გადაწყვეტილება №18510/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18510/2/2022
2.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: : შპს ------- (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- (ს/ნ-----) 23.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18510/2/2022).
დავის საგანი:
1. უარი ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის №ID ---------- შესაგებელი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №ID ---------- შესაგებელი;
3. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30955 ბრძანება.
სადავო თანხა: 76 706 ლარი (22.06.2022 წლის №ID ---------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა); 114 405 ლარი (22.07.2022 წლის №ID ---------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა). პროცედურული გარემოებები აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის №ID ---------- და 2.09.2022 წლის №ID ---------- შესაგებლები 16.09.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.12.2022 წლის №30955 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №ID ---------- შესაგებელთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო 23.06.2022 წლის №ID ---------- შესაგებელთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30955 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უარი ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
22.07.2022 წელს მომჩივანმა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით №ID ---------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის შესაგებლით გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №22774 ბრძანებით დანიშნულია კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
22.07.2022 წელს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის დაბრუნების თაობაზე. მიმართვიდან 42-ე დღეს, (სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით) 2 სექტემბერს მიიღო უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. უარის საფუძველია: „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება.
აუდიტის დეპარტამენტის წერილი მიიღო 2 სექტემბერს, ხოლო 22 ივლისის განცხადების განხილვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა ამოიწურა 21 აგვისტოს. შესაბამისად 2 სექტემბერს ჩანიშნული საგადასახადო შემოწმება ვერანაირად ვერ იქნება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დამაბრკოლებელი გარემოება.
არ არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის მე-135 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანებით
ა) არ იმსჯელა და არ განიხილა მის მიერვე 9.08.2022 წელს გამოტანილი გადაწყვეტილების აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულებაზე (იგნორირებაზე);
ბ) არ მისცა სამართლებრივი შეფასება, 2022 წლის 17 მაისს და 22 ივლისს დაწერილ განცხადებასთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი ვადების უხეშ დარღვევას.
ადმინისტრაციული ორგანისთვის დადგენილი ვადების განუხრელი დაცვა კი, მეწარმეთა და სხვა პირთა უფლებების სრულფასოვანი რეალიზების მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. აღნიშნულის შესახებ არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა, როგორც უზენაესმა ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ.
მომჩივანი ითხოვს:
1. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 22.07.2022 წელს მოთხოვნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის 114 405.10 ლარის დაბრუნება;
2. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იქნეს საგადასახადო ორგანოს უაღრესად ღვაწლმოსილი და კვალიფიციური თანამდებობის პირი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ა. ძ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 22.07.2022 წელს განცხადებით მიმართვიდან 42-ე დღეს, (სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით) 2 სექტემბერს მიიღო უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. უარის საფუძველი იყო „მოთხოვნის“ წარდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილი შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება. ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი 30 დღიანი ვადა ამოიწურა 21 აგვისტოს. შესაბამისად 2 სექტემბერს ჩანიშნული საგადასახადო შემოწმება ვერანაირად ვერ იქნება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დამაბრკოლებელი გარემოება.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №22774 ბრძანებით დანიშნულია კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
ამდენად, სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2.09.2022 წელს დაინიშნა მომჩივნის საგადასახადო შემოწმება და ამავე პერიოდში მომჩივნის „მოთხოვნა“ აუდიტის დეპარტამენტში განხილვის პროცესში იყო, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა 17.05.2022 წელს №ID ---------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
მომჩივანს 21.06.2022 წელს დაუდგინდა ხარვეზი№ID ----------, კერძოდ, ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ მოხერხდა კონკრეტული საკითხის იდენტიფიცირება, საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით, მომჩივანს დაევალა ინფორმაციის (დასახელება, ს/ნ) წარდგენა თუ ვისზე ხორციელდებოდა მათ მიერ იმპორტირებული საქონლის მიწოდება წინასწარ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე.
გადამხდელმა აღნიშნული ხარვეზის პასუხად 22.06.2022 წელს წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მის მიერ არ იქნა მიწოდებული მოთხოვნილი ინფორმაცია და შესაბამისად, ვერ დადგინდა დეკლარირებული მონაცემების სისწორე. ასევე, ამავე დღეს წარადგინა №ID ---------- განცხადება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის №ID ---------- შესაგებლით მომჩივანს ეცნობა, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის მე-13 მუხლის 51 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ მომჩივნის მიერ ინფორმაცია წარდგენილი არ არის სრულად და აუდიტის დეპარტამენტს არ მიეცა დეკლარირებული მონაცემების შესაბამისობის დადასტურების საშუალება.
აღნიშნული შესაგებელი 24.06.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2022 წლის №21264 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება 23.09.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.10.2022 წლის №------/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
16.09.2022 წელს მომჩივანმა 23.06.2022 წლის №ID ---------- შესაგებელზე საჩივრით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული შესაგებელი გადამხდელის მიერ გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურში 24.06.2022 წელს, რომელთან დაკავშირებითაც, გამოიცა შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21264 ბრძანება. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ამდენად, წარდგენილი საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნული შესაგებლის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
17.05.2022 წელს განცხადებით მიმართეთ შემოსავლების სამსახურს ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის დაბრუნების თაობაზე. მიმართვიდან 35-ე დღეს (სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით) 21 ივნისს, განცხადებაზე დადგენილია ხარვეზი. ხარვეზი სრულად იქნა აღმოფხვრილი მეორე დღეს. 23 ივნისს მიიღო სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელი უარი (შესაგებელი) განცხადების დაკმაყოფილებაზე.
შესაგებელი/გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2022 წლის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: „გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნება“. ამავე გადაწყვეტილებით საბჭო მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტს: საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
შემოსავლების სამსახურის ბრძანება „გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი“, დღემდე არ აღსრულებულა.
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 17.05.2022 წელს მოთხოვნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის 76 706.36 ლარის დაბრუნება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სადავოს არ წარმოადგენს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის №ID ---------- შესაგებელზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო 24.06.2022 წელს, რაზეც შემოსავლების სამსახურს ნამსჯელი აქვს 9.08.2022 წლის №21264 ბრძანებით. ასევე სადავოს არ წარმოადგენს, რომ მომჩივანმა აღნიშნულ შესაგებელზე 16.09.2022 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება.
რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21264 ბრძანების აღუსრულებლობაზე, აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილია საჩივარი/განცხადება, რომლის განხილვა არ დასრულებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.