დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.06.2025
საქმის ნომერი
ბს-327(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-327(2კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 26 ოქტომბერს სს „...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 9 ოქტომბერს, სადგურ ...ში, ტვირთით - ..., ტვირთგამგზავნი „...ის“ მიერ დაიტვირთა და გაფორმდა #... ვაგონი, ზედნადებით #... .... ზედნადების შესაბამისად, აღნიშნულ ვაგონს დაედო გამგზავნის დამღები „...“ და გამოიგზავნა სადგურ ...დან 9 ოქტომბერს, 18:55 სთზე, #... მატარებლით, დაცვის პოლიციის თანხლებით. მოძრაობის გრაფიკის თანახმად, მატარებელმა სადგურ ...დან სადგურ ...დე იმოძრავა შეუჩერებლად. სადგურ ...ში შევიდა 20:27 სთ-ზე და სადგურიდან გავიდა 20:28 სთ-ზე (იდგა 1 წთ). სადგურ ...ში მატარებელი შევიდა 21:12 სთ-ზე, იდგა 17 წთ. მატარებლის გასვლისას, 21:29 სთ-ზე, მორიგემ შეამჩნია ვაგონიდან ტვირთის ცვენა. მატარებელი შეაჩერეს, იდგა 2 საათი და 15 წუთი და ...დან წამოვიდა 23:55 სთ-ზე. იგი შეჩერებული იყო პოლიციის მოთხოვნით. შემთხვევის გამოვლენისთანავე, სს „ ...ის“ მიერ მომხდარი ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონის პოლიციასა და საბაჟო ორგანოს. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, შედგა მკაცრი აღრიცხვის სარკინიგზო დოკუმენტაცია. ვაგონი გაიგზავნა სადგურ ...ში ასაწონად. აწონვის შედეგად, დანაკლისმა შეადგინა 19 000 კგ. გაფორმდა გადაწონის აქტი და საერთო ფორმის აქტი #.... სადგურ ...ის საერთო ფორმის აქტის საფუძველზე, 19 000 კგ ტვირთის დანაკლისზე გაფორმდა ...ს კომერციული აქტი #.... სადგურ ...დან ვაგონი გავიდა 12 ოქტომბერს, 03:04 სთ-ზე და ჩაბარდა აზერბაიჯანის რკინიგზას სადგურ ...ში 12 ოქტომბერს, 21:30 სთ-ზე.

მოსარჩელის მითითებით, სს „...ის“ სსიპ შემოსავლების მიერ წარედგინა 2019 წლის 12 ოქტომბრის #..., #... და #... სამართალდარღვევის ოქმები და დაეკისრა პასუხისმგებლობა (შეფარდებული სანქცია 10 000 ლარი, 2000 ლარი და 3229.66 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 170-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე). მითითებული ოქმები რკინიგზამ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანებით, სს „...ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია. თავის მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 22 ივლისის #9884/2/2020 გადაწყვეტილებით სს „...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის შედეგადაც გაუქმდა საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი დარჩა ძალაში, რის საფუძველზეც, სს „...ს“ სანქციის სახით შეფარდებული აქვს 3230 ლარი.

მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა (1) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, (2) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, (3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის 22 ივლისის #9884/2/2020 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ 2019 წლის 30 დეკემბრის საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 22 ივლისის #9884/2/2020 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #101517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 118-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 120-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სს „...ის“ მიერ ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის, კერძოდ, ტრანზიტის პირობების დარღვევას, რაც გამოიხატა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სარკინიგზო ვაგონზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნაში/მოცილებაში და საქონლის გადმოტვირთვაში/გადმოყრაში, რასაც შედეგად მოჰყვა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვა, გადამხდელის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 120-ე მუხლსა და ევროკავშირის საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო ორგანოს მხრიდან ტრანზიტის პროცედურის მფლობელისათვის წაყენებული მოთხოვნა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აღნიშნული საკითხის მსგავსი დარეგულირება გამოწვეულია საბაჟო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკით.

კასატორი თვლის, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებული ნორმების განმარტება არ შეესაბამება საბაჟო სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, სს „...“, როგორც ტრანზიტის პროცედურის მფლობელი, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს წინაშე ერთადერთ პასუხისმგებელ პირს და საბაჟო ორგანო პასუხისმგებლობას მხოლოდ მას მოსთხოვს.

რაც შეეხება მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დამდგარ საბაჟო სამართალდარღვევასა და ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, კერძოდ, სს „...ის“ ქმედებას შორის, კასატორი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 118-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, სს „...ის“ მიერ დაირღვა ტრანზიტის პროცედურის პირობები, კერძოდ, მან ვერ უზრუნველყო ტრანზიტის საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის უცვლელ მდგომარეობაში დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენა, რაც საკმარისია საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

2025 წლის 29 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის საფუძველზე, დავის საგნის არარსებობის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის განხილვა გადაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. ამასთან, მხარეებს განესაზღვრათ ვადა შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

2025 წლის 27 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რომლის თანახმად, სს „...“ არ ეთანხმება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობას, რამდენადაც კომპანიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, რითიც სამართლებრივი საფუძველი ეცლება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში კი, კომპანია თავდაპირველ, სარჩელის აღძვრამდე არსებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც ზიანს მიაყენებს მის ინტერესებს. ამასთან, პოზიციაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 13 დეკემბრის #ა696-21 საგადასახადო შეთანხმებით მოცულია 2022 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანება, რაც ვრცელდება 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზეც.

2025 წლის 2 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასევე, წარმოდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიცია საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 დეკემბრის #2215 განკარგულების საფუძველზე, სს „...სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა #ა696-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შეთანხმება სრულად შეეხო 2022 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით არსებულ როგორც აღიარებულ, ისე სადავო დავალიანებას. განსახილველ შემთხვევაში კი, სადავოა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო შეთანხმების მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია. შესაბამისად, მაშინ, როდესაც იგი თავად აღიარებს საგადასახადო ვალდებულებას, სადავო შემთხვევაში კი, სამართალდარღვევის ფაქტს, უფრო მეტიც, შესრულებული აქვს აღნიშნული ვალდებულება, ამ ფაქტთან დაკავშირებით დავის წარმოება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია (1) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, (2) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, (3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის 22 ივლისის #9884/2/2020 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ 2019 წლის 30 დეკემბრის საჩივარი.

საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე. კერძოდ, იგი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საგადასახადო ორგანოსა და სს „...ას“ შორის გაფორმებულ იქნა საგადასახადო შეთანხმება, რომელმაც მოიცვა, მათ შორის, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმაც. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული საფუძველს აცლის დავას და შესაბამისად, ქმნის დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოა პირის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და მისი გასაჩივრების შედეგად, საჩივართან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება. შესაბამისად, საკითხი შეეხება არა საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის ან/და მის საფუძველზე საურავისა და ჯარიმის თანხის დარიცხვის კანონიერებას, არამედ იმას, თუ რამდენად იქნა ჩადენილი პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რამაც გამოიწვია მისი სამართალდამრღვევად ცნობა. მხარეთა შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებით, მართალია, მოცულ იქნა კონკრეტულ პერიოდზე სს „...ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება და იგი შემცირებულ იქნა კონკრეტულ ოდენობამდე, თუმცა ნიშანდობლივია, რომ საგადასახადო შეთანხმება არ წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს. ამასთან, ზოგადად, პირის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის საკითხი მხარეთა შორის საგადასახადო შეთანხმებით ვერ დარეგულირდებოდა, რამდენადაც იგი არ მიესადაგება იმ საკითხთა წრეს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა გადაწყდეს.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საგადასახადო შეთანხმებით შეუძლებელია იმის კონკრეტულად იდენტიფიცირება, საგადასახადო პასუხისმგებლობის შემცირებამ მოიცვა თუ არა უშუალოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხა. ამავდროულად, სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სანქციის გადახდა იმთავითვე, ავტომატურად, არ უტოლდება სამართალდარღვევის ჩადენის აღიარებას და არ ადასტურებს მხარის მიერ მის კანონიერებაზე დათანხმებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მხრიდან დავის საგნის არარსებობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, ძალაში დარჩება სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შედეგად, სს „...ის“ სამართალდამრღვევის სტატუსი შეუნარჩუნდება, მაშინ, როდესაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის მიზნით გამართულ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული პოზიციები და შემდგომში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ადასტურებს მის ინტერესს სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის მიმართ.

საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, სასამართლოს მხრიდან მხარეებს შეეთავაზათ საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება. კერძოდ, თუკი მოპასუხეები უარს იტყოდნენ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე, პალატა საკასაციო საჩივრებზე შეწყვეტდა საქმის წარმოებას, რის შედეგადაც უცვლელად დარჩებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მიუხედავად აღნიშნულისა, შემდგომში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და კვლავ მოითხოვა დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, საბაჟო სამართალდარღვევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის კანონიერების საკითხის მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტა. მარტოოდენ დაკისრებული სანქციის საგადასახადო შეთანხმების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში მოქცევა აზრს არ უკარგავს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით დავას, რამდენადაც მხარის ინტერესი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ფაქტორებთანაც, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ ანალოგიური სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შესაძლოა, მას დაეკისროს პასუხისმგებლობა საგრძნობლად გაზრდილი მოცულობით.

აქვე, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე სს „...ის“ სასამართლოსათვის სარჩელზე უარის თქმის მოთხოვნით არ მოუმართავს, რაც დამატებით ცხადყოფს მის ინტერესს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის კანონიერების სასამართლოს მხრიდან შეფასების მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება დავის არსებით ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველესად, მიუთითოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, 2019 წლის 9 ოქტომბერს საბაჟო გამშვებ პუნქტ „...ის“ უფლებამოსილი პირის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებულ #... სარკინიგზო ვაგონზე, რომელშიც განთავსებული იყო ... (ნეტო წონა 57 850 კგ), საბაჟო გამშვები პუნქტი „...ის“ დანიშნულებით, საქონლის თანმხლები დოკუმენტებით, რკინიგზის აღრიცხვის #... მოწმობა გამოიწერა, ხოლო აღნიშნული ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებლობა სს „...ამ“ აიღო.

2019 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის გაფორმების განყოფილებაში სარკინიგზო სადგურ „...დან“ სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა, რა დროსაც ცნობილი გახდა აღნიშნულ სარკინიგზო ვაგონზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების ახსნისა და ვაგონიდან საქონლის ცვენის შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სარკინიგზო ვაგონში განთავსებული საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც, მნიშვნელოვანი დანაკლისი დაფიქსირდა. ხსენებულის საფუძველზე, ვაგონი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით დაილუქა და საქონლის წონის დადგენის მიზნით, ქალაქ ...აში მდებარე, სს „ჯ...ის“ კუთვნილ სარკინიგზო ელექტრო სასწორზე გადაადგილდა. აწონვისას გაირკვა, რომ საქონლის დანაკლისმა 19 000 კგ (ნეტო წონა) შეადგინა, ხოლო განკარგული საქონლის საბაჟო ღირებულებამ - 17 942.55 ლარი (საქონლის თანმხლები ინვოისის შესაბამისად, 1 ტონის ღირებულება განისაზღვრა 318.68 აშშ დოლარით (საბაჟო/საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, 2.9633 ლარით)). აღნიშნულის საფუძველზე, ქუთაისის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 12 ოქტომბერს #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომლითაც სს „...ის“, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, რასაც საფუძვლად დაედო საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სარკინიგზო ვაგონზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანება, რომელსაც შედეგად საქონლის განკარგვა მოჰყვა (ჩადენილი განმეორებით).

ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 12 ოქტომბერს შედგენილ იქნა #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „...ას“, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, რასაც საფუძვლად დაედო საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადატვირთვა/გადმოტვირთვისათვის (ჩადენილი განმეორებით), ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისათვის, რასაც შედეგად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვა მოჰყვა, ქუთაისის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 12 ოქტომბერს შედგენილ იქნა ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „...ის“, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განკარგული საქონლის იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის 3 229.66 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ამასთან, უკანონოდ განკარგული საქონლის იმპორტის გადასახდელის თანხაზე, რამაც დღგ-ის სახით 3 229.66 ლარი შეადგინა, 2019 წლის 12 ოქტომბერს, სს „...ის“ მიმართ #... საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა.

2019 წლის 12 ნოემბერს სს „...ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი #..., #... და #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამავე სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 12 ოქტომბრის #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 30 დეკემბერს სს „...ამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო ამავე საბჭოს 2020 წლის 22 ივლისის #9884/2/2020 გადაწყვეტილებით სს „...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სს „...ის“ მიმართ 2019 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი #... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და აღნიშნული ოქმის ძალაში დატოვების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის #43363 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში (2019 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი #...) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით განიმარტა, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმები - #... და #... არ ეწინააღმდეგებიან კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ასევე, სახეზე არ იყო კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად, საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადასა და უცვლელ მდგომარეობაში საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად წარდგენა, ასევე ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობის უზრუნველყოფა სწორედ გადამზიდავის ვალდებულება იყო. მოპასუხემ, ასევე, გაიზიარა საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებები და დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო ტრანზიტულად მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული საქონლის უცვლელ მდგომარეობაში საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა. მოპასუხემ, ასევე, განმარტა, რომ გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს გულისხმიერების ვალდებულება აკისრია და ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და სრულად.

2019 წლის 10 ოქტომბერს სს „...ის“ სადგურ ...ას უფროსის მოადგილის - თ.კ-სა და უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის - გ.ს-ის მიერ შედგენილ იქნა #1 აქტი, რომლის თანახმად, 2019 წლის 10 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ქუთაისის გაფორმების განყოფილებაში სს „...ის“ ...ის სადგურიდან სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა, რომ ტრანზიტულად მოძრავი რკინიგზის ვაგონიდან ტვირთის ცვენა დაფიქსირდა და იგი დახმარებას საჭიროებდა. ამავე აქტის თანახმად, ადგილზე გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ ტრანზიტულად მოძრავ რკინიგზის #... ვაგონზე ახსნილი იყო საიდენტიფიკაციო საშუალება და არსებობდა ტვირთის მნიშვნელოვანი დანაკლისი. აღნიშნულის შედეგად, ვაგონი ხელმეორედ დაილუქა ... ლუქით და დანაკლისის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით გადაყვანილ იქნა ქალაქ ...ში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2019 წლის ოქტომბერი) მოქმედი რედაქციის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, – იწვევს დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ლუქის დაზიანების შედეგად სატრანზიტო ტვირთის ნაწილის დაკარგვის გამო საქონლის დანაკლისი (განკარგვის ფაქტი), თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი გადამზიდავი კომპანიის სამართალდამრღვევად მიჩნევა აღნიშნული ფაქტის მიმართ (საქონლის განკარგვა) მისი ბრალეულობის უტყუარად დაუდგენლობის პირობებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქონლის განკარგვის (დანაკარგი, დანაკლისი) სავარაუდო ქურდობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. ასევე, დასტურდება, რომ რკინიგზის ვაგონის ლუქის დაზიანება და საქონლის დანაკლისი (საქონლის განკარგვა) გამოვლენილ იქნა სს „...ის“ თანამშრომლების მიერ და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა საბაჟო და სამართალდამცავ ორგანოებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ არის დადგენილი საბაჟო სამართალდამრღვევად მიჩნეული გადამზიდველი კომპანიის - სს „...ის“ ბრალეულობის საკითხი. ამასთან, პირის ბრალეულობის საკითხის დადგენის გარეშე, დაუშვებელია პირი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სს „...ის“ საბაჟო სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად, გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი შესწავლის პროცესში, საგადასახადო ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, ასევე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. შესაბამისად, სს „...ის“ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ რკინიგზის ვაგონის ლუქის დაზიანება და საქონლის დანაკლისი (საქონლის განკარგვა) გამოვლენილ იქნა სს „...ის“ თანამშრომლების მიერ და შესაბამისი ინფორმაცია სწორედ მათი მხრიდან მიეწოდათ საბაჟო და სამართალდამცავ ორგანოებს, საგადასახადო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა