ბრძანება N 15073
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15073
28.06.2023
---------- (პ/ნ -----------)
( მის.: -----------------.)
2023 წლის 8 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა -------------- (პ/ნ ------------) №81547/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №EL210462 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან არის ეროვნებით აზერბაიჯანელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების შესახებ არ ფლობს ინფორმაციას. მისთვის უცნობი იყო, თუ პირადი ოქროს ნივთების შემოტანა კანონდარღვევაა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 23 მაისს 11:38 საათზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ კონტროლის ზონაში -------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ------------.
უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: ოქროს საყურე - 2 წყვილი, ოქროს ყელსაბამი ორი კულონით - 1 ცალი. ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ ჯამში შეადგინა 7,9 გრამი, აღნიშნული სამკაული დამალული ჰქონდა ხელჩანთაში, ხოლო ნაწილი თავსაფარში ჰქონდა გახვეული. აღნიშნულზე შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალერების ოქმი“.
საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ 2023 წლის 23 მაისს არადეკლარირებულ საქონელს საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ჩაუტარდა ექსპერტიზა. №004620/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოდგენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 753,02 ლარი.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო კონტროლისგან მალულად არადეკლარირებული საქონლის (ოქროს ნაკეთობების) შემოტანის ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა №EL210462 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------------ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №69601086816, დაილუქა საბაჟო ლუქებით ------- და -------- და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ ადმინისტრაციულ შენობაში.
------------- 2022-2023 წლებში უფიქსირდება საზღვრის კვეთის 20 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით.
2021 -2023 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის (სიგარეტი, ალკოჰოლიანი სასმელი) შემოტანის 3 ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ და „დ.გ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი (21/08/2021; 07/09/2022; 07/02/2023).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს 753,02 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (7,9 გრამი ოქროს ნაკეთობები) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად (სამკაული დამალული ჰქონდა ხელჩანთაში, ხოლო ნაწილი თავსაფარში ჰქონდა გახვეული), რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოაქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ქმედება არ არის ჩადენილი განმეორებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------- (პ/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2023 წლის 23 მაისის №EL210462 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისი საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი ქონდა (7,9 გრამი ოქროს ნაკეთობები) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად.რის გამოც სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2023 წლის 23 მაისის №EL210462 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
საბაჟ.კოდ: 5;27(1);73(1ა);163(15);
საგ.კოდ: 199;163(1);168(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი.