გადაწყვეტილება №21195/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.01.2024
№ დოკუმენტი 21195/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21195/2/2023

29 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --ს 31.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21195/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №031-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.09.2023 წლის №21562 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 565 523,9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 263 935

მოგების გადასახადი - (- 172)

საშემოსავლო გადასახადი - 264 107

ჯარიმა - 132 052 საურავი - 169 536,9

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2017 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 14.04.2014 წლიდან 1.10.2017 წლამდე პერიოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ 2014 წელს წარმოდგენილი მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის თანახმად, დაფიქსირებულია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი 199 640 ლარის ოდენობით (შეძენილი სმფ, სხვა ხარჯები).

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამასთან შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზების მონაცემებით საზოგადოებას არ უფიქსირდება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, შემოწმების მიერ მოგების გაანგარიშებისას 2014 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შეძენილი სმფ და სხვა ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული. შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზების მონაცემებით კომპანიას 2014-2017 წლებში უფიქსირდება საქონლის (ოხრახუში, ცერეცო) ექსპორტი (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი). ამასთან, საზოგადოებას არ უფიქსირდება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმებისათვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საზოგადოების დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების შესახებ, ასევე არ არის წარმოდგენილი ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და ნაღდი ფულის მოძრაობის ანგარიში. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქონლის ექსპორტის ღირებულება 2014- 2017 წლებში შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით განხილული იქნა ხელფასის სახით განაცემად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2017 წლის №031-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.04.2018 წლის №10207 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების მეორე სარეზოლუციო ნაწილის შესრულების შედეგებიდან გამომდინარე განახორციელოს შესამოწმებელი პერიოდის ხელფასის სახით გაცემული თანხების კორექტირება. შემოსავლების სამსახურის 30.04.2018 წლის №10207 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2018 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა 11.05.2018 წელს, ხოლო დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარმოადგინა 30 მაისს. აღნიშნული დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი (შესყიდვის აქტები არასრულყოფილად იყო შევსებული). შემმოწმებლის მიერ, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირებისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ოდენობის, ღირებულებისა და პერიოდის შესახებ. მათ მიერ არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი განცხადებები, რომელთა უმეტესობა არ ადასტურებს კომპანიისთვის მიწოდების ფაქტს და ასევე ვერ დგინდება აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობა. შედეგად, ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება. ვინაიდან ფიზიკური პირებისგან ვერ მოხერხდა სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდება და ასევე ვერ დგინდება აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობა, ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება.

აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2018 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.08.2018 წლის №031-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა, 30.04.2018 წლის №10207 ბრძანების შესაბამისად წარმოადგინა შესყიდვის აქტები. შემმოწმებლის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობის დადგენის მიზნით შესყიდვის აქტები გაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რომლის 23.03.2023 წლის წერილის შესაბამისად დგინდება, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები, რომელთაგან მხოლოდ ორმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა შესყიდვის აქტების რეალობა.

შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული საქონელის ღირებულება დაექვემდებარა გამოქვითვას. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №031-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.09.2023 წლის №21562 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები, რომელთაგან მხოლოდ ორმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა შესყიდვის აქტების რეალობა. შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული საქონელის ღირებულება დაექვემდებარა გამოქვითვას. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ახორციელებდა საქონლის, კერძოდ მწვანილის ექსპორტს, შესაბამისად აღნიშნული პროდუქციის შეძენა ხორციელდებოდა კერძო პირებისგან და დგებოდა შესაბამისი ფორმით შესყიდვის აქტები, სადაც ფიქსირდებოდა როგორც რაოდენობა, ასევე ღირებულება და გადახდის დადასტურება. უცნობია, თუ რატომ არ მოხდა თავიდანვე აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინება, ასევე უცნობია საგამოძიებო სამსახურის მასალების მონაცემები თუ რა განაცხადეს სხვა მომწოდებლებმა, ჩატარდა თუ არა კალიგრაფიული ექსპერტიზა და ასე შემდეგ. ამავდროულად მხედველობაშია მისაღები, რომ უკვე მრავალი წელია აღნიშნული საქმე არის დავის რეჟიმში, სასურველია, რომ დადგინდეს საბოლოო შედეგი და გამოყენებული უნდა იქნას სიტუაციური სახელმძღვანელო და გათვალისწინებული იყოს 75% ხარჯად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამასთან შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზების მონაცემებით საზოგადოებას არ უფიქსირდება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემოწმების მიერ მოგების გაანგარიშებისას 2014 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შეძენილი სმფ და სხვა ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული. შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანებაში მითითებულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით მოთხოვნილ იქნა დამატებით ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებულ იქნა, რომ გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.04.2018 წლის №10207 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია/შესყიდვის აქტები, რომლის საფუძველზე მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს ---თვის მიწოდებული საქონლის შესახებ. ფიზიკური პირების მიერ არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი განცხადებები, რომელთა უმეტესობა არ ადასტურებდა შპს ---თვის (ს/ნ ---) საქონლის მიწოდების ფაქტს და ასევე ვერ დადგინდა აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტის მიერ 30.07.2018 წლის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის მოთხოვნილ იქნა აღნიშნული შესყიდვის აქტების ნამდვილობის დადგენა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ ეტაპზე არ განხორციელებულა აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება აუდიტის დეპარტამენტისთვის. შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა, 30.04.2018 წლის №10207 ბრძანების შესაბამისად წარმოადგინა შესყიდვის აქტები.

შემმოწმებლის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობის დადგენის მიზნით შესყიდვის აქტები გაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რომლის 23.03.2023 წლის წერილის შესაბამისად დგინდება, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები, რომელთაგან მხოლოდ ორმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა შესყიდვის აქტების რეალობა.

შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული საქონელის ღირებულება დაექვემდებარა გამოქვითვას. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადასტურებულია მომჩივნის მიერ საქონლის ექსპორტით რეალიზაცია, ხოლო შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზების მონაცემებით საზოგადოებას არ უფიქსირდებოდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და შემოწმების მიერ მოგების გაანგარიშებისას 2014 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შეძენილი სმფ-ის ღირებულება გათვალისწინებული არ იქნა.

საბჭო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, რეალიზებულ საქონელთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოგების განსაზღვრისას გაანგარიშებაში გაითვალისწინება მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი, ხოლო როდესაც სხვა პირებთანაც ვერ მოიპოვება ინფორმაცია სრულფასოვანი დოკუმენტებით - 25%-იანი რენტაბელობა.

სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ რეალიზებულ (ექსპორტის ოპერაციაში მოქცეულ) საქონელთან დაკავშირებით საქონელის შეძენის იმ ნაწილზე, რომელზეც არ არსებობს შესყიდვის დოკუმენტი ან შესყიდვის დოკუმენტი არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანების აღსრულების დროს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული უნდა იქნას გადასახადის გადამხდელის მოგების განსაზღვრის მითითებული (ზემოაღნიშნული) მეთოდი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განხორციელდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის და ხელფასად განხილული თანხის კორექტირება. ხოლო, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანების აღსრულების შედეგად განსაზღვრული დოკუმენტურად დადასტურებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი დარჩეს უცვლელად (გათვალისწინებული იქნას სრულად).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.09.2023 წლის №21562 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25714 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №031-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.09.2023 წლის №21562 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105; 73 (5,9); 101; 154; 2 (5).