გადაწყვეტილება №25487/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25487/2/2025
12 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----”-ის 19.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25487/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის N 001-78 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 02.07.2025 წლის N 14537 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 127 941,17 ლარი.
მათ შორის: დღგ - 81 779,10
ჯარიმა - 40 889,60
საურავი - 5 272,47
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება. გადასახადის გადამხდელად და ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 19 ივლისს, საქმიანობის ადგილს წარმოადგენს თბილისი, ----- N -. კომპანიის საფირმო სახელს წარმოადგენს „------”.
აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 19.07.2024 წლიდან 01.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საზოგადოებას სრულად არ აქვს დეკლარირებული მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს დეკლარირებულ დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებს, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს (საკონტროლო - სალარო აპარატით, პოსტერმინალით, საბანკო ჩარიცხვებით) შემოსავალი 1 399 885 ლარის, ხოლო დეკლარირებული - 863 795 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის N 001-78 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 02.07.2025 წლის N 14537 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში აუდიტორი გაანგარიშებისას დაეყრდნო მხოლოდ მის ხელთარსებულ მონაცემებს, რის შედეგადაც გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვებს დაამატა დამატებით შემოსავალი, რომელიც მიღებულია საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალის მეშვეობით. გადამხდელის საქმიანობის სფეროს შეადგენს სარესტორნო მომსახურება, თუმცა განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის საქონელის მიწოდებას, რომელიც გათავისუფლებულია დღგისგან. დღგ-ის დეკლარაციაში ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია დაუბეგრავი სოფლის მეურნეობის საქონლის რეალიზაციიდან, არ არის ასახული დეკლარაციის შედგენისას დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე. ამ შეცდომის აღიარებისას და ქმედითი ზომების მიღების მიზნით, სასურველია მოხდეს ამ შემოსავლების სწორად შეფასება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი კორექტირებების შეტანა გაანგარიშებაში. აღნიშნულის შედეგად, შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს, რადგან ის ნაწილი, რომელიც დაუბეგრავია საქონლის მიწოდებიდან არის მიღებული და არ მოიცავს დღგ-ის დაბეგვრის ვალდებულებას. ზემოთ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებითად განხილულ იქნას, დაკმაყოფილებულ იქნას დ დავალებული აუდიტორისათვის, რომ გადამხდელთან ერთად განხილულ იქნას ყველა გარემოება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საზოგადოებას სრულად არ აქვს დეკლარირებული მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი. მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადამხდელის საქმიანობის სფეროს შეადგენს სარესტორნო მომსახურება, თუმცა განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის საქონლის მიწოდებას, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან. გადამხდელის დღგ-ის დეკლარაციაში ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია დაუბეგრავი სოფლის მეურნეობის საქონლის რეალიზაციიდან, არ არის ასახული დეკლარაციის შედგენის შეცდომიდან გამომდინარე. ამ შეცდომის აღიარებისას და ქმედითი ზომების მიღების მიზნით, სასურველია მოხდეს ამ შემოსავლების სწორად შეფასება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი კორექტირებების შეტანა გაანგარიშებაში.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადამხდელის საქმიანობის სფეროს შეადგენს სარესტორნო მომსახურება. კომპანიას სრულად არ აქვს დეკლარირებული მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი. მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 159; 275.