ბრძანება N 10709
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10709
15.05.2023
შპს „---“ (ს/ნ ---)
მის.: (---) 2023 წლის 11 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „---“ (ს/ნ ---) №80319/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №001-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის (127 ლარი) გაუქმებას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სალიკვიდაციო დეკლარაციების წარდგენის შესახებ მიღებული შეტყობინება მექანიკურად მონიშნა წაკითხულად. განმარტავს, რომ კომპანიის მოკლე დროით ფუნქციონირების და გამოუცდელობის გამო არ იცოდა სალიკვიდაციო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №3705 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 9 აგვისტოდან 2023 წლის 24 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 აპრილის №7577 ბრძანება და ამავე თარიღის №001-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 181 ლარი, მათ შორის, გადასახადი 54 ლარი, ჯარიმა 127 ლარი, საურავი 0 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „---მ“ შემოწმების პროცესში წარადგინა ცნობები, საბანკო ამონაწერები და ახსნაგანმარტებითი ბარათები. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ ჰყავდა დებიტორ-კრედიტორები და არ ჰქონდა მის სახელზე რეგისტრირებული რაიმე ქონება. შემოწმების მიერ, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, მის მიერ წარდგენილი მასალები და დადგინდა, რომ ლიკვიდაციის დაწყებამდე, გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშიდან გატანილი ჰქონდა ნაშთი, რაც შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შპს „---“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 9 აგვისტოდან. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სახელმწიფო ტენდერებში, საიდანაც მოგებული ჰქონდა სულ ორ შემთხვევაში. აღნიშნულის საფუძველზე, სამეურნეო საქონელი მიწოდებული ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, რაზეც გაფორმებული იყო შესაბამისი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შემოწმების მიერ, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობა არ გამოვლენილა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის სალაროსა და ბანკის ნაშთი შეადგენდა ნულ ლარს. საჯარო რეესტრში არსებული და კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენლი ინფორმაციით, საწარმოს სახელზე რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ფიქსირდებოდა. შპს „---მ“ 2022 წლის 9 თებერვალს დაიწყო საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას სალიკვიდაციო დეკლარაციები არ წარუდგენია, ამასთან სატელეფონო გასაუბრებითაც გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში მატერიალური ფორმით ჩაბარების ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 205-ე მუხლის 10-ე ნაწილის და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ლიკვიდაციის დაწყებამდე, გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშიდან გატანილი ჰქონდა ნაშთი, რაც შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302 (2); 43; 269; 270; 291