განსჯადობა

ადმინისტრაციული 17.03.2026
საქმის ნომერი
ბს-362(გ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
17.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-362(გ-25) 17 მარტი, 2026 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ლ.ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავა, მოპასუხის - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მესამე პირის - თ.ს-ის მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 20 აგვისტოს ლ.ბ-იმა სარჩელის მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა შემდეგი აქტების ბათილად ცნობა:

1.1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის №12 სხდომის ოქმი, ...ის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ლ.ბ-ისათვის უარყოფითი რეკომენდაციის მიცემის თაობაზე;

1.2. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის სხდომის №14 ოქმი, ...ის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ლ.ბ-ისათვის უარყოფითი რეკომენდაციის მიცემის თაობაზე საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

1.3. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 22 ივლისის №931962 აქტი, ...ის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ლ.ბ-ისათვის 2018 წლის 19 ივლისს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმით №12 მიღებული უარყოფითი რეკომენდაციის მიცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დადასტურების შესახებ;

1.4. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 20 ივლისის №24/11 დადგენილება;

1.5. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 20 ივლისის №24/10 დადგენილებით დამტკიცებული კონკურსის შედეგები, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ...ის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე თ.ს-ის დანიშვნის შესახებ;

1.6. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 2 ივლისის №24/18 ოქმიდან ამონაწერი;

1.7. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2018 წლის 27 ივლისის №278/04 ბრძანებიდან ამონაწერი, რომლითაც 2018 წლის 23 სექტემბრიდან, კონკურსის შედეგების შესაბამისად, ...ის ფაკულტეტის ...ის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დაინიშნა თ.ს-ე;

1.8. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ლ.ბ-ის დანიშვნის შესახებ;

სარჩლის მიხედვით, ლ.ბ-ი მონაწილეობას იღებდა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად 2018 წლის 18 მაისს გამოცხადებულ ღია კონკურსში - ...ის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით. მის მიერ სრულად იქნა წარდგენილი სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის წესისა და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღნიშნულ ღია კონკურსში - ...ის ფაკულტეტზე აკადემიური - ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავების მიზნით, მონაწილეობას იღებდა ორი კანდიდატი - ლ.ბ-ი და კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა თ.ს-ე.

2018 წლის 19 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა კონკურსში მონაწილე პირთა დოკუმენტები და შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები თსსუ-ის აკადემიური საბჭოსათვის - ...ის დეპარტამენტის ასისტენტი-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, რის შედეგადაც კომისიის წევრებმა დაადგინეს კონკურსანტებს შორის ხმათა შემდეგი გადანაწილება - ლ.ბ-მა მიიღო 6 უარყოფითი ხმა, ხოლო - თ.ს-ემ 6 დადებითი ხმა. საკონკურსო კომისიამ 2018 წლის 19 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებით (№12 ოქმი) საკონკურსო თანამდებობაზე დასანიშნად რეკომენდაცია გაუწია თ.ს-ეს. ხსენებული რეკომენდაცია დასამტკიცებლად წარედგინა აკადემიურ საბჭოს, რის შედეგად, 2018 წლის 20 ივლისს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კონკურსის შედეგები, რომლის მიხედვით, ...ის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა თ.ს-ე.

მოსარჩელის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მხრიდან სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ლ.ბ-ის მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია, მათ შორის, მისი მაღალი კლინიკური აქტივობა, რაც რეგლამენტის შესაბამისად წარმოადგენდა სწორედ კანდიდატის შერჩევის უპირატეს წინაპირობას.

2018 წლის 19 ივლისის სხდომის №12 ოქმის თანახმად, კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ ლ.ბ-ი ეწეოდა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ... საქმიანობას, რის გამოც მიუღებლად მიიჩნიეს ლ.ბ-ისთვის მიეცათ რეკომენდაცია მოცემულ საკონკურსო თანამდებობაზე დასაკავებლად. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კომისიის ამგვარი განმარტება საფუძველს მოკლებულია და სრულიად უკანონოდ ლახავს მოსარჩელის უფლებებს, და მიუთითებს, რომ ლ.ბ-ი შპს ...ის ... განყოფილების ...ის ...ში არის ...ის ...ის .... მას, როგორც ...ის ...ში ...ის ...ის ...ას, კლინიკაში ყოველდღიურად უხდება მრავალფეროვანი ... და ... მასალის დადიაგნოზირების კვლევით პროცესში მონაწილეობა, რაც მოიცავს ...ის ...ის ხელმძღვანელ პროფესორთან/უფროს ექიმთან ერთად შესაბამისი დადიაგნოზირების მიზნით კვლევითი სამუშაოების შესრულებას და არ მოიცავს დამოუკიდებლად ... საქმიანობის განხორციელებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას, როგორც ...ის დოქტორის ხარისხის მქონე პირს, კანონის საფუძველზე გააჩნია სრული უფლებამოსილება შპს ...ის ... განყოფილების ...ის ...ში ეკავოს ...ის ...ის ...ის თანამდებობა, რაც თავის მხრივ, მოიცავს ხელმძღვანელ პროფესორთან ერთად ... და ... მასალის დადიაგნოზირების პროცესში შესაბამის კვლევებში მონაწილეობის მიღებას. ამდენად, მას სამუშაო პროცესში უწევს პრაქტიკული კვლევითი სამუშაოების ჩატარება, რაც არცერთ შემთხვევაში არ მოიცავს უკანონო სამედიცინო საქმიანობას.

მოსარჩელის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ მისი მაღალი კლინიკური აქტივობა შეფასებულ იქნა არასწორად, საკითხის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. მოსარჩელის მითითებით იმ პირობებში, როდესაც იგი სრულად აკმაყოფილებდა დაკავებული თანამდებობისათვის მოთხოვნილ კრიტერიუმებს როგორც სამეცნიერო/პედაგოგიური, ისე კლინიკური/პრაქტიკული აქტივობის თვალსაზრისით, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა უპირატესობა მეორე კანდიდატს, რომლის კლინიკური აქტივობის შესახებ კომისიას საერთოდ არ უმსჯელია, მაშინ როდესაც აღნიშნული კრიტერიუმი განმსაზღვრელი და უპირატესი გახლდათ კანდიდატების შეფასების პროცესში. მოსარჩელის მოსაზრებით, მეორე კანდიდატის დანიშვნა განხორციელდა კანონითა და უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეგლამენტით განუსაზღვრელი კრიტერიუმებით უპირატესობის მინიჭების საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. კომისიამ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის წესისა და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტით განსაზღვრული პირობის უგულებელყოფით ყურადღება გაამახვილა მხოლოდ კანდიდატების სამეცნიერო პროდუქტიულობაზე და საკითხის განხილვისას უპირატესობა არ მიანიჭა კანდიდატთა კლინიკურ აქტივობას, როგორც ეს ხსენებული რეგლამენტითაა დადგენილი. ამავე რეგლამენტის თანახმად, თუ ლ.ბ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიას გაუჩენდა დამატებით კითხვებსა ან/და გარკვეული ინფორმაცია საჭიროებდა დაზუსტებას, კომისიას რეგლამენტის შესაბამისად შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით მოეთხოვა კონკრეტული ინფორმაციის დაზუსტება ან/და დოკუმენტაციის წარდგენა. ამდენად კომისიამ საკითხის სათანადო გამოკვლევის გარეშე არასწორი და უკანონო შეფასება მისცა ლ.ბ-ის კანდიდატურას, მაშინ როდესაც შეფასების გარეშე დატოვა მეორე კანდიდატის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, რითაც არსებითად შელახა კონკურსი მონაწილე კანდიდატის უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ.ს-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, ლ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინებით, ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განჩინებაში განიმარტა, რომ კონკურსის ფორმალური წესების დაცვით თანამშრომლები სამსახურში კერძო სამართლის იურიდიულ პირსაც შეიძლება მიეღო, რაც მასთან დასაქმებულ პირებს საჯარო მოხელეებად, ხოლო დავას - ადმინისტრაციულ-სამართლებრივად არ აქცევდა. შესაბამისად პალატამ განსახილველი დავა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა რა ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძველი, 2025 წლის 28 მარტის განჩინებით ლ.ბ-ის სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის საგნობრივი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ყურადღების გამახვილება ლ.ბ-ის მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანზე. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო კომისიის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობასა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო აკადემიური პოზიციის დასაკავებლად გათვალისწინებული კონკურსის წარმართვის საკითხებს შეეხებოდა; კერძოდ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით.

სასამართლოს განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. ხოლო ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ (შემდეგში - წესდება) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურში მიღების და გათავისუფლების წესი რეგულირდება ამ წესდებით და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა შესაბამისი აქტებით.

წესდების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ- პროფესორისა და ასისტენტისაგან. წესდების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. მე-4 პუნქტის მიხედვით, განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას, კონკურსის წინ, რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტი. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს კონკურსანტი. 51 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიზანი და ფუნქციებია: ა) კონკურსანტთა კონკურსის წესით შერჩევა ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე; ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის და კვალიფიკაციის შეფასება; გ) რეკომენდაციის წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის კონკურსანტების შეფასების შედეგების შესახებ. 52 პუნქტის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია. 53 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შეფასებით, მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. შესაძლოა, კონკურსის წარმატებით გავლის შემდგომ, პროფესორებსა და უნივერსიტეტს შორის საქართველოს შრომის კოდექსით დარეგულირებული შრომითი ურთიერთობა ყალიბდებოდეს, თუმცა, იმ საკითხის განხილვა, კონკურსი წარიმართა თუ არა ზემოთ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, თუ ადგილი ჰქონდა მათ დარღვევას, შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამავე ნორმატიული აქტებით და არა საქართველოს შრომის კოდექსითა თუ სხვა სამოქალაქო- სამართლებრივი აქტით.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ერთ-ერთ საქმეში, სადაც სადავო საკითხს წარმოადგენდა იმ სარჩელის საგნობრივი განსჯადობა, რომელიც წინამდებარე სარჩელის მსგავსად, გამომდინარეობდა საჯარო სამართლის იურიდიული პირში (სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსიდან, საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია - სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს შეფასებით, დავა განსჯადობით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ექვემდებარებოდა“ (იხ. სუსგ №ბს-213(გ-23), 21.03.2023 წ.).

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ასევე მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დგინდება, რომ სარჩელი, სადაც დავის საგანს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული აქტების ბათილად ცნობას შეეხებოდა, განხილული და გადაწყვეტილ იქნა ადმინისტრაციული წესით (იხ. სუსგ ბს-376(კ-21), 21.10.2021 წ.).

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ორივე შემთხვევაში პროფესორის პოზიციის დაკავება ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით რეგულირდება, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოყვანილი განმარტებების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა.

ყოველივეს გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ.ბ-ის მიერ აღძრული დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ №ბს-1394-1377(კ-11), 06.06.2012 წ.). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი). „სასამართლოს არჩევის უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სასამართლოების ალტერნატიულ განსჯადობასთან - როცა საქმე სხვადასხვა საფუძვლებით თანაბრად რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. ეს უფლება არ მოქმედებს, თუ რომელიმე სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე აქვს ექსკლუზიური სპეციალური განსჯადობა“ (ავტორთა კოლექტივი, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2020).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობაზე დავა ცალკეულ სასამართლო ორგანოთა შორის კომპეტენციის გამიჯვნის ერთგვარი ინსტრუმენტია. შესაბამისად, განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. №ბს-430 (გ-19)).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება უზრუნველყოფს როგორც პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპთა რეალიზაციას, ასევე სასამართლოების თანაბარ დატვირთვას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსახილველი დავის თავისებურებები. მათ შორის, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. №ბს-132-123(კ-07) განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავება წარმოადგენს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ასისტენტ-პროფესორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში. ამ უფლების რეალიზების თვალსაზრისით მოსარჩელემ დავის საგნად აქცია საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ამასთანავე ითხოვს მისი დანიშვნის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, ამრიგად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სწორედ საკითხი იმის შესახებ, ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები განეკუთვნება თუ არა საჯარო მოწესრიგების სფეროს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი; კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს, სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში (სუსგ №ბს-275(გ-23), 22.06.2023წ.). უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა არსობრივად მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან სხვა საჯარო სამართლის წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. ამასთან, საჯარო სამართლის ნორმების მარტოოდენ ფორმალური გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ასეთ ურთიერთობას საჯარო-სამართლებრივად, ისევე როგორც - საჯარო საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება თავისთავად არ გამორიცხავს ასეთი საქმიანობის საჯარო-სამართლებრივ ბუნებას. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი და ურთიერთობის მახასიათებლები, სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად ხდება შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება (სუსგ №ბს-515(გ-19), 04.06.2019წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით ცხადია, რომ სადავო სამართალურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისადმი კუთვნილების საკითხი განისაზღვრება სამართლის შესაბამისი დარგის ნორმატიულ-იურიდიული ღერძის, აგრეთვე, მისი არსებობის განმაპირობებელი სახელმწიფოებრივი მიზნების შეფასებით, რომლის ფონზეც აღნიშნული სადავო ურთიერთობა ჯერ აღმოცენდა, შემდგომ განვითარდა, საბოლოოდ კი, წარმოშობილი დავის სახით მიაღწია კულმინაციას. ამდენად, განსჯადობის საკითხის მართებულად გარკვევისათვის უნდა დადგინდეს სადავო სამართალურთიერთობა თავისი არსით საჯარო თუ კერძო კანონმდებლობას ეფუძნება. ამასთან, სადავო ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარედ გამოსვლა და მასზე საჯარო-სამართლებრივი რეგულირების გავრცელება, თავისთავად არ ადასტურებს დავის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს, აღნიშნული იზოლირებულად, სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღების გარეშე, ვერ შექმნის მყარ იურიდიულ საფუძველს მოცემული შემთხვევის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი მიკუთვნებისათვის, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს თავისუფლად შეუძლია იყოს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე იმგვარად, რომ სრულად ექვემდებარებოდეს სამოქალაქო ნორმებს. სადავო ურთიერთობის იურიდიული იდენტობისა და ამდენად, მხარეთა სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების სწორად დასადგენად, მთლიანობაშია შესაფასებელი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიზნების შუქზე, დასადგენია ძირითადი, საკვანძო არსით რამდენად ეფუძნება სადავო სამართალურთიერთობა საჯარო სამართლებრივი ბუნების ნორმებს. შესაბამისად, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამართლებრივ ანალიზს საჭიროებს ერთი მხრივ, მოსარჩელის მოთხოვნათა ადმინისტრაციული სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობა, ხოლო მეორე მხრივ, შესაფასებელია საკითხი იმასთან მიმართებით, თუ რომელი იურიდიული ბუნების სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოქმედებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის პრეტენზიათა წარმოშობისას, რამდენად ახორციელებდა იგი ასეთ დროს საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრულ კონკრეტულ სფეროში საჯარო მიზნისათვის კანონით მინიჭებულ მმართველობით-ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას (სუსგ №ბს-320(გ-25) 01.05.2025 წ.).

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. ამავე კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურში მიღების და გათავისუფლების წესი რეგულირდება ამ წესდებით და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა შესაბამისი აქტებით.

წესდების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ- პროფესორისა და ასისტენტისაგან, ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. მე-3 პუნქტის შესაბამისად, განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. მე-5 პუნქტის მიხედვით, კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას, კონკურსის წინ, რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტი. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს კონკურსანტი.

წესდების 51 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიზანი და ფუნქციებია: ა) კონკურსანტთა კონკურსის წესით შერჩევა ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე; ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის და კვალიფიკაციის შეფასება; გ) რეკომენდაციის წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის კონკურსანტების შეფასების შედეგების შესახებ. 52 პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია. 53 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მე-6 პუნქტის მიხედვით, აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. მე-7 პუნქტის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მითითებული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შეფასებას, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. შესაძლოა, კონკურსის წარმატებით გავლის შემდგომ, პროფესორებსა და უნივერსიტეტს შორის საქართველოს შრომის კოდექსით დარეგულირებული შრომითი ურთიერთობა ყალიბდებოდეს, თუმცა, იმ საკითხის განხილვა, კონკურსი წარიმართა თუ არა ზემოთ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, თუ ადგილი ჰქონდა მათ დარღვევას, შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამავე ნორმატიული აქტებით და არა საქართველოს შრომის კოდექსითა თუ სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი აქტით. ამდენად, მხარეთა სადავო ურთიერთობის ბუნება გამოიხატება მათი უთანხმოების საჯარო ნორმებზე გადამწყვეტი დამოკიდებულებით, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული უთანხმოების იურიდიული ბაზისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივია. ამ დავის სამოქალაქო სამართალწარმოების განსჯადად მიჩნევა წარმოშობს სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება განსჯადობის პრინციპებს. უკეთუ საჯარო ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი იერარქიული და ვერტიკალური ურთიერთობის კონტექსტში აღმოცენებული და განვითარებული აღნიშნული სადავო შემთხვევა თავისი მთელი არსით უკავშირდება საჯარო ნორმების დაცულობის საკითხის გადაწყვეტას, შესაბამისად, მოცემული დავა საჯარო-სამართლებრივი ხასიათისა და იმანენტური საჯარო ბუნების მატარებელია, ხოლო ყოველივე აღნიშნული მთლიანობაში ქმნის საკმარისად მყარ იურიდიულ საფუძველს ხსენებული დავის ადმინისტრაციული განსჯადობის წესის დაცვით განხილვისათვის.

ამრიგად, მოსარჩელე ლ.ბ-ის მიერ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ბ-ის სარჩელი, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ბ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა