დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1088-1323-04 7 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: უღირს მემკვიდრედ ცნობა, გამოსახლება, მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. ლ-ემ და ნ. ც-მა სარჩელი აღძრეს ნ. ც-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობა, მამკვიდრებელ ნ. გ-ის დაკრძალვაზე გაწეული ხარჯების _ 2751 ლარის გადასახდელად დაკისრება, მოპასუხის (ოჯახთან ერთად) სამკვიდრო სახლიდან, მდებარე ქ.ქუთაისში, ... ¹48-დან გამოსახლება. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს სამკვიდროდან რეალური წილის გამოყოფისა და თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე.
მოპასუხე ნ. ც-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ს. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნ. გ-ისა და ს. ლ-ის ქორწინების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხარეები ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილილ ნ. გ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრეებად და ამ ქონებიდან მათი სამკვიდრო წილი განისაზღვრა 1/3 ოდენობით. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ნ. ც-ისა და ზ. მ-ის სამკვიდრო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებაზე და ნ. ც-ის უღირს მემკვიდრედ ცნობაზე, ასევე, უარი ეთქვა ნ. ც-ის შეგებებულ სარჩელს ნ. გ-ისა და ს. ლაცაბიძის ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-მა. შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ს. ლ-ემ და ნ. ც-მა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 13 აგვისტოს განჩინებით მხარეთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლი ირიცხებოდა ნ. გ-ის სახელზე. 2000წ. 15 ივლისს დაქორწინდა ს. ლ-ეზე. ნ. გ-ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი: ნ. და ნ. ც-ები. ნ. გ-ე გარდაიცვალა 2002წ. 17 აგვისტოს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილები და მეუღლე ს. ლ-ე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ც-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. გ-ისა და ს. ლ-ის ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას. პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ც-ი არ განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელთაც ფიქტიური ქორწინების ბათილობის შესახებ სარჩელის შეტანის უფლებამოსილება აქვთ, ხოლო სადავო ქორწინების ბათილად ცნობის სხვა საფუძვლები საქმის მასალებით არ დასტურდება.
ნ. ც-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ნ. ც-ისათვის სამკვიდრო წილის შემცირების თაობაზე, ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რადგან არ დადასტურდა, რომ ნ. ც-ს თავისი წილი მიღებული ჰქონდა ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, ხოლო სამკვიდრო ქონებაში შემავალი ავეჯის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, მოხმარდა ნ. გ-ის დაკრძალვას.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ნ. ც-ისა და ს. ლ-ის მოთხოვნა ნ. ც-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, რადგან უღირს მემკვიდრედ ცნობის ან მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის კანონით დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 1140-ე, 1145-ე, 1342-ე, 1483-ე, 1477-ე, 1452-ე, 1469-ე, 1218-ე და 1310-ე მუხლები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
კასატორები - ს. ლ-ე და ნ. ც-ი მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მოპასუხეების გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, ს.ლაცაბიძისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. კასატორების მოსაზრებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, კანონი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე.
კასატორი ნ. ც-ი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ქორწინების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, ნ. ც-ს სამკვიდრო წილის შემცირებასა და, შესაბამისად, მისი წილის განსაზღვრას. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 1310-ე მუხლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).
მემკვიდრეობის უფლება პირს იმ შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას და ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ, თუ იგი ჩაიდენს მითითებულ ნორმაში ჩამოთვლილ მოქმედებებს. მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ნ. ც-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის ან მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის კანონით დადგენილი საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელეებს მართებულად ეთქვათ უარი მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობაზე.
სსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია, საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით,რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით, ხოლო, 179-ე მუხლის თანახმად, სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა ს. ლ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, შესაბამისად, კასატორის მოსაზრება, რომ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე კანონი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, არასწორია.
დაუსაბუთებელია ასევე კასატორი ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ც-ი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ს. ლ-ისა და ნ. გ-ის ქორწინების ბათილობა, ვინაიდან, სკ-ის 1145-ე მუხლის მე-2ნაწილის თანახმად, ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელი შეიძლება აღძრას, აგრეთვე, მეორე მეუღლემაც.
რაც შეეხება ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ნ. ც-ის სამკვიდრო წილის შემცირების თაობაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონებაში შემავალი ავეჯის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მოხმარდა მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯებს. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. ც-ის მიერ მამკვიდრებლისაგან სხვა რაიმე ქონების მიღების ფაქტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ლ-ის, ნ. ც-ისა და ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 13 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.