გადაწყვეტილება №23086/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23086/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 18.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23086/2/2024).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის №EL211176 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL77777/13 (001-13) საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9825 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 136 440,52 ლარი.
მათ შორის:
30.05.2023 წლის №EL77777/13 (№001-13) საგადასახადო მოთხოვნა - 1 316 832,3 ლარი.
გადასახადი: 819 608,21
დღგ საბაჟო - 152 175,11
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 646 075
იმპორტის გადასახადი - 21 358,1
საურავი - 497 224,09
29.05.2023 წლის №EL211176 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 819 608,22
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2021 წლის №----/15-04-02 (რეგ. №---/21-10; 17.12.2021 წ.) და 20.12.2021 წლის №----/15-04-02 (რეგ. №----/21-10; 20.12.2021 წ.) მიმართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 20.12.2021 წლის №39356 და 21.01.2022 წლის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 21.12.2021 წლიდან - 18.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. თბილისში, ------- №-----ში მდებარე, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების (----- – -----; ------ – ----) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
საბაჟო საწყობში (------ – ----) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №-----18.05.2023), არ აღმოჩნდა შპს ------ს (ს/ნ ------) კუთვნილი, №---/----/----/2019 საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „-----O“ – 215 000 კოლოფი (430 ყუთი).
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის №EL211176 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 819 608,22 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, 30.05.2023 წელს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №EL77777/13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 819 608,21 ლარი და საურავი – 497 224,09 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18634 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.11.2023 წლის №20606/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18634 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №20606/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.04.2024 წლის №9825 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ შპს „------“-ის საბაჟო საწყობში (----- – -----) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №------ 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) კუთვნილი, №-----/-----/-----/2019 საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „------“ – 215 000 კოლოფი (430 ყუთი). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს, ხოლო დანაკლისის დადგენა კი უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც საჩივრის ავტორის მითითებით არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 18.05.2023 წელს შედგა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საბაჟო საწყობისთვის (--------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი №------ - 2023, რომლითაც დასტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და მეორეს მხრივ შპს „-------“-ის (ს/ნ -------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი -------ძის (პ/ნ---------) მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი. შესაბამისად, შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში (---- – -----) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები გადამოწმდა საბაჟო საწყობში ფაქტობრივად არსებულ საქონელთან (შემოწმების აქტი №----- 18.05.2023) და გამოვლინდა, რომ აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი, №-----/-----/-----/2019 საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „------“ – 215 000 კოლოფი (430 ყუთი). ამდენად, საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ასევე საგულისხმოა, რომ საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა. შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვა განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის (№----/-----/------/2019) რეგისტრაციის მომენტიდან, რაც ასევე მართლზომიერად განხორციელდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება №EL211176 სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ ფორმულირებებს. მომჩივანს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ვინაიდან შპს ------ს 23.12.2019 წლის №------/----- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი ----- (პროგრამული ნაშთი 215 000 კოლოფი) 214 687 კოლოფი 18.05.2023 წლის №-------2023 შემოწმების აქტის მიხედვით, ინახებოდა შპს „------“-ის (ს/ნ -------) კუთვნილ საბაჟო საწყობში (--------; დანიშნულების კოდი ----).
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, 172- ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონი ერთი მხრივ განასხვავებს 3 ტიპის დამოუკიდებელ და განსხვავებულ შემადგენლობას და ზღვარს ავლებს განკარგვას, დაკარგვას და განადგურებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდარღვევად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მხოლოდ უკანონო ქმედება.
საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №----(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“.
ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ტვირთის არსებობის თაობაზე (შესაბამისად ცნობილი იყო ისიც, რომ ტვირთი ვერ იქნებოდა განკარგული, დაკარგული ან განადგურებული) და ცნობილი იყო ასევე ტვირთის მესაკუთრის თაობაზეც (რადგანაც მიუთითებს როგორც ტვირთმფლობელს, ისე დროებითი შენახვის დეკლარაციას).
სამართალდარღვევის ოქმით არ არის დაკონკრეტებული თუ კონკრეტულად რომელი შედეგი დადგა - განკარგვა, დაკარგვა თუ განადგურება (რაც რეალურად არ მომხდარა და თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს ტვირთის არსებობას) და არც იმას მიუთითებს იყო თუ არა ეს არარსებული ქმედება უკანონო.
როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №----(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“
გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №-----(კ-21) საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.
გარდა ამისა, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №----7(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რომელი მტკიცებულებებიც „უტყუარად უნდა ადასტურებდეს“ სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს. იმ ვითარებაში კი, როდესაც ტვირთის არც განკარგვა, არც დაკარგვა და არც განადგურება მომხდარა იმთავითვე ცხადია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერც არარსებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახეს, საქონლის განკარგვის ფაქტის დროს, ადგილს და ვითარებას ვერ დაადგენდა და ვერც კონკრეტულ უტყუარ მტკიცებულებებს და გარემოებებს დაეყრდნობოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა სრულიად უკანონო სამართალდარღვევის ოქმი.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე“. „გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №-----(კ-21) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისათვის უნდა იყოს ზიანის მომტანი“, ხოლო, „სატვირთოსაბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.
აღსანიშნავია, რომ საქონლის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „-----“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. შესაბამისად, შეუძლებელია ვისაუბროთ ტვირთის რაიმე ფორმით დაკარგვაზე, განკარგვაზე ან მის განადგურებაზე.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის №EL211176 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, 30.05.2023 წლის №001-13 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9825 ბრძანება და მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
მომჩივანი განმარტავს, რომ არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ვინაიდან შპს -----ს 23.12.2019 წლის №----/----- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი ------ (პროგრამული ნაშთი 215 000 კოლოფი) 214 687 კოლოფი 18.05.2023 წლის №------2023 შემოწმების აქტის მიხედვით, ინახებოდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) კუთვნილ საბაჟო საწყობში -----; დანიშნულების კოდი ------).
საქმის ირგვლივ არსებული მასალების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.04.2024 წლის №9825 ბრძანება;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებების საფუძველზე, 21.12.2021 წლიდან - 18.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
საბაჟო საწყობში არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას არ აღმოჩნდა საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი .
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
ამასთან ერთად გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახადი, აქციზის გადასახადი და საურავი.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18634 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №20606/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №18634 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს №20606/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და №9825 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმის ირგვლივ არსებული მასალების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2 „დ“); 272(1);
ასვე,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1 „ა“.2.3); 127(1.3); 172;