ბრძანება N 9640
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9640
01 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ -----------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 2 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) 2026 წლის 2 აპრილის №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 მარტის №006-76 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ დაბეგრილია მათ მიერ ფიზიკურ პირზე მიწოდებული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულება შეადგენს 25 588 ლარს. მიუთითებს, რომ აღნიშნული ავტომობილის რეალიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ" ქვეპუნქტის და 173-ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან. აღნიშნული ასახულია დღგ-ის დეკლარაციის პირველი ნაწილის შესაბამის გრაფაში. (იხ. დღგ-ის სექტემბრის თვის დეკლარაცია N-----). ითხოვს, ამ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხების (დაახლოებით 3 903 ლარი) შემცირებას.
2. არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. მიუთითებს, რომ საწარმოში 2024 წლის აგვისტოს თვეში შპს „-------გან“ ჩარიცხული იქნა ავანსის სახით 40 000 ლარი, რომელიც დაბეგრილი და ასახულია აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში (დეკლარაცია N------, ანაზღაურებულ თანხაში ნაჩვენებია 33 897.78 ლარი, დღგ 6 101.60). განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „-----ს“ არ მოუთხოვია, არ მომხდარა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ხოლო სექტემბრის თვეში როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება, გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----- თანხით 60 000 ლარზე და იმის გამო, რომ აგვისტოს თვეში დაბეგრილი იყო 33 987 ლარი (დღგ 6101 ლარი), სექტემბრის თვის დეკლარაციაში მოხდა ამ თანხის შემცირება. გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის საკითხის მიხედვით დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №1402 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 17 მარტის №5777 ბრძანება და ამავე თარიღის №006-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 17 426 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 005 ლარი, ჯარიმა 5 002 ლარი, საურავი 2 419 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „--------ი" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 5 აპრილს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ამავე პერიოდში. გადამხდელის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ახალი და მეორადი ავტომობილებით. გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით იკვეთება, რომ გადამხდელი ასევე ეწევა ავტომობილების ნაწილების და ავტომობილების შეკეთებისთვის განკუთვნილი დანადგარებით ვაჭრობას. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და დადგინდა, რომ 2024 წლის სექტემბრის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული იჯარის მომსახურებაზე შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) მიმართ. ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაყიდულ საქონელზე შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) და შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) მიმართ, ხოლო ფ/პ -----ს (პ/ნ ------) მიმართ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები. შესაბამისი პერიოდის დადეკლარირებული დღგ-ის თანხა ნაკლებია შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დასაბეგრ თანხაზე. შედეგად, შემოწმების მიერ დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის (საანგარიშო თვის) დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 55 583 ლარი, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შპს „-------ს" დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 10 005 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა 5 002 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ დაბეგრილია მათ მიერ ფიზიკურ პირზე მიწოდებული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულება შეადგენს 25 588 ლარს. მიუთითებს, რომ აღნიშნული ავტომობილის რეალიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ" ქვეპუნქტის და 173-ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ოპერაცია (მსუბუქი ავტომობილის მიწოდება) გათავისუფლებულია დღგ-ისგან. ხოლო ამ ნაწილში წარმოშობილი განსხვავება წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ განხორციელებული მსუბუქი ავტომობილის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არამართლზომიერია.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მსუბუქი ავტომობილის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას შპს „------გან“ ჩარიცხული იქნა ავანსის სახით 40 000 ლარი, რომელიც დაბეგრილი და ასახულია აგვისტოს თვის დღგის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში. ვინაიდან შპს „-----ს“ არ მოუთხოვია, არ მომხდარა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ხოლო სექტემბრის თვეში როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება, გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------ თანხით 60 000 ლარზე და იმის გამო, რომ აგვისტოს თვეში დაბეგრილი იყო 33 987 ლარი (დღგ 6101 ლარი), სექტემბრის თვის დეკლარაციაში მოხდა ამ თანხის შემცირება.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დგინდება, რომ 2024 წლის სექტემბრის თვეში გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ღირებულებით 60 000 ლარი), რაც წარმოადგენს დაბეგვრის ობიექტს შესაბამის საგადასახადო პერიოდში. ამასთან, 2024 წლის აგვისტოს თვეში არ ფიქსირდება 40 000 ლარის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა კონკრეტულ ოპერაციასთან დაკავშირებულ ავანსს. მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მსუბუქი ავტომობილის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1. შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს.ითხოვს, ამ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
2.შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.ითხოვს აღნიშნულის საკითხის მიხედვით დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1402 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №5777 ბრძანება და №006-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 17 426 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 005 ლარი, ჯარიმა 5 002 ლარი, საურავი 2 419 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და დადგინდა, რომ 2024 წლის სექტემბრის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული იჯარის მომსახურებაზე და გაყიდულ საქონელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო ფ/პ-ის მიმართ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები. შესაბამისი პერიოდის დადეკლარირებული დღგ-ის თანხა ნაკლებია შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დასაბეგრ თანხაზე. შედეგად, შემოწმების მიერ დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის (საანგარიშო თვის) დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 55 583 ლარი, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შპს „თეგეტა ეფრუვდს" დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 10 005 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა 5 002 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მსუბუქი ავტომობილის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 171(1 „ღ“ ); 180(1);