დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1068(3კ-25) 25 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების, ასევე, რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 16 ნოემბერს რ.შ-მა, კ.გ-ნმა, ლ.გ-ემ, ნ.შ-ამ, ნ.ლ-მა, რ.ხ-მა, დ.მ-მა და მ.ჩ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სარჩელის არაერთხელ დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელეებმა მოპასუხეებად მიუთითეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 28 აპრილის №1-1/171 ბრძანების ბათილად ცნობა; ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეების მოთხოვნა ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართში შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წილის (59.9%) შესაბამისი ნაწილის არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 28 აპრილის №1-1/171 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (რომელიც ძალადაკარგულია 26.06.97 წელს) პირველ, მე-3, მე-4 მუხლებზე, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (ძალადაკარგულია 1997 წლის 30 მაისს) პირველ, მე-8 მუხლებზე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ დებულების“ პირველ, მე-3, მე-9 მუხლებზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის” მე-2, მე-3 მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 27 ივლისის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსზე.
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება და საკუთრების მოწმობა სრულად არ გაუქმებულა. დასახელებული აქტები ზ.ც-ის კუთვნილი 40% წილის ნაწილში ძალაშია, ხოლო 59.9%-ის ნაწილში გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ საპრივატიზებო დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებას. ასევე უდავოა, რომ საპრივატიზებო თანხები მოსარჩელეების მიერ სრულად გადახდილია და მათი დაბრუნება სახელმწიფოს მიერ არ მომხდარა. ამასთან, დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებას დღემდე ფლობენ მოსარჩელეები და აგრძელებენ იგივე საქმიანობას სადავო ფართში, რაც მოპასუხეების მიერ შედავებული არ ყოფილა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასამართლო დავაში, პირდაპირი მიყიდვის წესით ხელახალი პრივატიზაციის ჩატარებაზე მოპასუხის დავალდებულების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ამ საკითხზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული გადაწყვეტილება არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პრივატიზაციის დასრულებაზე მსჯელობას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხელშეკრულება და საკუთრების უფლების მოწმობა სადავო ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელეების მიერ საპრივატიზებო ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული და ისინი დღემდე ფლობენ სადავო ქონებას, ხოლო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის” მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიგი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის ხელშეწყობა, ბაზრისა და მიწის ფონდის ათვისება, ქონების რაციონალურად გამოყენება და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ წესის მე-5 მუხლით დადგენილია შემთხვევები, როცა ამ წესის მოქმედება არ გავრცელდება. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველი სადავო შემთხვევა არ შეესაბამება წესის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევას, რადგან პრივატიზების შედეგები გაუქმებული ან/და ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. დადგენილია, რომ ნაწილობრივ ძალაშია განხორციელებული პრივატიზაცია, კერძოდ, დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების განკერძოება კანონშესაბამისი იყო, მხოლოდ ქონების მიმღებ პირთა წრე იქნა დადგენილი და დაზუსტებული. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სადავო ქონების მიმღები პირები უნდა ყოფილიყვნენ მოსარჩელეები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საკითხი განხილული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის” შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვინაიდან სადავო ნაწილში გაუქმდა საპრივატიზებო ხელშეკრულება და საკუთრების უფლების მოწმობა, მათზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი.” სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ დასახელებული წესის ფარგლებში უნდა იმსჯელოს სადავო საკითხზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოსარჩელეების შეცდომაში შეყვანის შედეგად, რაც დადასტურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და შემდეგ, მრავალწლიანი სასამართლო დავიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა ობიექტის პრივატიზების მიზნით თავიდან შეექმნათ დროებითი ამხანაგობა და გაეფორმებინათ ხელშეკრულება, როგორც ამას ითვალისწინებდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 28 აპრილის №1-1/171 ბრძანების ბათილად ცნობის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ასევე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს რ.შ-მა, კ.გ-ნმა, ლ.გ-ემ, ნ.შ-ამ, ნ.ლ-მა, რ.ხ-მა, დ.მ-მა და მ.ჩ-მა.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის” მე-3, მე-5 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 1996 წლის 28 მაისის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რაც ხელს უშლის საკუთრების უფლების დადასტურებას, ვინაიდან ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული მოწმობა არ მოქმედებს. ამასთან, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა ქონების ხელახალი პრივატიზების დავალდებულების თაობაზე.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სამინისტროს გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელე მხარის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ... ,,...“-ის შრომით კოლექტივს შორის დადებული 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 1996 წლის 28 მაისის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ... ,,...“-ის 59.9%-ის შესაბამისი ქონების პრივატიზაციის ნაწილში. ამდენად, საჩივრის ავტორთა მიერ სააგენტოში განცხადებების წარდგენის დროისთვის ხელშეკრულება შესაბამის ნაწილში აღარ იყო მოქმედი და სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს ემსჯელა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადასტურების საკითხზე. ამასთან, კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის Nბს-549(კ-21) განჩინებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სახელმწიფო ქონების პრივატიზება კომპლექსური საკითხია, სასამართლოს სადავო საკითხი უნდა შეეფასებინა სწორედ ამ კომპლექსურობიდან გამომდინარე და არა ნაწილობრივ ბათილად ცნობილი ხელშეკრულების არაბათილად ცნობილი პირობების მხედველობაში მიღებით. კასატორის განმარტებით, პრივატიზების თითოეული ეტაპი არ წარმოადგენს სასამართლო დავის საგანს, თუ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში ფასდება დამოუკიდებლად, თუკი პრივატიზება დასრულებული არ არის და პრივატიზების ხელშეკრულება დადებული არ არის. მოცემულ შემთხვევაში კი, პრივატიზება დასრულებული იყო და სასამართლოს შეფასებით მოსარჩელე მხარის მიმართ განხორციელებული მთლიანი პრივატიზების პროცესი არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 249-ე, 393-ე, 394-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაკმაყოფილებას განაპირობებდა. შესაბამისად, არ არსებობდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოსაკვლევად საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები საკასაციო საჩივრებსა და შეგებებულ საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ სამმართველოს, როგორც „გამყიდველსა“ და ... „...“-ის შრომით კოლექტივს, როგორც „მყიდველს“ შორის 1996 წლის 27 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება ... „...“-ის ძირითადი საშუალებებისა და ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ას ქუჩა №...-ში არსებული, 367 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მასში მითითებული საპრივატიზებო ქონების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესაბამის ქონებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტმა გასცა ... „...“-ის შრომითი კოლექტივის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N23/795-პ.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 27 ივლისის განჩინებით, რ.შ-ის, ნ.შ-ას, მ.შ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება ზ.ც-ის კუთვნილი წილის შესაბამისი ქონების ნაწილში 27.05.96 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმას; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის №3/ბ-1888-11 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის, მ.ჩ-ის და ა.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასახელებული პირების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიცვალა შემდეგი სახით: მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ სამმართველოსა და ... „...“-ის შრომით კოლექტივს შორის დადებული 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 1996 წლის 28 მაისის №23/795-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ... „...“-ის 59.9%-ის შესაბამისი ქონების პრივატიზაციის ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ...-ას“ რეგისტრაცია. ამასთან, სარჩელი, პირდაპირი მიყიდვის წესით ხელახალი პრივატიზაციის ჩატარების დავალდებულების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ 2020 წლის 13 იანვარს და 13 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარედგინა რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ისა და მ.ჩ-ის განცხადებები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე ... „...“-ის შრომითი კოლექტივის (ამხანაგობის) წილის (59.9%) შესაბამის არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების დადასტურების, ხოლო ზემოაღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილებით, განმცხადებლებს ეცნობათ, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების საკითხზე, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ სამმართველოსა და ... „ ...“-ის შრომით კოლექტივს შორის დადებული 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 1996 წლის 28 მაისის №23/795-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ... „...“-ის 59.9%-ის შესაბამისი ქონების პრივატიზაციის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უძრავი ქონების პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის კომპეტენციას, ხოლო აუქციონის ფორმით პრივატიზებაზე გადაწყვეტილებას იღებდა სააგენტო. შესაბამისად, პრივატიზებაზე დაინტერესებული სუბიექტის, საპრივატიზებო პირობების, საპრივატიზებო საფასურის და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, სააგენტო გამოთქვამდა მზადყოფნას ემსჯელა ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების მიზანშეწონილობის საკითხზე.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილება რ.შ-მა, კ.გ-ნმა, ლ.გ-ემ, ნ.შ-ამ, ნ.ლ-მა, რ.ხ-მა, დ.მ-მა და მ.ჩ-მა გაასაჩივრეს ადმინისტრაციული საჩივრით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 28 აპრილის №1-1/171 ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 28 აპრილის №1-1/171 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეების მოთხოვნა ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართში შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წილის (59.9%) შესაბამისი ნაწილის არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, განმცხადებლებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილების შესაბამისად, მოთხოვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე არსებითად უარი ეთქვათ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ... ,,...“-ის შრომით კოლექტივს შორის დადებული 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ასევე 1996 წლის 28 მაისის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ... ,,...“-ის 59.9%-ის შესაბამისი ქონების პრივატიზაციის ნაწილში, ბათილად იყო ცნობილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის (ძალადაკარგულია 1997 წლის 30 მაისის კანონით) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პრივატიზება განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. მითითებული კანონის მე-8 მუხლის (პუნქტი 1, 3, 6, 8) შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოს მუშაკებს შეეძლოთ ინიციატივის წესით შეეტანათ განცხადება ამ საწარმოს პრივატიზების შესახებ, ხოლო გადაწყვეტილებას საწარმოს პრივატიზების შესახებ იღებდა კომიტეტი. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, იქმნებოდა პრივატიზების კომისია, რომელიც ადგენდა პრივატიზების პროგრამას, რომელიც მოიცავდა საწარმოს რეორგანიზაციის პროექტს, პრივატიზების ფორმას, საწარმოს საწყისი ფასის დადგენას, ღირებულების გადახდის (ანგარიშსწორების) რეკომენდებულ ფორმას. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ დებულების“ მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდებოდა მხოლოდ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე, რომელიც აერთიანებდა ობიექტში მომუშავეთა 50 პროცენტზე მეტს, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ამხანაგობის ჩამოყალიბების შესახებ მიიღებოდა, თუ კრებას ესწრებოდა საწარმოს მუშაკთა არანაკლებ ორი მესამედი /1994 წლის 1 მარტის სიითი შემადგენლობიდან/ და გადაწყვეტილებას ხმას მისცემდა საწარმოს მუშაკთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების 1.1 პუნქტი ადგენდა, რომ მითითებული დებულება მოქმედებდა შეზღუდული დროის განმავლობაში (ბრძანებულებაზე ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 27 ივლისის განჩინებაზე, რომლის თანახმად, რ.შ-ის, ნ.შ-ას, მ.შ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ზ.ც-ის კუთვნილი წილის შესაბამისი ქონების ნაწილში 27.05.96 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმას; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კასატორებს არ ჰქონდათ პრეტენზია ზ.ც-ის მიმართ, რომლის წილი ობიექტის პრივატიზების მიზნით შექმნილ ამხანაგობაში შეადგენდა 40%-ს. აღნიშნული წილის შესაბამისი ფართი, რომელშიც ფუნქციონირებს მაღაზია, რეალურად გამოყოფილი იყო დანარჩენი არასაცხოვრებელი ფართისგან. კასატორები ასევე აღიარებდნენ ზ.ც-ის მოწვევას ობიექტის პრივატიზებაში მონაწილეობისათვის, მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებას და მოითხოვდნენ ზ.ც-ისთვის 40% წილის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი 60%-ის თანამშრომლებზე თანაბარ გადანაწილებას. ამდენად, საკასაციო პალატამ შესაძლებლად მიიჩნია ობიექტის პრივატიზაციის ხელშეკრულების უცვლელად დატოვება ზ.ც-ის კუთვნილი წილის შესაბამისი, ფაქტობრივად დაკავებული ფართის პრივატიზაციის ნაწილში.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის №3/ბ-1888-11 კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის, მ.ჩ-ის და ა.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასახელებული პირების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიცვალა შემდეგი სახით: მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ სამმართველოსა და ... „...“-ის შრომით კოლექტივს შორის დადებული 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 1996 წლის 28 მაისის №23/795-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ... „...“-ის 59.9%-ის შესაბამისი ქონების პრივატიზაციის ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ...-ას“ რეგისტრაცია. ამასთან, სარჩელი, პირდაპირი მიყიდვის წესით ხელახალი პრივატიზაციის ჩატარების დავალდებულების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განხორციელება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამდენად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეჭრილიყო ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის სფეროში და მიეთვისებინა მმართველობის სფეროს მიკუთვნებული უფლებამოსილება. ამასთან, გადაწყვეტილების თანახმად, გასაჩივრებული პრივატიზების ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოებები, რომ 1995 წლის 23 ივნისის კრებაზე, “...”-ის შრომითი კოლექტივის წევრები (17 წევრი) არ იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ გადაწყვეტილება დროებითი ამხანაგობის ჩამოყალიბების შესახებ, ვინაიდან კრებას არ ესწრებოდა საწარმოს მუშაკთა ორი მესამედი ნაწილი (1994 წლის 1 მარტის სიითი შემადგენლობიდან). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 1995 წლის 23 ივნისის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 29.05.94წ. №178 ბრძანებულებით დამტკიცებული „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, ზემოთ მითითებული ნორმის დარღვევით იყო შედგენილი 1995 წლის 23 ივნისის სახელმწიფო საწარმო „...“-ის მუშაკთა მიერ ობიექტის პრივატიზების მიზნით დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ დამფუძნებელი ხელშეკრულება, ვინაიდან შრომითი კოლექტივის წევრები (მხოლოდ 17 წევრი) არ იყვნენ უფლებამოსილნი ობიექტის შესყიდვის მიზნით შეექმნათ დროებითი ამხანაგობა. საქმეზე ასევე დადგენილ იქნა, რომ დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ სადამფუძნებლო ხელშეკრულებას ხელს არ აწერდნენ შრომითი კოლექტივის წევრები ნ.შ-ა, ლ.შ-ი, კ.გ-ი, რ.ხ-ი, თ.გ-ი, დ.მ-ი, ლ.გ-ე და მათი სახელით ხელმოწერები განხორციელებული იყო სხვა პირის (პირების) მიერ. არ დადასტურდა ობიექტის პრივატიზების მიზნით, დროებითი ამხანაგობის შექმნაზე მოსარჩელეთა (... „...“-ს შრომითი კოლექტივის წევრთა) ნების გამოვლენის ფაქტი. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1997 წლის 30 მაისის №743 საქართველოს კანონით) 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმო ... „ ...“-ის პირდაპირი შესყიდვა განხორციელებული იყო არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რაც წარმოადგენდა 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველს. კერძოდ, ... „...”-ის შრომითი კოლექტივის წევრები (17 წევრი + 1 მოწვეული პირი) არ იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ გადაწყვეტილება დროებითი ამხანაგობის ჩამოყალიბების შესახებ, ვინაიდან 1995 წლის 23 ივნისის საერთო კრებას არ ესწრებოდა საწარმოს მუშაკთა ორი მესამედი ნაწილი (1994 წლის 1 მარტის სიითი შემადგენლობიდან).
საკასაციო პალატა ა ქვე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის 2019 წლის 6 ივნისის ამონაწერი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონების 40%-ის მესაკუთრე არის ზ.ც-ე, 0.1% წარმოადგენს თანასაკუთრებას, ხოლო 59.9%-ის ნაწილში რეგისტრაცია გაუქმდა. ამასთან, 2020 წლის 14 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას, რომლის 40%-ის მესაკუთრეა ზ.ც-ე. ამონაწერებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის 1996 წლის 28 მაისის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 27 ივლისის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ სამმართველოსა და ... „...“-ის შრომით კოლექტივს შორის დადებული 1996 წლის 27 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 1996 წლის 28 მაისის №23/795-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სრულად არ გაუქმებულა. ისინი ზ.ც-ის კუთვნილი 40% წილის ნაწილში ძალაშია (საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებულია), ხოლო 59.9%-ის ნაწილში გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ საპრივატიზებო დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებას. თავის მხრივ, საპრივატიზებო დოკუმენტების კანონშეუსაბამობა გამოწვეული იყო მოსარჩელეების ნებისგან დამოუკიდებელი გარემოებებით, რაც გახდა სწორედ მათ მიერ სასამართლო დავის დაწყების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (პირველი მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, პრივატიზება განმარტებულია, როგორც ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესზე“, რომლის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიგი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის ხელშეწყობა, ბაზრისა და მიწის ფონდის ათვისება, ქონების რაციონალურად გამოყენება და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დადასტურება არის უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულება და დაინტერესებული პირისთვის საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე, შესაბამისი დოკუმენტის გაცემა. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ საკუთრების უფლების დადასტურება ხორციელდება, თუ: ა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ქონების საპრივატიზებო საფასური გადახდილია სრულად (მათ შორის, ვადის გადაცილებით) ან უძრავი ქონების შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 80% (მათ შორის, ვადის გადაცილებით), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 50% (მათ შორის, ვადის გადაცილებით); გ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ დადგენილების ამოქმედების დღისთვის არ არის გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; დ) სრულად შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პირისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადასტურების ანუ, პრივატიზების პროცესის დასრულების შესაძლებლობას, თუმცა ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.)
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის“ საფუძველზე, მოთხოვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების განუხორციელებლობის თაობაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ პრივატიზების ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტზე მითითება, არ წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების საკმარის დასაბუთებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებებიც, რომ მოსარჩელეების მიერ საპრივატიზებო თანხების სრულად გადახდის, მათ მიერ სადავო უძრავი ქონების დღემდე ფლობისა და იმავე ფართში იმავე საქმიანობის გაგრძელების ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შედავებული არ არის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას პრივატიზაციის დასრულებაზე მსჯელობის შეუძლებლობის შესახებ, იმ გარემოებაზე უპირობოდ მითითებით, რომ პრივატიზების ხელშეკრულება და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა სადავო ნაწილში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით, უძრავი ნივთი ნაწილობრივ პრივატიზებულია. ამასთან, სახელმწიფო ქონების განკერძოების კანონშეუსაბამობა დადგენილი არ ყოფილა, დადგენილი და დაზუსტებული იქნა მხოლოდ ქონების მიმღებ პირთა წრე. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხილული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის“ შესაბამისად. ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის №3/ბ-1888-11 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სარჩელი პირდაპირი მიყიდვის წესით ხელახალი პრივატიზაციის ჩატარების დავალდებულების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული სასამართლოს მიერ მოტივირებული იყო პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განხორციელებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით, რაც თავის მხრივ არ გულისხმობს სასამართლოს არსებით მსჯელობას/პოზიციას აღნიშნული მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე.
საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის Nბს-549(კ-21) განჩინებაზე მითითებით, სადავო საკითხის მხოლოდ ბათილად ცნობის ფაქტით შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მითითებულ განჩინებაში (Nბს-549(კ-21), 25.12.2023წ.) უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზება თავისი ბუნებით კომპლექსური პროცესია... პრივატიზაციის პროცედურის მსვლელობისას პრივატიზაციის პროცესის ცალკეული ეტაპების (ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანის გადაწყვეტილება, გამოქვეყნება, აუქციონის ჩატარება და სხვ.) გასაჩივრება დასაშვებია, თუმცა საპრივატიზაციო პროცესის ყველა ეტაპის გავლის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების, პრივატიზაციის დასრულების შემდეგ, ობიექტის პრივატიზაციის წინმსწრები ეტაპების გასაჩივრება შესაძლებელია პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი სამართლებრივი აქტის (ადმინისტრაციული ხელშეკრულების) ბათილად ცნობის მოთხოვნის ჭრილში..“ ამდენად, მითითებული განმარტება შეეხება პრივატიზაციის პროცედურის ცალკეული ეტაპების გასაჩივრებას, მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღება, პრივატიზების ეტაპების კანონიერების შეფასებას არ გულისხმობს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების კანონიერების კვლევა არც მოცემული დავის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, კასატორის მიერ უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე მითითება, სადავო საკითხთან მიმართებით არარელევანტურია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ინდივიდუალური ბუნების გათვალისწინებით, გარდა გადაწყვეტილებით დამდგარი საბოლოო შედეგისა, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები შესაძლოა მასთან დაკავშირებული სხვა დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელი იყოს, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება განმარტებული, როგორც დასრულებული პრივატიზების პროცესის ცალკეული ეტაპების კანონიერების შეფასება და პრივატიზების პროცესის კომპლექსურობაზე მითითებით, ვერ იქნება უგულებელყოფილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო, არ შეაფასა და გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პრივატიზების ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა განხორციელდა მოსარჩელეთა მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველზე, მათივე კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, ვინაიდან საპრივატიზებო დოკუმენტები სხვა პირთა მიერ წარმოებული იყო კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, მოსარჩელეთა ნების გათვალისწინების გარეშე. სხვა პირთა უკანონო ქმედებების გამო კი უპირობოდ, საკითხისადმი ფორმალური მიდგომით, საქმის გარემოებების სრულყოფილად, ყოველმხრივ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, არ უნდა იზღუდებოდეს მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით 21-ე მუხლი) განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803 გადაწყვეტილებასთან მიმართებით სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე არსებობდა მოსარჩელეების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 28 აპრილის №1-1/171 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებსა და შეგებებულ საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები, ასევე, რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ეს, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის უნდა დაუბრუნდეთ შეგებებულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ი.მ-ის მიერ 2025 წლის 25 ნოემბრის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. რ.შ-ის, კ.გ-ნის, ლ.გ-ის, ნ.შ-ას, ნ.ლ-ის, რ.ხ-ის, დ.მ-ის და მ.ჩ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება;
4. რ.შ-ის (პ/ნ...), კ.გ-ნის (პ/ნ...), ლ.გ-ეს (პ/ნ...), ნ.შ-ას (პ/ნ...), ნ.ლ-ის (პ/ნ...), რ.ხ-ის (პ/ნ...), დ.მ-ის (პ/ნ...) და მ.ჩ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეთ შეგებებულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ი.მ-ის (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 25 ნოემბრის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე