ბრძანება N 17307
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 17307
17 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 20 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ --------) №81801/1/2023 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №11682 ბრძანების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოწმებისას დადგენილი იქნა, რომ გადამხდელი არ ახდენდა მოთამაშე პირთა მიმართ როგორც ნაღდი ფულით, ასევე საბარათე სისტემით გაცემულ მოგებათა რეგისტრაციას და არ გააჩნდა ამისათვის ელექტრონული ბაზა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ რამდენ პირთან მიმართებაში ჰქონდა ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია გარიგების (ოპერაციის) შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 29 მაისის №11682 ბრძანებით გადამხდელი დაჯარიმდა 1000 ლარით, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
2023 წლის 22 მაისის შემოწმების აქტში დაფიქსირებული ინფორმაცია ბუნდოვანი, დაუსაბუთებელია და არ ასახავს შემოწმების ფაქტობრივ შედეგს. კერძოდ, შემოწმების მიმდინარეობისას მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მხრიდან მოთხოვნილი იქნა მოთამაშე პირებზე გაცემული მოგებების რეგისტრაციის ელექტრონული ბაზები, როგორც საბარათე ფუნქციონალის გამოყენებით, ასევე ქეშად გაცემული მოგებების შესახებ 2023 წლის 1 იანვრიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდზე. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილზევე გააცნო შემმოწმებელს ელექტრონული პროგრამა, ვიზუალურად აჩვენა ელექტრონული სია საბარათე ფუნქციონალის გამოყენებით გაცემულ მოგებათა შესახებ „Rhino” მენეჯმენტ სისტემიდან, რაც ასევე დოკუმენტურადაც გადაეცა შემმოწმებელს, ხოლო ქეშად გაცემული მოგებების შემთხვევების აღრიცხვა/რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება კომპანიის მიერ ხორციელდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1 დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის წესის“ შესაბამისად, როდესაც სახეზე გვაქვს საეჭვო გარიგების დადება ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობა, ასევე და როდესაც გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ექვივალენტს აღემატება. შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნილ პერიოდზე კომპანიაში არ დაფიქსირებულა ზემოაღნიშნული გარიგებების შემთხვევები, ქეშად გაცემული მოგებების ცარიელი ელექტრონული ბაზის გადაცემა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
გადამხდელი მიიჩნევს, რომ თამაშობის ორგანიზატორს ქეშად გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია და შესაბამისი ელექტრონული ბაზის წარმოება უნდა მოეთხოვოს მაშინ, როდესაც სახეზე არის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1 დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის წესით“ განსაზღვრული გარიგებები, რომლებზეც ინფორმაციის აღრიცხვა და წარდგენა სავალდებულოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 მაისის №11063 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №-------- ნებართვის მფლობელის - შპს „---------“-ის (ს/ნ -------) მიერ (მის.: ქ. -------, -------- ქუჩა N ------, ----- სართული, ფართი №--) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის: „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა1 “ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით, მე-201 მუხლის მე-6 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 27-ე მუხლით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „კ“ („სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ლ“, „ნ“, „პ“, „უ“, „უ1 “ და „ქ1 “ ქვეპუნქტებით, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 22 მაისს შედგა შემოწმების აქტი №35. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „--------“ (ს/ნ -------) სარგებლობს შერჩეული პირის მიერ სერტიფიცირებული „Rhino” მენეჯმენტ სისტემით. მოთამაშის მიერ აღნიშნული სისტემის საბარათე ფუნქციონალის გამოყენების შემთხვევაში, სისტემაში აღირიცხება მის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია, თუმცა ნებართვის მფლობელის მიერ არ ხორციელდებოდა ნაღდი ფულით მოთამაშე პირთა მიმართ გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია და არ გააჩნდა ელექტრონული ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნაღდი ფულით რეგისტრირებულ მოგებათა იდენტიფიცირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სრულად ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, რამდენ პირთან მიმართებაში ჰქონდა ნებართვის მფლობელს ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის მე7 მუხლის მე-2 პუნქტი) წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია გარიგების (ოპერაციის) შესახებ სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (ნებართვის მფლობელის მიერ, შემოწმების ფარგლებში, დამატებით წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბარათე სისტემით მოსარგებლე პირების მოგებათა შესახებ ინფორმაცია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდზე, სადაც ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარსადგენი თანხობრივი ღირებულების გარიგების/ ოპერაციის ფაქტი არ დაფიქსირებულა).
ყოველივე ზემოაღნიშნულით დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (განახორციელოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. აღნიშნულ დარღვევაზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2023 წლის 29 მაისის №11682 ბრძანება, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა სანქცია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, განახორციელოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანიზატორი ასევე ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს მოთამაშის მიერ მოგებული ან წაგებული თანხების თაობაზე მონაცემები და მათ შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
შესაბამისად, მოცემული ქვეპუნქტების შინაარსი მოიცავს ყველა, როგორც საბარათე სისტემით, ასევე ნაღდი ფულის სახით გაცემულ მოგებათა რეგისტრაციას და მოცემული მოგებებიდან კანონმდებლობით დადგენილი გარიგების (ოპერაციის) არსებობის შემთხვევაში, ანგარიშგების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენას.
“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად:
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 1 000 ლარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 29 მაისის №11682 ბრძანებით გადამხდელი დაჯარიმდა 1000 ლარით, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანი სარგებლობს შერჩეული პირის მიერ სერტიფიცირებული „Rhino” მენეჯმენტ სისტემით. მოთამაშის მიერ აღნიშნული სისტემის საბარათე ფუნქციონალის გამოყენების შემთხვევაში, სისტემაში აღირიცხება მის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია, თუმცა ნებართვის მფლობელის მიერ არ ხორციელდებოდა ნაღდი ფულით მოთამაშე პირთა მიმართ გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია და არ გააჩნდა ელექტრონული ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნაღდი ფულით რეგისტრირებულ მოგებათა იდენტიფიცირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სრულად ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, რამდენ პირთან მიმართებაში ჰქონდა ნებართვის მფლობელს ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია გარიგების (ოპერაციის) შესახებ სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. აღნიშნულ დარღვევაზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2023 წლის 29 მაისის №11682 ბრძანება, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა სანქცია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 276;
საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";
საქართველოს კანონი "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ".