გადაწყვეტილება №18952/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18952/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 22.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18952/2/2023).
დავის საგანი:
დავის განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №001-499 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2022 წლის №19517 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 58 865 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 31 564
ჯარიმა - 15 782
საურავი - 11 519
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება. გადაზიდვებს ძირითადად ახორციელებს რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, გადააქვს მალფუჭებადი სახის საქონელი (ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე, ღვინო).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება და 2018 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც სრულად არ იქნა წარდგენილი. ასევე, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საიდანაც, მიწოდებული იქნა, ინფორმაციის ნაწილი, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საბაჟო დეპარტამენტისგან.
ვინაიდან, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ იქნა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ერთმანეთს შედარდა შემოწმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი ინვოისები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, CMR და საბაჟო კვეთებისა და დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. დადგინდა, რომ კვეთების მიხედვით არსებული ინფორმაცია განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისაგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი განხორციელებული რეისებიდან გაანგარიშდა მისაღები შემოსავლების ოდენობა. ფასი განსაზღვრული იქნა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით.
დამატებით არსებული ფულადი ნაშთი „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2021 წლის №41740 ბრძანება და №001-499 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.07.2022 წლის №19517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 25.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17705/2/2022) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი, წარმოადგენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1.11.2022 წლის №--------დასკვნას კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯვის ნორმების ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ და ითხოვს დავის განახლებას, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების 2021 წლის 27 დეკემბრის შუალედურ აქტში საერთოდ არ არის განხილული სატრანსპორტო საშუალებების საზღვარგარეთ გავლილი კილომეტრაჟის დროს შეძენილი საწვავისა და სამაცივრე დანადგარების საწვავის ხარჯვის თემა. აღნიშნულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა განხორციელდა შემმოწმებლებთან და დაეთანხმნენ, რომ აღნიშნული საწვავის ხარჯვის მომენტი შემოწმებისას გათვალისწინებული იქნებოდა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შემდგომი პერიოდის შემოწმების შედეგად 2022 წლის 3 აგვისტოს გამოცემულ შემოწმების აქტში საზღვარგარეთ გახარჯული საწვავის თემა გათვალისწინებულია (თუმცა საწვავის ხარჯვის ნორმები არ შეესაბამება რეალობას), რომელიც გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურში, რაზედაც მიღებული შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რადგან 2022 წლის 3 აგვისტოს გამოცემულ შემოწმების აქტში წარმოდგენილი წვის ნორმები მნიშვნელოვნად (2-ჯერ) აღემატება შემოწმების აქტში შემმოწმებლების მიერ გათვალისწინებულ წვის ნორმებს, რაც თავისთავად ამცირებს შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით წარმოადგენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების წვის ნორმების ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ.
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, მოყვანილი გარემოებებისა და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.11.2022 წლის №17705/2/2022 გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის განახლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
დადგენილია, რომ კვეთების მიხედვით არსებული ინფორმაცია განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისაგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი განხორციელებული რეისებიდან გაანგარიშდა მისაღები შემოსავლების ოდენობა. ფასი განისაზღვრა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით. ამასთან, დამატებით არსებული ფულადი ნაშთი, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ასევე დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა, მაგრამ შემოსავლების სამსახურის 22.07.2022 წლის №19517 ბრძანებით, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭო 25.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17705/2/2022) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი, წარმოადგენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1.11.2022 წლის №------ დასკვნას კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯვის ნორმების ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ და ითხოვს დავის განახლებას, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ ობიექტური სინამდვილის იურიდიულ ფაქტებს და არა მომჩივნის დასკვნებს ან არგუმენტებს. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მატერიალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, მოქმედებები, პროცესებია, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა პირისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომლებსაც იგი ემყარება მოთხოვნის საფუძვლად. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ მტკიცების საგანს და სხვა გარემოებების მსგავსად უნდა დადგინდეს დავის განმხილველი ორგანოს მიერ.
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1.11.2022 წლის №----- დასკვნა - ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილი გარემოებად ან მტკიცებულებად და მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება გასაჩივრებულ აქტებზე საგადასახადო დავის განახლების საფუძველი, რადგან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას (მტკიცებულებას), რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის განახლების საუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, მოყვანილი გარემოებებისა და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის განახლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ კვეთების მიხედვით არსებული ინფორმაცია განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისაგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი განხორციელებული რეისებიდან გაანგარიშდა მისაღები შემოსავლების ოდენობა. ფასი განსაზღვრული იქნა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით.
დამატებით არსებული ფულადი ნაშთი „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა - ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილი გარემოებად ან მტკიცებულებად და მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება გასაჩივრებულ აქტებზე საგადასახადო დავის განახლების საფუძველი, რადგან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას (მტკიცებულებას), რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის განახლების საუძველი.
დასაბუთება
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
308(1),299(7)