გადაწყვეტილება №23278/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23278/2/2024
09 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 18.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23278/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 29.03.2024 წლის №22043/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივნისის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 720 771 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 308 045
დღგ - 79 186
მოგების გადასახადი - 134 882
საშემოსავლო გადასახადი - 93 977
ჯარიმა - 321 225
საურავი - 91 501
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №11749 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები), ასევე შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას (საბანკო ამონაწერები), რომელზე დაყრდნობითაც შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება არაგონივრული ფულის ნაშთი 690 000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო საწარმოს დირექტორის განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი განხილული უნდა იქნას დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი (ფაქტიური ნაშთების გათვალისწინებით) 690 000 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე) განხილულ იქნა დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე;
შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები (ჯამურად 5 481 ლარი), რომლის შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი. საწარმოს აღნიშნულ ნაწილში შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 5 481 ლარი დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელექტრონული ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ, რომელზეც აგრეთვე მიღებული აქვს საბოლოო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების შედეგად კომპანიას შეუმცირდა განაშთული ავანსის ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 8 231 ლარის ოდენობით.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ (ს/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ შპს „----------“ გამოწერილ ავ----------; ეა----------; ეა---------- და ეა---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (სულ თანხა - 508 217 ლარი, დღგ - 77 525 ლარი) მითითებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო დღგ-ის თანხა საწარმოს სრულად აქვს ჩათვლილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს შეუმცირდა 2020 წლის მაისის, ივნისის, დეკემბრის და 2022 წლის ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა 77 525 ლარის ოდენობით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე;
შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე (შემოწმების მიმდინარეობისას ვერ განხორციელდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირება, საწარმოს უფლებამოსილი პირისთვის მიწოდებული იქნა შესაბამის პირთა სია, თუმცა არ არის წარდგენილი შემოწმებისთვის მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები) გადახდილი აქვს 263 182 ლარი. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშსწორებით არაიდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის №27320 ბრძანება და №007-313 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 694 783 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 5 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 დეკემბრის №33512 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.03.2024 წლის №22043/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 29.03.2024 წლის №22043/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის დასკვნა, 10.06.2024 წლის №13597 ბრძანება და 11.06.2024 წლის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 3 589 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 720 771 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება. მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილში არსებული ინფორმაცია. კერძოდ, შემოწმების მიერ რიგი ხარჯები დაკვალიფიცირებული იყო ხელფასის სახის ხარჯად და დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით. გადაანგარიშების ნაწილში კი მოხდა მათი კვალიფიკაციის შეცვლა და წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით დაკვალიფიცირდა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული პრინციპი არ იქნა გამოყენებული ნაღდი ფულის ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირებულია როგორც დივიდენდი და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ორისში - დირექტორზე გაცემულ სესხად. ამასთან, 2024 წლის 1 თებერვალს აღნიშნული სესხის ნაწილი - 77 525 ლარი დაბრუნებულია დირექტორის მიერ კომპანიაში და შემდგომ გადარიცხულია ბიუჯეტში, რომელიც დღესაც ზედმეტობაშია. შესაბამისად, მიაჩნია, რომ გადაანგარიშების ნაწილში სრულად უნდა მოხდეს წარდგენილი ინფორმაციის გაზიარება და დივიდენდად დაბეგრილი თანხა გადაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულ სესხად, რათა თანხის დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს დაბეგრილი თანხის ჩათვლა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2024 წლის 11 ივნისის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 29.03.2024 წლის №22043/2/2024 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერები და ცხრილში არსებული მონაცემები. შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებით გადახდილი თანხის მიმღები პირების ნაწილი წარმოადგენს რეგისტრირებულ/მოქმედ მეწარმე ფიზიკურ პირს, თუმცა არც შემოწმების მიმდინარეობისას და არც გადაანგარიშების ეტაპზე არ ფიქსირდება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა. საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილ თანხებში განხორციელდა დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). კერძოდ, საშემოსავლო გადასახადში დაბეგრილი თანხები დაექვემდებარა შემცირებას 32 537 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული თანხა - 32 537 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე) დაკვალიფიცირდა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადაანგარიშების ეტაპზე დანარჩენ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/საბუღალტრო ჩანაწერებით შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები არ გამოვლენილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი 8 613 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 5 742 ლარი და ჯარიმა - 2 871 ლარი. ამასთან, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 12 201 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 8 134 ლარი და ჯარიმა - 4 067 ლარი.
გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 3 589 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 2 393 ლარი და ჯარიმა - 1 196 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის №---------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ (ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ელ. სასაქონლო ზედნადებები), სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) და შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას (საბანკო ამონაწერები). აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება არაგონივრული ფულის ნაშთი 690 000 ლარი (შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად). შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო კომპანიის დირექტორის განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი განხილული უნდა იქნას დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი (ფაქტიური ნაშთების გათვალისწინებით) 690 000 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე), რომელიც განხილულ იქნა დამფუძნებლის ---------- (პ/ნ ----------) მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 15%-იანი განაკვეთით. მომჩივანი აგრეთვე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. ამასთან, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დამფუძნებლის ---------- მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, 5%-იანი განაკვეთით. საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაკავებულ ყოველთვიურ დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 29.03.2024 წლის №22043/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ (ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ელ. სასაქონლო ზედნადებები), სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) და შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას (საბანკო ამონაწერები). აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება არაგონივრული ფულის ნაშთი 690 000 ლარი (შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად). შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო კომპანიის დირექტორის განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი განხილული უნდა იქნას დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი (ფაქტიური ნაშთების გათვალისწინებით) 690 000 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე), რომელიც განხილულ იქნა დამფუძნებლის ფიზიკური პირის მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 15%-იანი განაკვეთით. მომჩივანი აგრეთვე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. ამასთან, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დამფუძნებლის ფიზიკური პირის მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, 5%-იანი განაკვეთით. საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაკავებულ ყოველთვიურ დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 130(1); 275; 280.