ბრძანება N 3983

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 02.03.2023
№ დოკუმენტი 3983
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3983

02.03.2023

შპს „------------“ (ს/ნ ------------)

(მის.: ქ. ----------------------------)

2022 წლის 8 დეკემბრის, 26 დეკემბრის და

2023 წლის 8 იანვრის საჩივრების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „-------------“-ის (ს/ნ -------------) 2022 წლის 8 დეკემბრის №77123/1/2022, 26 დეკემბრის №18527/2/2022 და 2023 წლის 8 იანვრის №18601/2/2023 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №002-265 და 2021 წლის 1 მარტის №002-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებს, ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო და აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2019 წლის 22 მარტის №7099 ბრძანების გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებას, შემოწმების ხელახლა ჩატარებას და დარიცხული თანხების შემცირებას. მიუთითებს, რომ 2019 წლის 12 მარტს ორგანიზაციის ქონებას დაედო ყადაღა, ამავე პერიოდში, ---------- საბაჟო ტერმინალში იმყოფებოდა საწარმოს 49 ------- ხორბლით დატვირთული ავტომანქანა, რომლის მთლიანი ღირებულება გადახდილი იყო მომწოდებლებზე, ასევე საწარმოს შესყიდული ჰქონდა ---------ში დაახლოებით 880 ტონა ხორბალი, რომლითაც დატვირთული იყო 34 ავტომანქანა და იმყოფებოდა -------ის ტერიტორიაზე საბაჟო ტერმინალთან. განმარტავს, რომ ამავე წლის 22 მარტს წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რის საფუძველზეც განაბაჟა 35 ავტომანქანა, ხოლო 14 ავტომანქანა, იმ საფუძვლით, თითქოს მომწოდებელზე არ იყო პროდუქციის ღირებულება გადახდილი, წერილის საფუძველზე დაბრუნდა უკან, ასევე აღარ შემოსულა დანარჩენი 34 ---------- ხორბლით დატვირთული ავტომანქანა. გადამხდელი საჩივრებში მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილია სად წავიდა ზემოთ აღნიშნული ხორბალი, რის გამოც ითხოვს აუდიტის განმეორებით ჩატარებას, დავის განახლებას და დარიცხული თანხების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 22 მარტის №7099 და 16 სექტემბრის N31787 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---------’’-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 05 ივლისიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 24 ნოემბრის N31412 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 18 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 22 სექტემბრის №28540 ბრძანება და ამავე თარიღის №002-265 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 6 828 043 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 043 284 ლარი, ჯარიმა 2 568 890 ლარი და საურავი 1 215 869 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა 2020 წლის 30 დეკემბრის №39514 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №39514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წლის 18 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა შემცირდა 2500 ლარით და ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 1 მარტის №002-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 6 აგვისტოს №25842 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №002-265 და 2021 წლის 1 მარტის №002-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №002-265 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №39514 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წლის 18 თებერვალს გამოსცა დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 1 მარტის №002-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და 2021 წლის 6 აგვისტოს გამოიცა №25842 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №002-265 და 2021 წლის 1 მარტის №002-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------------) №77123/1/2022, №18527/2/2022 და №18601/2/2023 საჩივრები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2019 წლის 22 მარტის №7099 ბრძანებასთან დაკავშირებით საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. ხოლო, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ა) უფლებამოსილ პირს;

გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს ,,-----------’’-ს (ს/ნ -------------) კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2019 წლის 22 მარტის №7099 ბრძანება გაეგზავნა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2019 წლის 22 მარტს, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ბრძანებას ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2019 წლის 23 მარტს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 8 დეკემბერს, 26 დეკემბერს და 2023 წლის 8 იანვარს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------------“-ის (ს/ნ ----------------) №77123/1/2022, №18527/2/2022 და №18601/2/2023 საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2019 წლის 22 მარტის №7099 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------“-ის (ს/ნ --------------) საჩივრები ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „------------“-ის (ს/ნ --------------) საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №002-265 საგადასახადო მოთხოვნასთან, 2021 წლის 1 მარტის №002-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2019 წლის 22 მარტის №7099 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებას, დავის განახლებას და დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299 (7); 308;