ბრძანება N 23111

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2025
№ დოკუმენტი 23111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23111

22 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 9 აგვისტოს და 1 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 9 აგვისტოს №97446/1/2025 და 1 ოქტომბრის №98208/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის №057-13 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას უნდა გათვალისწინებულიყო ბუნებრივი აირის დანაკარგები, რომლებიც წარმოიშობა სატრანსპორტო საშუალებაში გაზის ჩატუმბვის დასრულების შემდეგ ჩასატუმბ რეზინის მილში („შლანგი“) დარჩენილი გაზის გაფრქვევით, რომელიც ავზში არ ბრუნდება. ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მიწოდებისას წარმოშობილი დანაკარგი საშუალოდ თვეში 10 000 მ3 შეადგენდა, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო მიწოდებად და შესაბამისად უნდა შემცირებულიყო საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში, საშემოსავლო გადასახადში და აქციზში. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს მხოლოდ ბუნებრივი აირის კონდენსანტზე და ნავთობის გათხევადებულ აირებზე აქვს დადგენილი დანაკარგის ნორმები და არ აქვს დადგენილი ბუნებრივ აირზე (აირისებრ მდგომარეობაში), მაგრამ აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ დანაკარგებს რეალურად აქვს ადგილი. შესაბამისად, დანაკარგის ნორმა გამოყენებული უნდა ყოფილიყო ანალოგიით ან დანაკარგის ოდენობა უნდა დადგენილიყო მიმდინარე კონტროლის პროცედურით (მაგ.: ისე, როგორც დგინდება ხორცპროდუქტების შემთხვევაში). გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ მისი განმარტების მიუხედავად შემოწმებამ არ გაითვალისწინა 2025 წლის მაისის თვეში მესამე პირის მიერ გადამხდელისათვის მიყენებული ზიანის შედეგად 22 000 მ 3 ბუნებრივი აირის გაფრქვევის ფაქტი. გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან ბუნებრივი აირის მომხმარებლისათვის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია, არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და აქციზის დარიცხვა.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული შპს „--ის“ (ს/ნ ---) სესხად გაცემული თანხა 1 000 000 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება სესხის ხელშეკრულებით, სალაროს შემოსავლის ორდერებით და აღნიშნული კომპანიის მიერ სესხად მიღებული თანხის ხარჯვის დოკუმენტაციით. ამასთან, არ დასტურდება კომპანიის დირექტორის მიერ პირადი ინტერესებისათვის გამოყენება (ანაბარზე განთავსება, უძრავმოძრავი ქონების შეძენა და ა.შ.). გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ განკარგვად თანხას უნდა მიენიჭოს არა დირექტორის მიერ ხელფასის მიღების კვალიფიკაცია, არამედ, ვინაიდან დირექტორი იმავდროულად დამფუძნებელია, დამფუძნებლის მიერ დივიდენდის მიღების კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14817 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 2 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის №16344 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №057-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 331 134 ლარი, მათ შორის, გადასახადი 853 678 ლარი, ჯარიმა 426 940 ლარი და საურავი 50 516 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შედაგენს 1 609 645 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდებას. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სულ შეძენილი აქვს 1 917 679 მ 3 ბუნებრივი აირი, მათ შორის, სს „---გან“ (ს/ნ ---) - 1 914 698 მ 3 ბუნებრივი აირი და შპს „---გან“ (ს/ნ ---) - 2 981 მ 3 . ამავე პერიოდში საწარმოს შპს „---თვის“ (ს/ნ ---) და შპს „---თვის“ (ს/ნ ---) მიწოდებული აქვს სულ 57 821 მ 3 ბუნებრივი აირი, ხოლო დანარჩენი საქონელი საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და დირექტორის ახსნა-განმარტებით მიწოდებულია სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აქვს აღებული 4 სატრასპორტო საშუალება და 7 მისაბმელი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით საწარმო ახორციელებს ბუნებრივი აირით ობიექტების მომარაგებას. ვინაიდან საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ჩაითვალა, რომ საწარმოს ნაშთად გააჩნია ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებების სრულად გავსების შემთხვევაში არსებული ბუნებრივი აირი, რაც შეადგენს 39 600 მ 3 -ს, აღნიშნულის შესახებ ახნსა-განმარტება საწარმოს უფლებამოსილ პირს წარმოდგენილი აქვს საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის ჯგუფისთვის. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, საცალო რეალიზაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) სატრანსპორო საშუალებებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა 1 820 258 მ 3 , (1 917 679 - 57 821 - 39 600), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით (საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მაჩვენებლები, ასევე შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები) საცალოდ რეალიზებული ბუნებრივი აირის რაოდენობა განაწილებულ იქნა ობიექტების (სულ 8 ობიექტი) მიხედვით და შესაბამის ობიექტზე ავტომობილებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირისგან მიღებული შემოსავალი გაანგარიშებული იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კონკრეტულ ობიექტზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული საცალო სარეალიზაციო ფასების მიხედვით, აღნიშნულის შედეგად, გაანგარიშებულ იქნა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი და აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილი აქციზის დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული აქციზი შეადგენს 5 846 ლარს. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ბუნებრივი აირის მოცულობა 1 820 258 მ 3 (1 917 679 - 57 821 - 39 600), რაც მიწოდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე, 184-ე და 188-ე მუხლების მიხედვით (შესამოწმებელი პერიოდის გადასახდელი აქციზი შეადგენს 364 052 ლარს (1 820 258 / 1000 * 200), ხოლო საწარმოს შემოწმების შედეგად დამატებით დაერიცხა აქციზი 358 206 ლარი (364 052 – 5 846 დეკლარირებული აქციზი)). საწარმოს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14847 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად საწარმოს 8 ობიქტზე არსებული ნაღდი ფულის ნაშთის და დებიტორული და კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით), აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ფულის ნაშთი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საწარმო ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდებას. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, საცალო რეალიზაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) სატრანსპორო საშუალებებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა და მიწოდებული ბუნებრივი აირისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც გაანგარიშებულ იქნა საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული საცალო სარეალიზაციო ფასების მიხედვით.

შემოწმებით გაანგარიშებული საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯი. დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ბუნებრივი აირის მოცულობა, რაც მიწოდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიბეგრა აქციზით.

 გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას ბუნებრივი აირის დანაკარგის და ასევე, 2025 წლის მაისის თვეში მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანის გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები (მ.შ. ექსპერტიზის დასკვნა ან/და ბუნებრივი აირის გაფრქვევის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 რაც შეეხება შპს „---თვის“ (ს/ნ ---) სესხად გაცემული თანხის გათვალისწინების საკითხს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 მარტის სესხის ხელშეკრულება გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი და აღნიშნული ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას უნდა გათვალისწინებულიყო ბუნებრივი აირის დანაკარგები, გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან ბუნებრივი აირის მომხმარებლისათვის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია, არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და აქციზის დარიცხვა.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული სესხად გაცემული თანხა 1 000 000 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება სესხის ხელშეკრულებით. გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ განკარგვად თანხას უნდა მიენიჭოს არა დირექტორის მიერ ხელფასის მიღების კვალიფიკაცია, არამედ, ვინაიდან დირექტორი იმავდროულად დამფუძნებელია, დამფუძნებლის მიერ დივიდენდის მიღების კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საწარმო ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდებას. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, საცალო რეალიზაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) სატრანსპორო საშუალებებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა და მიწოდებული ბუნებრივი აირისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც გაანგარიშებულ იქნა საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული საცალო სარეალიზაციო ფასების მიხედვით.

შემოწმებით გაანგარიშებული საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯი. დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ბუნებრივი აირის მოცულობა, რაც მიწოდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიბეგრა აქციზით.

შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შემოწმების შედეგად, ფულის ნაშთი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 182 (1,დ); 184 (1,დ); 191 (1, ბ); 101 (1); 154 (1).