გადაწყვეტილება №25382/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2025
№ დოკუმენტი 25382/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25382/2/2025

09 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს "------"-ს 26.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25382/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №EL283316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11956 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

24.04.2025 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, ტრანზიტის პროცედურისთვის განკუთვნილი საქონლით (შაქრის ნედლეული) დატვირთულ №"------"სარკინიგზო ვაგონზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „------- პორტის“ მიერ გამოიწერა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №"------" და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“.

სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, "------"-ის სარკინიგზო სადგურში გამოცხადდა „------“-ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლის მიერ განხორციელებული შემოწმებით აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ ვაგონზე ახსნილი იყო თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №"------"ვაგონში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი – სს „---------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2025 წელს, გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 28.04.2025 წელს შედგენილია №EL283316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.06.2025 წლის №11956 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 166-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად იგი ვალდებული იყო გამოერიცხა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „-------“ იგივე ქმედების ჩადენისთვის 12 თვის განმავლობაში არაერთგზის არის დაჯარიმებული, ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტს. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის საბაჟო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას. ამასთან, ამავე შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად, გადამზიდავს უფლება აქვს შეამოწმოს, დაცულია თუ არა გამგზავნის მიერ გადაზიდვის პირობები და შეესაბამება თუ არა გზავნილი გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს, ხოლო მე-20 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, დასაპლომბად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც შეუძლებელია მათი დაზიანების გარეშე. პლომბები დადებული უნდა იქნეს ისე, რომ გამოირიცხოს ტვირთთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მათი დაზიანების გარეშე.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სს „-------“, როგორც საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება.

სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით ვაგონი № "------" (გზავნილი "------" №"------") დაიტვირთა და გაფორმდა სადგურ "------"-ში, 24.04.2025 წელს, ტვირთგამგზავნ „------ - ის“ მიერ. ვაგონი ჩაბარდა დაცვას და გაიგზავნა სადგურ "------"- დან 25 აპრილს 04:50 საათზე №2213 მატარებლით.

აღნიშნული ვაგონი შევიდა სადგურ "------"-ში 25 აპრილს, 22:23 სთ-ზე. სადგურ "------"-ის №"------" საერთო ფორმის აქტის და №4 ოპერატიული შეტყობინების თანახმად, ვაგონის კომერციული დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მსვლელობის მარჯვენა მხარეს, ჩამოსაცლელი ლუქების დამღა იყო უმოქმედი, ვინაიდან ჩამოსაცლელი ლუქების საერთო ჩამკეტში არ იყო გაყრილი ჯაჭვები. აღნიშნულის გამო ვაგონს დაედო სადგურ "------"-ის სამი ცალი დამღა A-002 და აიხსნა მატარებლის შემადგენლობიდან კომისიური დათვალიერებისთვის. 28 აპრილს კომისიურად დათვალიერებისას ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა. ვაგონს დაედო სადგურ "------"-ის დამღები A-003 და საბაჟო დამღები "------", "------", რის შემდეგაც ვაგონი გაიგზავნა დანიშნულებისამებრ.

სს "------"-სა და შპს"------"-ს შორის 18.06.2024 წლის №შს/24- 111 ხელშეკრულების „მომსახურების განხორციელების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობების“ მე-3 პუნქტის 3.3.10 ქვეპუნქტების თანახმად, „დასაცავ ობიექტებზე“ მდგომი დაცვაზე აყვანილი „დაუცველი“ ტვირთების, ვაგონების, კონტეინერების, სხვადასხვა მოწყობილობების, მექანიზმების, ელმავლების, თბომავლების, სამგზავრო ვაგონების, სპეც. დანიშნულების ვაგონების, აგრეთვე სს „------ -ზე “ მოძრავ „დაცულ ტვირთებზე“ დამღების, საბაჟო დამღების და ღია მოძრავი შემადგენლობის გადაზიდვისას დამცავი ნიშანდების გამართულობის დაცვას უზრუნველყოფს შპს „--------“.

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ პირველი მუხლის თანახმად, რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები (შემდგომ - წესები) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს და პასუხიმგებლობას.

ამავე წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ვაგონებს ტვირთავს ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის. 2.კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. ასევე,31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა.

რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების 22-ე თავი ეთმობა "------"-ზე „ვაგონების და კონტეინერების დაპლომბვის წესს“, სადაც 327-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ვაგონებში (კონტეინერებში) გარეშე პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და გადასაზიდი ტვირთის ხელშეუხებლობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება საკეტ-საპლომბი მოწყობილობა. საკეტ-საპლომბი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს მისი მოხსნის შეუძლებლობას მთლიანობის დაურღვევლად და ვაგონში (კონტეინერში) უნებართვო შეღწევის შესაძლებლობას. 328-ე მუხლის მე-2 პუნქტით საკეტ-საპლომბ მოწყობილობას ვაგონსა და კონტეინერზე აყენებს მისი დამტვირთავი მხარე, ამავე წესების 329-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონები (კონტეინერები) გაიხსნა, მასზე ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობების დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო, რის შესახებ აღინიშნება გადაზიდვის საბუთებში. საბაჟო ორგანოს მიერ ვაგონების (კონტეინერების) გახსნის შესახებ ფორმდება შესაბამის აქტი, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის თანახმად.

სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის.

მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს. თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგსა და პირის ბრალეულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად დაუსაბუთებელია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამზიდავისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ფაქტის გამო, რაც მისთვის ობიექტურად წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი და ხელმისაწვდომი. ამდენად, გაუგებარია რა სამართალდარღვევა ჩაიდინა სს "------"-მ, რომელი საბაჟო პროცედურა დაირღვა მის მიერ ან კონკრეტულად რა ქმედება არ განახორციელა.

ამასთან, განსაკუთრებული შემთხვევების და გარემოებების გარდა სს "------"-ზე ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რაზედაც რკინიგზას შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს გახლავთ ტვირთის დაკარგვით და დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები, ისიც თითოეული შემთხვევისა და ფაქტის ინდივიდუალურად განხილვისა და შეფასების პირობებში, ხოლო დამღების დაზიანებები, ან მისი არასწორად დადება კონკრეტულ შემთხვევაში არ არის სს საქართველო რკინიგზის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგი. შესაბამისად, არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს საბაჟო ორგანოს მიერ სს "------"-ს მიმართ სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება.

სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს, სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს, სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ივარაუდება რომ სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული რასაკვირველია არ გამორიცხავს სამართალდარღვევის გამოვლენის მიერ უზუსტობას ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას.

საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს პასუხიმგებლობას სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის, შესაბამისად სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებდეს განზრახ, ხოლო ასეთი ფაქტის მტკიცების ტვირთი ცალსახად საგადასახადო სამართალდამრღვევის გამომვლენი ორგანოს მხარეს აკისრია. ამავდროულად, აღნიშნული კატეგორიის საქმის განხილვისას, საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია დაადგინოს არა მხოლოდ იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილების ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურების ფაქტი, არამედ დაზიანების მიზეზი და მის ჩადენაში ბრალეული პირი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი სს „------ -ის “ მიერ იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების/გაუვარგისების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და შესაბამისად, კანონშეუსაბამოა დასკვნა სამართალდარღვევის ჩადენაში სს „-------- -ს “ ბრალეულობის შესახებ. ასევე, აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა დოკუმენტების თანახმად დანაკლისი არ არის დაფიქსირებული.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ მუხლზე, ამავე კოდექსის მე2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლზე, 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ იმისათვის რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, საბაჟო სანქცია არიას საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნული ნორმა ცალსახად უთითებს პირის, სამართალდარღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე ან უმოქმედობაზე, და მხოლოდ ამის შემდგომ აკისრებს პირს პასუხისმგებლობას. სს "------"-ს მხრიდან არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ადგილი არ ჰქონია.

შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანება მიიღო საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, მომჩივნის დაუსწრებლად.

ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 ნაწილებით რეგლამენტირებულია, რომ საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. და რომ მომჩივანს უფლება აქვს თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. დასახელებული მუხლის მე-8 ნაწილით კი მომჩივანთან დაკავშირების შესაძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179- ე და 181-ე მუხლების თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები. იმ შემთხვევაში თუ დავის განმხილველი ორგანო საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციას და წარდგენილ დოკუმენტაციას, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის მფლობელი არის საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.

საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით:

6. სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების ან დაკარგვის თაობაზე და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შენობა-ნაგებობაზე დაზიანების კვალის ან სხვა დაზიანების აღმოჩენის შესახებ.

7.დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ვაგონი №"------" სადგურ "------"-ში შევიდა 25 აპრილს. ვაგონის კომერციული დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მსვლელობის მარჯვენა მხარეს, ჩამოსაცლელი ლუქების დამღა იყო უმოქმედი, ვინაიდან ჩამოსაცლელი ლუქების საერთო ჩამკეტში არ იყო გაყრილი ჯაჭვები. 28 აპრილს კომისიურად დათვალიერებისას ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა. ვაგონს დაედო სადგურ "------"-ის და საბაჟო დამღები და გაიგზავნა დანიშნულებისამებრ. ასევე, მიუთითებს, რომ სს "------"-სა და შპს "------"-ს შორის 18.06.2024 წლის №შს/24-111 ხელშეკრულებით, სს „------- - ზე“ მოძრავ „დაცულ ტვირთებზე“ დამღების, საბაჟო დამღების და ღია მოძრავი შემადგენლობის გადაზიდვისას დამცავი ნიშანდების გამართულობის დაცვას უზრუნველყოფს შპს „--------"

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი გამოერიცხა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა/მოცილება.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლების თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები. ასევე ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

24.04.2025 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, ტრანზიტის პროცედურისთვის განკუთვნილი საქონლით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონზე, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გამოიწერა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“.შემოწმებით აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ ვაგონზე ახსნილი იყო თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდავაგონში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2025 წელს, გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 28.04.2025 წელს შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163(11).

,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება.