ბრძანება N 4592
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4592
10.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: -------------------------- )
2023 წლის 10 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს ---------ს (ს/ნ --------------) №79028/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 დეკემბრის №31122 ბრძანებას. გადასახადის
გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით თანხა უნდა გადაეხადა ერთი წლის ფარგლებში. დირექტორს ჰქონდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა, რის გამოც ვერ გადაადგილდებოდა. ამის მიუხედავად ცალმხრივად შეწყდა გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება. შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტა უსაფუძვლო და არასამართლიანია, რადგან კომპანიის დირექტორი ვერ ახერხებდა გადაადგილებას და ასეთ პირობებში შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იყო. სამართლიანი იქნებოდა შესაბამისი პირების მიერ კომუნიკაცია კომპანიის უფლებამოსილ პირთან და დეტალების დაზუსტება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №1479 განკარგულების საფუძველზე შპს ---------ს (ს/ნ --------------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების №ა475-21 აქტი 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე შემდეგი პირობებით:
„3.1. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვროს 500 000 ლარით;
3.2. 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 365 კალენდარული დღე, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
ა) 125 000 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში;
ბ) 125 000 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში;
გ) 125 000 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 270 კალენდარულ დღეში;
დ) 125 000 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 365 დღეში.
3.3. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვროს 500 000 ლარით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2022 წლის 7 დეკემბრამდე.
მოცემულ შემთხვევაში შპს ---------- (ს/ნ ----------) მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან ბიუჯეტში გადახდილი აქვს 0 ლარი. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2022 წლის 9 დეკემბრის №31122 ბრძანება (ბრძანებას ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 27 იანვარს) საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის - 12 500 ლარის დარიცხვის თაობაზე და ძალადაკარგულად ჩაითვალა შპს --------(ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 2022 წლის 6 სექტემბრის №ა475-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ არის შესრულებული საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს -----------ს (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.