ბრძანება N 22002
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22002
11.09. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: -----------------------------------)
2023 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------) 2023 წლის პირველი აგვისტოს №82781/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №001-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ გაცემულია სესხი და არა ხელფასი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ერთად მთლიანი თანხის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიცირებისას, გათვალისწინებული არაა 2008 წლიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი და ამ მოგების გადასახადის პროპორციული ნაწილის განხილვა დივიდენდად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 ივნისის №15296 ბრძანება და ამავე თარიღის №001-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 212 776 ლარი, მათ შორის, გადასახადი 119 701 ლარი, ჯარიმა 73 315 ლარი, საურავი 19 760 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. შპს „-------------ის“ მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს მაღალი ნაშთი. 2022 წლის 31 ოქტომბერს გადამხდელის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0 (ნული) ლარს, ხოლო სააღრიცხვო პროგრამაში მისი ოდენობა მითითებული თარიღისათვის განსაზღვრულია 345 013 ლარით. შემოწმებამ ასევე დაადგინა, რომ 2020 წლის ნოემბერში სალაროს შემოსავლებში არ იყო გათვალისწინებული 7 357 ლარი, აღნიშნული თანხა დაემატა პროგრამულად არსებულ ნაშთს და მიღებული ჯამი 352 370 ლარი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
. დაფუძნების დღიდან შპს „-------------ის“ საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე 2008-2016 წლების წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციებით შპს „-------------ს“ სალდირებულად (მიღებული ზარალის თანხების გათვალისწინებით) უფიქსირდება დასაბეგრი მოგება, სულ 925 878 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ განაწილებული დივიდენდი შეადგენს 819 994 ლარს. 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდის ბაზური დამუშავების შედეგად, შემოსავლის და ხარჯების ანალიზით, გადამხდელს კვლავ უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგების ზრდა. შემოწმებით გაანგარიშდა წმინდა მოგება, დარიცხული/გადახდილი დივიდენდების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების, გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მიღებულ იქნა დადებითი მაჩვენებელი. გარდა ამისა, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად, უფიქსირდება ბანკის სასესხო ვალდებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოადგინა სასესხო ხელშეკრულება, შესაბამისად შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში მიღებული სასესხო თანხები და არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი გათვალისწინებულ იქნა. აღნიშნულის მიუხედავად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული პროგრამის სააღრიცხვო მასალებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის საწესდებო კაპიტალის საწყის ნაშთად ფიქსირდება 133 085 ლარი, რომლის შემცირებასაც კომპანია ახორციელებს შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან და ბანკიდან ფულადი თანხების გატანის გზით, ჯამური თანხით 215 146 ლარი. შედეგად საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი შეადგენს (-82 062) ლარს. კომპანიას 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდიდან არ უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები, მაშინ როდესაც საქმიანობა შეწყვეტილი არ არის.
ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების, საწარმოს ფინანსური მდგომარეობით, საწარმოს აქტივების და ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს მიერ აღებული სესხების გათვალისწინებით შემოწმების მიერ ვერ ხდება საწყისი საწესდებო კაპიტალის ნაშთის მიზნობრიობისა და კომპანიისათვის საჭიროების დადგენა. შესაბამისად, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში, სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხები (215 146 ლარი) მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს მაღალი ნაშთი. გადამხდელის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის (31.12.2022) შედეგად დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0 (ნული) ლარს, ხოლო სააღრიცხვო პროგრამაში მისი ოდენობა განსაზღვრულია 345 013 ლარით. ასევე, 2020 წლის ნოემბერში სალაროს შემოსავლებში არ იყო გათვალისწინებული 7 357 ლარი და აღნიშნული თანხა დაემატა პროგრამულად არსებულ ნაშთს და მიღებული ჯამი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ამ ნაწილში არგუმენტი არ გააჩნია.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საწყისი კაპიტალის ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა ხანდაზმული პერიოდის ანალიზით სადაც შეუძლებელია რეალური ინფორმაციის მიღება და ეფუძნება მხოლოდ ელექტრონულად არსებულს ინფორმაციას. ამასთან, შინაარსიდან გამომდინარე ეს ოპერაცია არის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2008 წლიდან გადახდილი მოგების გადასახადის და ამ მოგების გადასახადის პროპორციული ნაწილის დივიდენდად განხილვასთან დაკავშირებით შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის თანხები მთლიანად იქნა განხილული დირექტორზე გაცემულ ხელფასად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2017-2019 წლების წარდგენილ მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში (III ნაწილი დანართი N1) სრულად აქვს ჩათვლილი 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა და ის შემდგომ ჩათვლას აღარ ექვემდებარება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ გაცემულია სესხი და არა ხელფასი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ერთად მთლიანი თანხის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიცირებისას, გათვალისწინებული არაა 2008 წლიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი და ამ მოგების გადასახადის პროპორციული ნაწილის განხილვა დივიდენდად.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს მაღალი ნაშთი. გადამხდელის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის (31.12.2022) შედეგად დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0 (ნული) ლარს, ხოლო სააღრიცხვო პროგრამაში მისი ოდენობა განსაზღვრულია 345 013 ლარით. ასევე, 2020 წლის ნოემბერში სალაროს შემოსავლებში არ იყო გათვალისწინებული 7 357 ლარი და აღნიშნული თანხა დაემატა პროგრამულად არსებულ ნაშთს და მიღებული ჯამი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა..
გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ამ ნაწილში არგუმენტი არ გააჩნია.
. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საწყისი კაპიტალის ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა ხანდაზმული პერიოდის ანალიზით სადაც შეუძლებელია რეალური ინფორმაციის მიღება და ეფუძნება მხოლოდ ელექტრონულად არსებულს ინფორმაციას. ამასთან, შინაარსიდან გამომდინარე ეს ოპერაცია არის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი.
. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების, საწარმოს ფინანსური მდგომარეობით, საწარმოს აქტივების და ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს მიერ აღებული სესხების გათვალისწინებით შემოწმების მიერ ვერ ხდება საწყისი საწესდებო კაპიტალის ნაშთის მიზნობრიობისა და კომპანიისათვის საჭიროების დადგენა. შესაბამისად, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში, სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხები მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4,9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“,2 „ა“.3 „ა“); 275;