ბრძანება N 30271

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30271
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30271

04 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ -------)

(მის.: -------) 2023 წლის 30 ივლისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ --------) 2023 წლის 30 ივლისის №20418/2/2023 (რეგ. №76262-03, 02.08.2023წ.) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 ივნისის №001-122 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1600 და 2 მაისის №9616 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 18 მაისიდან 2023 წლის 1 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 9 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 23 ივნისის №14550 ბრძანება და ამავე თარიღის №001-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 364 705 ლარი, მათ შორის, გადასახადი 219 516 ლარი, ჯარიმა 110 521 ლარი, საურავი 34 668 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადაში საგადასახადო შემოწმებისთვის საჭირო სრულყოფილი ბუღალტრულ-ეკონომიკური ინფორმაციის მოწოდება, რაზეც 2023 წლის 16 მარტს შედგა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №187893 და გადამხდელი დაჯარიმდა 400 ლარით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1311 და №7071 ბრძანებების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ნაშთისა და სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც სალაროშიც და საწყობშიც გამოვლინდა შესაბამისად 0 ლარის ფულადი ნაშთი და სმფ, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება გადამხდელის ბუღალტრული მონაცემებისგან. ასევე აღსანიშნავია, რომ ვერ ხერხდება მიწოდების შედეგად წარმოშობილი დებიტორების, სარეალიზაციო ფასისა და მასზე დაწესებული ფასნამატის განსაზღვრა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვები აუდირებული ფასნამატით (12%) და სხვაობაზე გადახდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 გადამხდელის საქმიანობაა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა რეალიზებულ პროდუქციაზე აუდირებული ფასნამატი 12%-ის ოდენობით, დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლები და საქონლის შესყიდვების პროპორციით შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა ფულადი ნაკადები, სალაროს ნაშთი პერიოდების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაზეც გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სესხზე გაანგარიშდა სარგებელი და გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული, საბანკო და სხვა ფინანსური ინფორმაციის მონაცემებისა და ხელფასის სახით განაცემად დეკლარირებული თანხების მონაცემების შედარებისას გამოვლინდა ტექნიკური სხვაობა, რაზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

 სხვაობა გამოვლინდა ქონების გადასახადთან მიმართებაშიც, კერძოდ, არ არის დეკლარირებული 2020 და 2021 წლებში კომპანიის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2023 წლის 4 აგვისტოს გაეგზავნა №21-04/------- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადაში საგადასახადო შემოწმებისთვის საჭირო სრულყოფილი ბუღალტრულ-ეკონომიკური ინფორმაციის მოწოდება, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ინვენტარიზაციის შედეგად სალაროშიც და საწყობშიც გამოვლინდა შესაბამისად 0 ლარის ფულადი ნაშთი და სმფ, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება გადამხდელის ბუღალტრული მონაცემებისგან. ასევე ვერ ხერხდება მიწოდების შედეგად წარმოშობილი დებიტორების, სარეალიზაციო ფასისა და მასზე დაწესებული ფასნამატის განსაზღვრა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვები აუდირებული ფასნამატით (12%) და სხვაობაზე გადახდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა. დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლები და საქონლის შესყიდვების პროპორციით შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა ფულადი ნაკადები, სალაროს ნაშთი პერიოდების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაზეც გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. აგრეთვე არ არის დეკლარირებული 2020 და 2021 წლებში კომპანიის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 61(3); 136(3); 304.