოვნა და გაუქმდეს დარიცხული მოსაკრებელი.

შპს ----ის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშიც არის მითითებული, კომპანიის ძირითადი მოვალეობები მოიცავს ონლაინ ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის დახმარების აღმოჩენას. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებ-გვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას და სხვა. კერძოდ, შპს ----ს გაფორმებული აქვს მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც იგი მომსახურებას უწევს სხვადასხვა არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორს. ამ ურთიერთობის ფარგლებში, კონკრეტულ ოპერატორს წერილობითი ან სატელეფონო ფორმით უკავშირდება არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მოთამაშე/მომხმარებელი (მომხმარებელი) და ითხოვს გარკვეულ საკითხში დახმარებას. აღნიშნული შეტყობინება/ზარი ავტომატურად მისამართდება შპს ----ის შესაბამის თანამშრომელთან, რომელიც ემსახურება მომხმარებელს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის სახელით, უწევს მას შესაბამის ტექნიკურ დახმარებას და ეხმარება გარკვეული პრობლემის გადაჭრაში. სხვა საკითხების გადაჭრასთან ერთად, მომხმარებელთა განცხადებების ერთ-ერთი ფორმაა სათამაშო ბიზნესის ოპერატორისაგან ბონუსის მოთხოვნა. ასეთი მოთხოვნის დამუშავების პროცესში შპს -----ის თანამშრომელი მთლიანად ხელმძღვანელობს თავად სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ დადგენილი გზამკვლევით/ინსტრუქციებით და პროგრამით და არ იღებს ინდივიდუალურ ან/და დისკრეციულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, განცხადების განხილვა მოიცავს ორ ეტაპს:

1. პირველ ეტაპზე, შპს -----ის თანამშრომელი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად ადგენს, შეიძლება თუ არა კონკრეტულ მომხმარებელზე ბონუსის გაცემა.

2. თუ დადგინდა, რომ ბონუსის გაცემა დასაშვებია, შპს ----ის თანამშრომელი გადადის მეორე ეტაპზე და სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ წინასწარ მომზადებულ პროგრამაში (ე.წ. კალკულატორში) შეჰყავს კონკრეტული მომხმარებლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. პროგრამა (კალკულატორი) ავტომატურად აგენერირებს გასაცემი ბონუსის თანხას. თუ ბონუსის თანხა დადებითია, შპს -----ის თანამშრომელს ხელით შეჰყავს ეს თანხა პროგრამაში და ღილაკზე თითის დაჭერით ადასტურებს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ მოთამაშისათვის ბონუსის დარიცხვას. არც ე.წ. კალკულატორი და არც თავად მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა, რომელშიც ტექნიკურად ხდება ბონუსის დადასტურება არ წარმოადგენს შპს -----ის საკუთრებას და შესაბამისად არ იმართება მის მიერ. ამასთან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ის კრიტერიუმებიც, რომლის საფუძველზეც შპს -----ის თანამშრომელი პირველ ეტაპზე აფასებს კონკრეტულ მომხმარებელზე ბონუსის გაცემის შესაძლებლობას, შემუშავებული და წინასწარ დადგენილია არა შპს ----ის, არამედ უშუალოდ თამაშის ორგანიზატორის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს ----ი თავად არ ურიცხავს ბონუსს მოთამაშეებს და ეს ბონუსი ირიცხება სათამაშო ბიზნესის უშუალოდ იმ არარეზიდენტი ოპერატორის მიერ, რომლის მომხმარებლის განცხადებაც განიხილა შპს -----ის თანამშრომელმა. გარდა ამისა, ბონუსი არ არის რაიმე სახის ჯილდო/პრიზი, რომელიც გავლენას ახდენს მოთამაშის მიერ მიღებულ მოგებაზე და რომლის გატანაც მოთამაშეს შეუძლია დაუყოვნებლივ. ამ ბონუსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სათამაშო ბიზნესის იმავე ოპერატორთან და კონკრეტული აზარტული/მომგებიანი თამაშობების სათამაშოდ. ბონუსის დარიცხვით შპს ----ის როლი ამ პროცესში მთლიანად სრულდება. შპს ------ს არ აქვს არანაირი წვდომა სათამაშო ბიზნესის ოპერატორის შესაბამის სათამაშო მოდულზე. შესაბამისად, ბონუსის დარიცხვის შემდეგ შპს -----ი არ და ვერ გააკონტროლებს იმას, საერთოდ გამოიყენებს თუ არა მოთამაშე ამ ბონუსს, ითამაშებს თუ არ ითამაშებს, თუ გამოიყენებს - რა თამაშზე და რა ოდენობით. შესაბამისად, შპს-----ს არ აქვს არათუ რაიმე გავლენა, არამედ არანაირი კავშირი მოთამაშის მიერ არც უშუალოდ რომელიმე თამაშობის დაწყებაზე და მითუმეტეს არც ამ თამაშის დასრულებაზე - მის შედეგზე. ბონუსის ჩარიცხვის შემდეგ შპს ----ი სრულიად იზოლირებულია, როგორც მოთამაშის, ისე სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისაგან. შესაბამისად, მოთამაშე ითამაშებდა შპს ----ის მიერ დარიცხული ბონუსით, თუ თავის მიერ სათამაშო ანგარიშზე შეტანილი თანხით - იგი თამაშობებს ზუსტად იგივე შედეგით დაასრულებდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ შპს ----ის ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ სათამაშო ბიზნესის არარეზიდენტი ორგანიზატორების მომხმარებელთა ტექნიკური დახმარებით და მისი საქმიანობა არანაირად არ მოიცავს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, რასაც რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს თამაშების შედეგებზე. ბონუსის გაცემა/არ გაცემის საკითხი წყდება სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ წინასწარ დადგენილი წესებით და ბონუსის თანხა ანგარიშდება ორგანიზატორის მიერ წინასწარ შექმნილი ალგორითმის/პროგრამის გამოყენებით. ბონუსი გადაიხდება სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ. ამ პროცესში შპს ---ის როლი შემოიფარგლება მხოლოდ ამ ინსტრუქციების ზედმიწევნით მიყოლით და მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგის საქმიანობის პროცესში მოთამაშის მოთხოვნის დაკმაყოფილების მექანიკური აღსრულებით. როგორც ზემოთაც აღინიშნა, არც შპს ----ს და არც მის რომელიმე თანამშრომელს არ აქვს წვდომა/კავშირი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის არც ერთ კონკრეტულ თამაშობასთან და მას არ აქვს ინფორმაცია/კონტროლი იმაზე, საერთოდ გამოიყენებს თუ არა ამ ბონუსს მოთამაშე, თუ კი - რა ფორმით, რომელ თამაშზე მოხდება დარიცხული ბონუსის გამოყენება, ან რა შედეგით დასრულდება ეს თამაში. შპს ----ის თანამშრომლის როლი სრულდება მომხმარებლის ზარის დასრულებისას და შესაბამისი საკითხის მოგვარებისთანავე. დეტალური ინფორმაცია ბონუსის გაცემის პროცესთან დაკავშირებით წარმოდგენილია დანართი №2-ის სახით.

დარიცხული მოსაკრებელი სრულიად უკანონოა და უნდა გაუქმდეს. მომჩივანის დეტალური არგუმენტები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია ქვემოთ.

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის (კანონი) თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება. ამასთან, არსებითი პროდუქცია/მომსახურება განმარტებულია კანონის 3.წ. მუხლში, როგორც კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე. შესაბამისად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საჭიროების შესაფასებლად, კანონი ითვალისწინებს ორწვერიან ტესტს, რომელიც კუმულატიურად უნდა დაკმაყოფილდეს: (i) წარმოადგენს თუ არა განსახილველი მომსახურება კანონით ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ მომსახურებას და (ii) ახდენს თუ არა აღნიშნული მომსახურება გავლენას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე.

1.1. წარმოადგენს თუ არა განსახილველი მომსახურება კანონით ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ მომსახურებას.

კანონის 3.ც მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება. ამასთან, არსებითი პროდუქცია/მომსახურება განმარტებულია კანონის 3.წ. მუხლში, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის ისეთი მომსახურება, რომელიც ერთი მხრივ განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ, მეორე მხრივ კი მოიცავს იმ პროდუქციას/მომსახურებას, რომელიც პირდაპირაა მითითებული/ჩამოთვლილი ამ კანონში. კანონის დანაწესის წაკითხვისას ცხადი ხდება, რომ შპს ----ის მიერ თავისი არარეზიდენტი კლიენტებისათვის გაწეული მომსახურება (მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი) არ შეესაბამება კანონში ამომწურავად ჩამოთვლილ არც ერთ მომსახურებას/პროდუქციას. კერძოდ, შპს ---ი კლიენტებს არ აწვდის თამაშობებს, RNG-ს, ჯეკპოტის ან სათამაშო პლატფორმას, სერვერს, მონაცემთა ბაზას თუ მენეჯმენტის სისტემას. როგორც ზემოთაც აღინიშნა, შპს ----ის ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მომხმარებელთა ტექნიკური მომსახურებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უშუალოდ თამაშობებთან. საგადასახადო შემოწმების აქტში საგადასახადო ორგანო უთითებს „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით (დადგენილება 69) დადგენილი ნუსხის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, რომელიც არსებით მომსახურებებად განიხილავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევ, დამხმარე მომსახურებას, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირებას. ამ მუხლის კონტექსტში, საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ----ის მიერ გაწეული მომსახურება წარმოადგენს არსებითი მომსახურების თანმდევ, დამხმარე მომსახურებას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ დადგენილება 69-ის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი არ არის უსაზღვრო და არ მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც გაწეულია სათამაშო ბიზნესის ოპერატორისათვის. ეს მუხლი უნდა განიმარტოს კანონის საერთო კონტექსტისა და 3.წ მუხლით დადგენილი ფარგლების გათვალისწინებით. კერძოდ, ეს უნდა იყოს კანონში ამომწურავად ჩამოთვლილი რომელიმე კონკრეტული არსებითი მომსახურების თანმდევი მომსახურება, რომელიც თავისი შინაარსით ასევე არსებითი ხასიათის მქონეა. შპს ----ის როლის მხოლოდ რუტინული, ტექნიკური შინაარსი ცხადყოფს, რომ იგი სათამაშო ბიზნესის არარეზიდენტ ორგანიზატორებს არ აწვდის არსებითი ხასიათის მომსახურებას და შესაბამისად, მისი საქმიანობა არ წარმოადგენს დადგენილება 69-ის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამხმარე მომსახურებას. დადგენილება 69-ის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის სწორი განმარტებისათვის და კანონმდებლის მიზნის დასადგენად, მომჩივანი ეყრდნობა (i) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებებს და (ii) სადავო მომსახურებიდან GGR-ის დათვლის შეუძლებლობაზე.

კანონშემოქმედებით ეტაპზე გაკეთებული განმარტებები: ის, რომ შპს ---ის რუტინული, ტექნიკური ფუნქციების რეგულირება არ ექცევა კანონის მიზნის ქვეშ ნათლად ჩანს თავად ამ კანონის მიღების პროცესში მიმდინარე განხილვებიდანაც. კერძოდ, სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, კანონის მიზანზე საუბრისას აღინიშნა, რომ ცვლილების მიზანია ფულის გათეთრების კონტროლი და რომ არ დარჩეს კონტროლს გარეთ შემთხვევები, როდესაც ქართული კომპანია ჩართულია არარეზიდენტი პირის სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში ან არსებით მომსახურებას უწევს ასეთ პირს. ამავე სხდომაზე განიმარტა, რომ აქ იგულისხმება პროგრამის მიწოდება, კონტროლი, თამაშის მიწოდება, სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში ჩართვა. ნებისმიერი ჩართულობა, როცა სახეზეა თამაშის ორგანიზებაში არსებითი ჩართულობა და ადგილობრივი ორგანიზაციიდან ხდება ყველა სისტემურად მნიშვნელოვანი პროგრამის და მომსახურების მიწოდება. იმავე სხდომაზე მოყვანილი იყო საილუსტრაციო მაგალითი, თუ რის დარეგულირებას ემსახურებოდა საკანონდებლო ცვლილებები. მოყვანილი მაგალითის თანახმად, ---ის რეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის პლატფორმაზე თამაშობს არარეზიდენტი პირი. თუმცა, თამაშის კრუპიე ზის საქართველოში და კრუპიეს მომსახურებას უწევს ---ის რეზიდენტ ორგანიზატორს. შედეგად, მოთამაშე თამაშობს ---ის რეზიდენტი ორგანიზატორის წინააღმდეგ, თუმცა -----ის რეზიდენტ ორგანიზატორს არსებით მომსახურებას უწევს ქართული კომპანია. აღნიშნული ცხადყოფს, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არის პირი, რომელიც არსებითად ჩართულია სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში და ორგანიზატორს აწვდის სისტემურად მნიშვნელოვან პროგრამასა თუ მომსახურებას. თუმცა, როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი და მოთამაშეთა განცხადებების განხილვა და პრობლემების ტექნიკური/მექანიკური გადაჭრა რაიმე სახის გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციის გარეშე ვერ ჩაითვლება ასეთი ტიპის არსებით მომსახურებად.

GGR-ის დაანგარიშების შეუძლებლობა:

კანონის მიზნების უფრო ცხადად განსამარტავად და იმის ცხადად დასანახად, თუ მომსახურებათა რა კატეგორიის რეგულირება სურდა კანონმდებელს დაგვეხმარება ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილება „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ (დადგენილება 455). დადგენილება 455-ის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ნებართვის მფლობელის მიერ შერჩეული პირისათვის ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასურებს. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის შერჩეული პირისათვის გადასახდელი საოპერაციო საფასურია სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე − არაუმეტეს GGR-ის 5%-ისა ყოველთვიურად.“ თავის მხრივ, იმავე წესის 2.დ პუნქტში განმარტებულია GGR (Gross Gaming Revenue) როგორც ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა (IN-OUT). ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნაში მითითებულია, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის შემთხვევაში, GGR მოიცავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელისთვის მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას (IN-OUT). აღნიშნული ცხადყოფს, რომ აზარტული/მომგებიანი თამაშობის მიმწოდებელი არის ისეთი პირი, რომლის მიმართაც აღნიშნული GGR-ის დათვლა შესაძლებელია. კერძოდ, თამაშების მიმწოდებლის საქმიანობა ისეთ კავშირში უნდა იყოს უშუალოდ თამაშების ორგანიზატორის საქმიანობასთან, რომ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება შემოსავლის გენერირების (GGR-ის) შესაძლებლობას აძლევდეს თავად ორგანიზატორს. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ამ GGRის მიკუთვნება უშუალოდ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან. მაგალითად, თუ ქართული კომპანია არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორს აწვდის ონლაინ ბლექ-ჯეკის პროგრამულ უზრუნველყოფას (თამაშის მიწოდება), შესაძლებელია დავითვალოთ ოპერატორის მიერ უშუალოდ ამ მომსახურების ფარგლებში (ბლექ-ჯეკის თამაშიდან) მიღებული GGR და ასე დავთვალოთ თამაშის მიმწოდებლის მომსახურების საფასური. მათ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ აღინიშნა, შპს ----ს აქვს მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია - სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორთა მომხმარებლებისათვის დახმარების აღმოჩენა, რომელიც უშუალო კავშირში არ არის არცერთ აზარტულ/მომგებიან თამაშობასთან.შესაბამისად, შპს ----ის მიერ გაწეული მომსახურება არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს ორგანიზატორის მიერ შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში. გარდა ამისა, თუკი შპს ----ის თანამშრომლების მიერ ტექნიკურად დადასტურებული ბონუსებით მომხმარებელი ითამაშებს ოპერატორის პლატფორმაზე, ამ თამაშის შედეგად ეს ორგანიზატორი ვერ მიიღებს ვერანაირ მოგებას, რადგან მოთამაშეები თამაშობენ არა თავიანთი ნამდვილი ფულით, არამედ თავად ორგანიზატორის მიერ შექმნილი ვირტუალური სათამაშო ქულებით, რომელთა წაგების (ანუ ორგანიზატორისათვის გადაცემის) შემთხვევაში ორგანიზატორის ქონება არ იზრდება, არ გენერირდება შემოსავალი (GGR). მეტიც, ბონუსებით თამაშის შედეგი ორგანიზატორისათვის ვერასოდეს იქნება მოგების (GGR-ის) მიღება, თუმცა შესაძლებელია იყოს წაგება, რადგან გარკვეულ შემთხვევებში მოთამაშემ ხანგრძლივი თამაშის შემდეგ შესაძლოა დარიცხული ბონუსით მიიღოს მოგება, რაც კომპანიისათვის ზარალს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს -----ის მომსახურება არ წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორთათვის გაწეულ ისეთ მომსახურებას, რომელიც მას ხელს უწყობს შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში და შედეგად ის ვერ იქნება ის არსებითი ხასიათის მომსახურება, რომლის რეგულირებაც კანონმდებლის მიზანია. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის 1- ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტს განვმარტავთ არა უსაზღვროდ, არამედ კანონის მიზნებისა და კანონითვე დადგენილი კონკრეტული სერვისების ფარგლებში კიდევ ერთხელ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ შპს -----ის მომსახურება არ წარმოადგენს არსებით მომსახურებას.

1.2. გავლენა თამაშის შედეგებზე: გარდა იმისა, რომ არსებითი მომსახურება პირდაპირ უნდა იყოს განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით და ასევე მოიცავდეს კანონის 3.წ მუხლში ჩამოთვლილ მომსახურებებს, მომსახურების ასეთად მიჩნევისათვის აუცილებელია კიდევ ერთი ელემენტის - თამაშის შედეგებზე გავლენის არსებობა. როგორც კანონის შინაარსიდან, ისე მისი მიზნებიდან გამომდინარე, თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არსებითი ელემენტია ლიცენზირებადი სუბიექტების იდენტიფიცირებისას და ზოგადად ლიცენზირების საჭიროების განსასაზღვრად, რაზედაც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ. საქართველოში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხის რეგულირებისას (საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას) ძირითადად გადმოღებულია -----ის იურისდიქციის პრაქტიკა. შესაბამისად, ქართული რეგულაციების განმარტებისას და პრაქტიკის არ არსებობის პირობებში მნიშვნელოვანია -----ი კანონმდებლობის დამკვიდრებული განმარტების და პრაქტიკის გამოყენება. -----ის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, „არსებითი მომსახურების მიწოდება არის ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდება, რომელთა როლიც შეუცვლელია თამაშების შედეგების განსაზღვრაში“ („-------------------.“). შესაბამისად, არსებითი მომსახურების განმარტებისას ორივე ქვეყნის კანონმდებლობა აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს მომსახურების გამწევის (თამაშის მიმწოდებლის) მიერ შესაბამისი თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირის მიერ გაწეული მომსახურება ვარდება კანონით ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებების ჩამონათვალში, ეს პირი მაინც არ დაექვემდებარება ლიცენზირებას, თუკი მას მომსახურების გაწევისას არ აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს კონკრეტული თამაშის შედეგებზე. თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის აუცილებელ ელემენტად შემოღებას აქვს კონკრეტული მიზანი. კერძოდ, როგორც -----ის, ისე -----ის მაგალითის შესაბამისად მოქმედი ქართული საკანონმდებლო ორგანოს მიზანი იყო აზარტულ/მომგებიან თამაშობებში სამართლიანობის უზრუნველყოფა და თამაშის შედეგებზე არაკეთილსინდისიერი გავლენის აღმოფხვრა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი მომსახურება რომლის მანიპულირების შედეგად შესაძლებელია თამაშის შედეგზე ზეგავლენა, უნდა დაექვემდებაროს ნებართვას. აღნიშნული ემსახურება ორი ძირითადი მიზნის მიღწევას:

1. მომხმარებლის (მოთამაშის) ინტერესების დაცვა იმ გზით, რომ შემთხვევითობაზე დაფუძნებული თამაში, რომელსაც ის თამაშობს, იყოს ნამდვილად შემთხვევითი და არ გახდეს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის ან სხვა ნებისმიერი პირის (თამაშის მიმწოდებლის) მხრიდან მანიპულირების საგანი.

2. მეორე უმნიშვნელოვანესი მიზანი კი არის ფულის გათეთრების პრევენცია იმავე გზით, რომ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა (თამაშის მიმწოდებელმა) თამაშის შედეგების მანიპულირების გზით არ შეძლოს ფულის გათეთრება - კონკრეტული პირისაგან ფულის გამიზნულად მიღება (მოთამაშის მიერ წაგება) და სხვა პირისათვის გამიზნულად გადაცემა (მოთამაშის მიერ მოგება). აღნიშნული მიზნები მიიღწევა სწორედ იმ პირების კონტროლით, რომლებიც ისეთ არსებით მომსახურებას უწევენ თამაშობის ორგანიზატორს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ თამაშობის შედეგებზე, ანუ აქვთ თამაშების შედეგების პოტენციური მანიპულირების საშუალება. ასეთი გავლენის ქონის გარეშე კი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისათვის გაწეული ნებისმიერი მომსახურების კონტროლი არ ემსახურება რაიმე მიზანს. არც ---ის და არც ქართველი კანონმდებლის მიზანი არ ყოფილა ლიცენზირებას დაქვემდებარებოდა ყველა მომსახურება რაც დაკავშირებულია სათამაშო ბიზნესთან. ასეთი მიზნის არსებობის შემთხვევაში კანონმდებელი ძალიან მარტივად მოახერხებდა შესაბამისი რეგულაციების შექმნას. ამ პრინციპის უფრო ნათლად საილუსტრაციოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ -----ის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა პირდაპირ გამორიცხავს ლიცენზირების ვალდებულებას ისეთი მომსახურებებისათვის, რომლებიც უკავშირდება მაგალითად „უნარებზე დამოკიდებულ თამაშებს“ (“-----------”). ----ის კანონმდებლობაში გაკეთებული განმარტების თანახმად, „უნარებზე დამოკიდებულია თამაშები, რომელთა შედეგებიც სრულად ან ძირითადად დამოკიდებულია მოთამაშის უნარებზე“ („---------------.”). ასეთი თამაშების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ლიცენზირების ვალდებულებისაგან პირდაპირ გამორიცხვა გამომდინარეობს სწორედ იმ მიზნებიდან, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კერძოდ, ვინაიდან ასეთი თამაშები დამოკიდებულია არა რაიმე ალგორითმზე (მაგ. RNG - შემთხვევითი ციფრის გენერატორი), არამედ უშუალოდ მოთამაშის უნარებზე. შესაბამისად, თამაშობის ორგანიზატორის ან/და თამაშის მიმწოდებლის მიერ ამ თამაშის შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია და არ არსებობს არც ამ თამაშის მიმწოდებლის კონტროლის მიზანი/მოტივი. მაგალითისათვის, თუკი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის ონლაინ პლატფორმა საშუალებას იძლევა მოთამაშეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ ჭადრაკი, ამ თამაშის (ჭადრაკის) მიმწოდებელი არც -----ის და არც ქართული კანონმდებლობით არ დაექვემდებარება ლიცენზირებას. ამისი მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ თამაშის შედეგები მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეთა უნარებზე და თამაშის მიმწოდებელს ამ შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. შედეგად არ არის საჭიროება თამაშის მიმწოდებლის გაკონტროლების (ლიცენზია/ნებართვის გზით). შესაბამისად, ასეთი პირი ვერ ჩავარდება ვერც კანონის პირდაპირ, იმპერატიულ დანაწესში და ვერც კანონის რეგულირების მიზნებში. აღნიშნულის საპირისპიროდ, თუ სათამაშო ბიზნესის ოპერატორის ონლაინ პლატფორმაზე შემოთავაზებულია მაგ. სათამაშო ბორბლის (რულეტის) თამაში, ამ თამაშის მიმწოდებელი დაექვემდებარება ლიცენზირებას, ვინაიდან მას აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს თამაშის შედეგზე. კერძოდ, თამაშის მიმწოდებელს შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის მანიპულირება იმგვარად, რომ კონკრეტული თამაში დასრულდეს კონკრეტული შედეგით (წითელი, შავი ან ე.წ. „ზერო“). შესაბამისად, პირს, რომელიც ამ ფორმით აკონტროლებს თამაშის შედეგებს, ერთი მხრივ შეუძლია დაარღვიოს თამაშის შემთხვევითობის პრინციპი და დააზიანოს მომხმარებელი, ხოლო მეორე მხრივ მონაწილეობა მიიღოს ფულის გათეთრების სქემებში. სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა გადაწყვიტა რომ ლიცენზირების გზით აკონტროლოს ასეთი პირები და ამ გზით შეძლოს თამაშის შედეგების მანიპულირების პრევენცია. მსგავსი რეგულირება ------სა და საქართველოს გარდა გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით და ზემოაღნიშნულის მსგავსად მიზნად ისახავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების სამართლიანობისა და შემთხვევითობის უზრუნველყოფას. კერძოდ, არაერთი სახელმწიფო აკონტროლებს სათამაშო აპარატებისა და მათი სისტემების, ასევე ონლაინ თამაშების და მათ უკან მდგომი სისტემების/პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობას და დაცულობას. ამ გზით სახელმწიფო რწმუნდება, რომ არც-ერთ პირს არ აქვს საშუალება, პროგრამული უზრუნველყოფის მანიპულირების გზით გავლენა მოახდინოს თამაშის შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიზანია ისეთი პირის კონტროლი, „რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე“ - ან როგორც ამას --------ის კანონმდებლობა უთითებს, რომელთა როლიც შეუცვლელია თამაშების შედეგების განსაზღვრაში. კერძოდ, მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ყველა ის პირი, ვისაც შეუძლია თამაშების შედეგების მანიპულირება და უზრუნველყოს მათი მხრიდან კანონის დაცვა და თამაშის სამართლიანობის/შემთხვევითობის შენარჩუნება. მომჩივნის მიერ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტის მოსაზრება, რომელშიც სწორედ ამაზეა ხაზი გასმული, რომ ბონუსების გაცემის მომსახურება არ შეიძლება რაიმე ფორმით გავლენას ახდენდეს თამაშის შედეგზე და ასევე ამ ტიპის მომსახურება ვერ იქნება არსებითი, რამდენადაც ბონუსების გაცემის გარეშეც შეუფერხებლად ფუნქციონირებს აზარტული თამაშები. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ისე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში, ყოველგვარი ახსნისა და დასაბუთების გარეშე მითითებულია, რომ შპს ---ის მიერ გაწეული მომსახურების კონკრეტული ნაწილი - ბონუსების გაცემა - გავლენას ახდენს თამაშების შედეგებზე. კერძოდ, ორივე ინდ. აქტში ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა შემოიფარგლება შემდეგ ერთ წინადადებაში: „ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.“ ამასთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მითითებული მსჯელობა ფაქტობრივად მცდარია და საგადასახადო ორგანო არასწორად განმარტავს თამაშობის შედეგებზე გავლენას. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შპს ----ის თანამშრომლების მიერ მექანიკურად (დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე) დადასტურებული ბონუსი არ წარმოადგენს მოთამაშეთა მიერ პირდაპირ განაღდებად ჯილდოს და მოთამაშეს შეუძლია ეს ბონუსი გამოიყენოს მხოლოდ სათამაშო ბიზნესის შესაბამისი ორგანიზატორის პლატფორმაზე სათამაშოდ. მიუხედავად ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს დავალებისა, შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკნა თამაშის შედეგზე გავლენის მოხდენის კუთხით, ასევე 2025 წლის 18 თებერვლის ბრძანებაში არ იკითხება სხვა რაიმე დამატებითი არგუმენტი თუ რა მტკიცებულებები/გარემოებები შეისწავლა შემოსავლების სამსახურმა და რომელ მათგანს აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას. შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს არავითარ დამატებით არგუმენტს, რომელიც გააქარწყლებდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებსა თუ მტკიცებულებებს და იგი უბრალოდ იმეორებს მანამდე ერთხელ უკვე ბათილად ცნობილ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მშრალ და დაუსაბუთებელ მსჯელობას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოთამაშე მიღებულ ბონუსს იყენებს სათამაშოდ არ შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ეს გავლენას ახდენს თამაშის შედეგზე. მოთამაშე რეალურად ითამაშებს თუ არა, ან, რომელ თამაშს ითამაშებს და მითუმეტეს ამ თამაშს რა შედეგით დაასრულებს (მოიგებს თუ წააგებს), აღნიშნულზე შპს----ს არანაირი გავლენა არ აქვს. შესაძლებელია, რომ მოთამაშემ გადაიფიქროს და საერთოდ არ ითამაშოს. თამაშის გადაწყვეტილების შემთხვევაში რა შედეგით დასრულდება მიღებული ბონუსით თამაში - ამაზე გავლენა აქვს მხოლოდ ამ თამაშის ორგანიზატორს ან/და ამ თამაშის მიმწოდებელს, ასევე იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ ბიზნესს პროგრამულად უზრუნველყოფენ (ანუ იმ პირს, რომლის რეგულირებასაც ისახავს მიზნად კანონი). თავად ბონუსის ტექნიკურად დამადასტურებელს კი თამაშის შედეგებზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მაგალითად, თუკი შპს ----ის თანამშრომელი დაადასტურებს კონკრეტული მოთამაშისათვის 50 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსის ჩარიცხვას, მოთამაშემ შეიძლება ეს ბონუსი გამოიყენოს სათამაშო ბიზნესის შესაბამისი ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული თამაშის, მაგ. რულეტის სათამაშოდ. თუმცა, თამაშის დაწყების დროისათვის შსს ----ის თანამშრომელს უკვე აღარანაირი კავშირი აღარ აქვს მოთამაშესთან ან თამაშთან. მისი როლი დასრულდა მოთამაშესთან კომუნიკაციის დასრულებისთანავე. ამასთან, შპს ----ის თანამშრომელს არანაირი გავლენა არ აქვს და ვერც ექნება თამაშის შედეგზე. კერძოდ, რა შედეგით დასრულდება რულეტის დატრიალება, რომელზედაც ფსონი დადო მოთამაშემ - იქნება ეს შედეგი წითელი, შავი თუ „ზერო“. მეტიც, შპს ----ის თანამშრომლის ქმედება - ბონუსის ტექნიკური დადასტურება არანაირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ არის თამაშის შედეგებთან და მას არ შეუძლია ამ შედეგების არათუ კონტროლი/მანიპულაცია არამედ დანახვაც კი. იმის ნათლად საილუსტრაციოდ, რომ აუდიტის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის ლოგიკა მცდარია, მომჩივანს მოჰყავს მარტივი პრაქტიკული მაგალითი იმავე ინდუსტრიიდან. კერძოდ, განვიხილოთ მოთამაშის მიერ საკუთარ სათამაშო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ამ ტრანზაქციაში ჩართულია რამდენიმე პირი და პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად:

• მას შემდეგ, რაც მოთამაშე შევა ონლაინ კაზინოს სისტემაში და დააჭერს ანგარიშის შევსების ღილაკს, გადახდის ოპერატორი (მაგალითად Stripe, PayPal, Adyen, ა.შ.) აგროვებს მოთამაშის ბარათის/ანგარიშის მონაცემებს და ამ მონაცემებს, თანხის გადარიცხვის ავტორიზაციის მოთხოვნასთან ერთად, აწვდის საბარათე მომსახურების მიმწოდებელს (მაგალითად VISA, Mastercard, ა.შ.);

• საბარათე მომსახურების მიმწოდებელი იღებს თანხის გადარიცხვის ავტორიზაციის მოთხოვნას და ამ მოთხოვნას უგზავნის საბანკო დაწესებულებას - ბანკს, რომელშიც გახსნილი აქვს ანგარიში მოთამაშეს (ნებისმიერი ქართული თუ უცხოური კომერციული ბანკი);

• საბანკო დაწესებულება ადასტურებს გადარიცხვას და უგზავნის ამ დასტურს საბარათე მომსახურების მიმწოდებელს და გადახდის ოპერატორს;

• საბარათე მომსახურების გამწევის დახმარებით, მოთამაშის საბანკო დაწესებულება თანხას რიცხავს ონლაინ კაზინოს საბანკო დაწესებულებაში;

• როდესაც თანხა ჩაირიცხება ონლაინ კაზინოს საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, მიმღები ბანკი ინფორმაციას უგზავნის კაზინოს და კაზინოს პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხული თანხა ისახება მოთამაშის პირად სათამაშო ანგარიშზე.

შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე პირი (მაგალითად, PayPal-ი, VISA, მოთამაშის ბანკი და კაზინოს ბანკი) ქმნის შესაძლებლობას, რომ მოთამაშემ დაიწყოს თამაში. მეტიც, მათი ჩართულობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მოთამაშემ დაიწყოს თამაში. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ თუკი ესა თუ ის კომპანია (მათ შორის, შპს „----ი“) კაზინოსთვის გაწეული მომსახურების ფარგლებში მოთამაშეს თანხას (მათ შორის ბონუსის სახით) უსვამს სათამაშო ანგარიშზე, ასეთი კომპანია გავლენას ახდენენ თამაშის საბოლოო შედეგზე. თუკი ამ ლოგიკას გავიზიარებთ, გამოვა, რომ გადახდის ოპერატორიც (PayPal), საბარათე მომსახურების გამწევიც (VISA) და მოთამაშისა და კაზინოს ბანკებიც, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან მოთამაშის ანგარიშზე თანხის დარიცხვაში, ვალდებულნი იქნებიან აიღონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ნებართვა.

ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ თუკი შპს ---ი, როგორც ბონუსის ტექნიკურად დამრიცხველი ვალდებულია აიღოს აზარტული თამაშობის მიმწოდებლის ნებართვა, იგივე ტიპის ნებართვის აღება მოუწევთ ზემოთ ჩამოთვლილ ფინანსურ ინსტიტუტებს. მეტიც, ზემოთ ჩამოთვლილი ფინანსური ინსტიტუტები სათამაშო ბიზნესის ოპერატორს უწევენ ისეთ მომსახურებას, რომლის გარეშეც სათამაშო ბიზნესის (ონლაინ კაზინოს) ოპერირება შეუძლებელია - რადგან შეუძლებელია აზარტული თამაში ფულის გარეშე. სამაგიეროდ, სავსებით შესაძლებელია სათამაშო ბიზნესის ოპერირება ბონუსის გარეშე. გარდა ამისა, შპს -----ის მიერ დარიცხული ბონუსის წაგების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესი არ იღებს მოგებას (GGR) და არც მოთამაშე აგებს რამე რეალურს. ხოლო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დარიცხული ნაღდი ფულის წაგების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესი აგენერირებს მოგებას (GGR-ს) და მოთამაშე ნამდვილად აგებს თანხას. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტების მიერ თანხის ჩარიცხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მომსახურებაა სათამაშო ბიზნესისათვის, ვიდრე შპს -----ის მიერ ბონუსის (ფიქტიური აქტივის) დარიცხვა.

ზემოთ განხილული მაგალითიდან ნათელია, რომ აბსურდული იქნებოდა ფინანსური ინსტიტუტებისათვის იმის მოთხოვნა, რომ მათ აეღოთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ნებართვა. ისეთივე აბსურდული, როგორც ამ ნებართვის აღების ვალდებულების დაკისრება შპს ----თვის. ამის მიზეზი კი მარტივია - თამაშის დაწყების საშუალების მიცემას არანაირი კავშირი/გავლენა არ აქვს თამაშის შედეგებზე. ნებართვა უნდა აიღოს ისეთმა პირმა - ვისაც უშუალოდ აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს თამაშის შედეგზე (შეცვალოს თამაშის ლოგიკა, RNG, პროგრამული უზრუნველყოფა, ა.შ.), და არა ყველა იმ პირებმა, ვინც ზოგადად შესაძლებელს ხდის თამაშს. ასეთი განმარტების შემთხვევაში ნებართვას დაექვემდებარებოდა თელმიკო, სილქნეტი და ყველა სხვა ის პირი, რომელიც ქმნის საჭირო ინფრასტრუქტურას ონლაინ თამაშობაში მონაწილეობის მისაღებად. შემოსავლების სამსახურს არ წარმოუდგენია პოზიცია, რომელიც უარყოფდა მომჩივნის არგუმენტაციას მოცემულ საკითხზე. მიუხედავად ფინანსთა სამინისტროს დავალებისა, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 თებერვლის ბრძანებითაც გადასახადის გადამხდელისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია რატომ არ იზიარებს შემოსავლების სამსახური მომჩივანის არგუმენტაციას და რა ნაწილში არ ეთანხმება მას. 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში მათ მიერ მითითებული არგუმენტი წინა (ბათილ) ბრძანებაში ხსენებული ერთადერთი არგუმენტის იდენტურია - „საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას,შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.“ აღნიშნული მცდარი მსჯელობა კი მომჩივანმა არაერთხელ გააქარწყლა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საქმის განხილვის ეტაპზე, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება და ხელახლა დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს მტკიცებულებათა სრულყოფილად გამოკვლევის/შეფასების მიზნით, რაც შემოსავლების სამსახურს არ გაუკეთებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ შპს ----ის მიერ გაწეული არც ერთი მომსახურება თუ ქმედება გავლენას არ ახდენს და ვერ მოახდენს თამაშის შედეგებზე. მეტიც, შპს ----ს არ აქვს კონტროლის საშუალება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს თამაშის ორგანიზატორისაგან მიღებულ ბონუსს კონკრეტული მოთამაშე, რა თამაშს ითამაშებს და რა შედეგით დაასრულებს ამ თამაშს. შპს -----ის როლი სრულდება მომხმარებელთან ზარის/ჩათის დასრულებასა და კონკრეტული საკითხის გადაჭრასთან ერთად. ამ ბონუსის გამოყენება/არგამოყენების საკითხი, კონკრეტული თამაშის შერჩევა, ფსონის დადება/არ დადება და დადებული ფსონის ოდენობა მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეზე. ხოლო კონკრეტული თამაშის შედეგი დამოკიდებულია თამაშის ორგანიზატორზე ან/და ამ თამაშის მიმწოდებელზე. შესაბამისად, მომჩივანი თვლის, რომ შპს ----ის მიერ გაწეულ მომსახურებას არანაირი გავლენა არ აქვს თამაშის შედეგებზე და შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს იმ არსებით მომსახურებას, რომელიც საჭიროებს ნებართვას.

1.3. ექსპერტის დასკვნა სადავო საკითხზე:

საქმეში წარმოდგენილია ექსპერტის მოსაზრება, რომელიც შედგენილია შვეიცარიის კონფედერაციის ლიცენზირებული იურისტის, დოქტორი ------სა და ----ის ლიცენზირებული იურისტის, ----ის თამაშების ორგანოს (-------) ყოფილი მთავარი მრჩეველისა და თამაშების მარეგულირებელთა ევროპული ფორუმის (--------) ბორდის წევრის, დოქტორი ------ს თანაავტორობით. დასკვნაში სადავო თემა განხილულია -----ის საკანონმდებლო ნორმებსა და -----ის თამაშების ორგანოს (MGA) პრაქტიკაზე დაყრდნობით. აღნიშნული ანალიზი რელევანტურია ჩვენი საქმისათვის, რამდენადაც ქართული კანონმდებლობა ეფუძნება სწორედ -----ის მოწესრიგებას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. ექსპერტის მოსაზრებაში რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზეა გამახვილებული ყურადღება, რომელზედაც ქვემოთ მოკლედ მოგახსენებთ. ექსპერტის დასკვნის სრულად გასაცნობად იხილეთ დანართი №3. ქართული კანონმდებლობა, -----ის კანონმდებლობის მსგავსად, ერთმანეთისაგან მიჯნავს არსებით და არაარსებით მომსახურებებს. კერძოდ, თუ პირი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორს აწვდის არსებით მომსახურებას, როგორც ქართული, ისე -----ი კანონმდებლობით მას მოეთხოვება ნებართვა. ხოლო თუ პირი სათამაშო ბიზნესის ოპერატორს აწვდის არაარსებით მომსახურებას, ასეთ შემთხვევაში ნებართვის აღების ვალდებულება არ არსებობს. ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, როგორც ქართულ, ისე ------ის კანონმდებლობაში არსებითი და არაარსებითი მომსახურებების გასამიჯნად გამოყენებული ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ის, მომსახურებას აქვს თუ არა გავლენა თამაშის შედეგებზე. ამ მხრივ ექსპერტის დასკვნაში გაანალიზებულია, ახდენს თუ არა გავლენას შპს ------ის მიერ გაწეული მომსახურება თამაშის შედეგებზე. ექსპერტს გამოყოფილი აქვს რამდენიმე ძირითადი არგუმენტი:

• ექსპერტის მოსაზრებაში მკაფიოდაა გამოხატული პოზიცია იმის შესახებ, რომ ბონუსის გაცემა არ ცვლის თამაშის ლოგიკას, შემთხვევითი რიცხვების გენერატორს, არც თამაშის პროგრამულ უზრუნველყოფას და არც მის საწყის კოდს. შესაბამისად, ბონუსის გაცემა არ და ვერ მოახდენს რაიმე გავლენას თამაშის შედეგებზე.

• ექსპერტის მოსაზრებაში ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზეც, რომ ბონუსის გაცემა თითქმის ნაღდი ფულის ჩარიცხვის იდენტურია. ამ მხრივ კი, შპს ---ის როლი ფაქტობრივად უთანაბრდება იმ პირების როლს, რომლებიც მოთამაშის ანგარიშზე თანხის განთავსებაში იღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან VISA, MASTERCARD და საბანკო დაწესებულებები. საბანკო დაწესებულებები, როგორც პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთამაშის ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვას „გარკვეულწილად“ ჩართული არიან სათამაშო ბიზნესში. თუმცა ისინი არ იღებენ არანაირ უშუალო მონაწილეობას თავად სათამაშო ეკოსისტემაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც საბანკო დაწესებულებები, არც პლასტიკური ბარათის მომსახურების მიმწოდებლები (VISA, MASTERCARD) და არც შპს -----ი არანაირ გავლენას არ ახდენენ თამაშის შედეგებზე.

• ექსპერტის მოსაზრებაში ერთმანეთისაგან ასევე გამიჯნულია ბონუსის თანხის გაცემა და ბონუსის თანხის სათამაშოდ განთავსება. იმ მომენტში, როდესაც შპს ----ი გასცემს ბონუსს, ეს თანხა ისახება მოთამაშის პირად ბალანსზე. ამ ეტაპზე ეს თანხა ჯერ გადატანილი არ არის კონკრეტული აზარტული თამაშობის პროგრამულ მოდულზე. მოთამაშემ თავად უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ გადაიტანს თუ არა ამ ბონუსს კონკრეტული თამაშის მოდულზე, რომელ თამაშს შეარჩევს და შემდეგ დაიწყებს თუ არა თამაშს. შესაბამისად, შპს ----ი არ ახდენს გავლენას არა თუ თამაშის შედეგზე, არამედ მის დაწყებაზეც კი. შპს ---ი სრულიად დისტანცირებულია ამ პროცესისაგან.

ექსპერტის მოსაზრებაში დასკვნის სახით ნათლად არის მითითებული, რომ შპს ----ის მიერ ბონუსების გაცემა არ წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ლიცენზიას ან/და ნებართვას ------ის სათამაშო კანონმდებლობის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურმა სათანადოდ არ შეაფასა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა. მათი 2025 წლის 18 წლის ბრძანებაში მომჩივნის მიერ წარდგენილ დასკვნაზე ნამსჯელია მხოლოდ ირიბად: „ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს“.

ცალსახაა, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ შეუსწავლია/შეუფასებია ექსპერტის დასკვნა აღნიშნულ საკითხზე, რამდენადაც მათ ბრძანებაში არ არის ნახსენები რა ნაწილში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახური წარმოდგენილ დასკვნას და რა ალტერნატიულ არგუმენტებს გვთავაზობს შემოსავლების სამსახური დასკვნაში მოყვანილი არგუმენტებისა თუ სამართლებრივი მსჯელობის გასაქარწყლებლად. შესაბამისად, არც ამ მტკიცებულების შესწავლა/შეფასების ნაწილშია გათვალისწინებული ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს დავალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვითხოვთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტების გაუქმებას და დარიცხული მოსაკრებლის განულებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 14.12.2021 წლის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირებს, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა განესაზღვრათ ვალდებულება უზრუნველეყოთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის მიხედვით, ნებართვის სახეა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 პუნქტით განსაზღვრულია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები, კერძოდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა არის წელიწადში 100 000 ლარი.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის 1011 პუნქტით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება. სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის, მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებგვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას. აღნიშნული საქმიანობა საგადასახადო ორგანომ მიიჩნია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილის და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ---ის მიერ გაწეული არც ერთი მომსახურება თუ ქმედება გავლენას არ ახდენს და ვერ მოახდენს თამაშის შედეგებზე. მეტიც, შპს ---ს არ აქვს კონტროლის საშუალება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს თამაშის ორგანიზატორისაგან მიღებულ ბონუსს კონკრეტული მოთამაშე, რა თამაშს ითამაშებს და რა შედეგით დაასრულებს ამ თამაშს. შპს ----ის როლი სრულდება მომხმარებელთან ზარის/ჩათის დასრულებასა და კონკრეტული საკითხის გადაჭრასთან ერთად. ამ ბონუსის გამოყენება/არგამოყენების საკითხი, კონკრეტული თამაშის შერჩევა, ფსონის დადება/არ დადება და დადებული ფსონის ოდენობა მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეზე. ხოლო კონკრეტული თამაშის შედეგი დამოკიდებულია თამაშის ორგანიზატორზე ან/და ამ თამაშის მიმწოდებელზე. შესაბამისად, მომჩივანი თვლის, რომ შპს ----ის მიერ გაწეულ მომსახურებას არანაირი გავლენა არ აქვს თამაშის შედეგებზე და შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს იმ არსებით მომსახურებას, რომელიც საჭიროებს ნებართვას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრებული ბრძანებით არამართლზომიერად მიიჩნია დარიცხულ მოსაკრებელზე საგადასახადო კოდექსის 272-ე და 276-ე მუხლებით განსაზღვრული სანქციის შეფარდება და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 276-ე მუხლებით განსაზღვრული სანქცია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე, საგადასახადო კოდექსის 49-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლების შინაარსზე და განმარტავს, რომ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ხოლო საგადასახადო ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ მოიცავს სადავო საკითხის (აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით წლიური სანებართვო მოსაკრებლის დარიცხვა) ადმინისტრირების უფლებას და შესაბამისად, სცდება საგადასახადო ორგანოს კომპეტენციის სფეროს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ საქმიანობა უკანონოა, პირი უნდა დაექვემდებაროს შესაბამის, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ნებართვის აღების პროცესში, ამ ნებართვის აღების მიზნით. ამასთანავე, სანებართვო მოსაკრებლის დარიცხვამ შესაძლებელია ლეგიტიმურად წარმოაჩინოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების შეფასების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შპს „------ზე“ სანებართვო მოსაკრებლის დარიცხვა, იმ მოტივით მას ნებართვა არ გააჩნდა, სცდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას და შესაბამისად, ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.02.2025 წლის №2861 ბრძანება;

3. გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შედეგად დარიცხული თანხები (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი).

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.07.2021 წლიდან 11.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის, მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებგვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას.

კომპანიის წარმომადგენლებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 15.02.2022 წლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის საფუძველზე მომჩივნის საქმიანობა/გაწეული მომსახურება მიჩნეულ იქნა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილის და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №22226 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №24235/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის №2861 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების შეფასების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივანის სანებართვო მოსაკრებლის დარიცხვა, იმ მოტივით მას ნებართვა არ გააჩნდა, სცდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას და შესაბამისად, ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: