გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 24.11.2006
საქმის ნომერი
ას-1299-1534-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1299-1534-05 ას-1299-1534-05 24 ნოემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. და თ. ა-ძეებმა, ლ. ე-შვილმა სარჩელით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს თანამოპასუხეების: ნ. ხ-შვილისა და ქ.თელავის ნოტარიუს ც.კ-შვილის მიმართ და მოითხოვეს ქ. თელავის ნოტარიუსის მიერ 1991 წელს 10 დეკემბერს რ. ა-ძის სახელზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება, თელავის რაიონის სოფელ ... მშობლების დანაშთი ქონების 3/4-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. რ. ა-ძე გარდაიცვალა 2003წ. 4 აპრილს. გარდაცვალების შემდეგ დებმა შეიტყვეს, რომ მას მიუღია მშობლების სამკვიდრო ქონება ისე, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1478-ე და 1479-ე მუხლების მოთხოვნები.

მოპასუხე ნ. ხ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ., თ. ა-ძეებსა და ლ. ე-შვილს მოპასუხე ნ. ხ-შვილის მიმართ აღძრულ სარჩელზე სამკვიდროს მიღების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და მისი აღდგენის შესახებ უარი ეთქვათ ხანდაზმულობის გამო. მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს რ.ა-ძემ სამკვიდრო მოწმობა აიღო უკანონოდ და დაირღვა მოსარჩელეთა უფლებები, საფუძველს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ 1991 წელს მოქმედებდა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი და ახალი კოდექსი არ არსებობდა. რ.ა-ძემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს და კანონიერად გაიფორმა სამკვიდრო, რის შემდეგაც გავიდა 13 წელი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ყოვლად უსაფუძვლო და ხანდაზმულია.

თელავის რაიონეული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ., თ. ა-ძეებმა და ლ. ე-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეთა მშობლები: მამა - გ. ა-ძე გარდაიცვალა 1990წ. 24 ივნისს, ხოლო დედა - ლ. ზ-შვილი 1990წ. 24 ოქტომბერს. მოსარჩელეებს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად მიმართვის უფლება წარმოეშვათ 1990 წელს, მაგრამ მათ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ. მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ ისინი ფლობდნენ და მართავდნენ მშობლების დანატოვარ სამკვიდროს.

გ. ა-ძემ, თ. ა-ძემ და ლ. ა-ძე-ე-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გ. ა-ძის, თ. ა-ძისა და ლ. ა-ძე-ე-შვილის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ კასატორების მიერ წამოყენებული პრეტენზია, კერძოდ ის, რომ სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები (მათ შორის სოფლის საკრებულოდან წარდგენილი ცნობა), რომლითაც დასტურდება მათ მიერ სამკვიდრო ქონების მიღებისა და ფლობის ფაქტი, სწორედ დასაბუთებულ პრეტენზიად უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, რატომ არ გაიზიარა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს დაუფლებაზე. საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორთა მოსაზრება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ 1991წ. 10 დეკემბერს რ. ა-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის გაუქმებასაც ითხოვენ მოსარჩელეები, საქმეში არ მოიპოვება, რადგან საქმის მასალებში არსებულ სანოტარო საქმეებში მოთავსებულია სადავო სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად, როგორც სამოქალაქო სამართლის კოდექსის, ისე სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება შეუძლებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ძის, თ. ა-ძისა და ლ. ა-ძე-ე-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ა-ძის, თ. ა-ძისა და ლ. ა-ძე-ე-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ა-ძე, თ. ა-ძე და ლ. ა-ძე-ე-შვილი ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილ გ. ა-ძის დანაშთი ქონების, კერძოდ, თელავის რაიონის სოფელ ... მის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის თითოეული ¼1/4-ის მესაკუთრედ. შეწყდა საქმის წარმოება, გ. ა-ძის, თ. ა-ძისა და ლ. ა-ძე-ე-შვილის სარჩელისა გამო ნ. ხ-შვილის მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა კანონით დადგენილი ფორმით და ვადაში მიიღეს სამკვიდრო. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად სამკვიდროს გახსნის დღიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 266-ე და 273-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქაო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 14 აპრილის სხდომაზე ნ.ხიზანიშვილის საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელეთა კერძო საჩივრის განხილვამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 26 ივნისის განჩინებით თ. ა-ძისა და ლ. ე-შვილის წარმომადგენლის გ. ა-ძის, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქაო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წელის 20 ივლისის განჩინებით განახლდა ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო და კერძო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარიუნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1990წ. 24 ივლისს გარდაიცვალა გ. ა-ძე, ხოლო ამავეწ. 24 ოქტომბერს _ მისი მეუღლე ლ. ზ-შვილი; გ. ა-ძის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავის რაიონის სოფ. ...; გ. ა-ძეს ანდერძი არ დაუტოვებია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მათ დარჩათ 4 პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები – გ. ა-ძე, თ. ა-ძე, ლ. ე-შვილი და რ. ა-ძე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ შვილები სისტემატურად ჩადიოდნენ სოფელში, უვლიდნენ სახლ-კარს. 1990წ. შემოდგომაზე დაკრეფილი ყურძნისა და მისგან დაწურული ღვინის ნაწილი წაიღეს დებმა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილებმა წაიღეს მშობლების ნივთებიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს 1964წ. 26 დეკემბერის სამოქალაქო კოდექსი, რადგან მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების უფლება წარმოეშვათ გაუქმებული სამოქალაქო კოდექსის მოქმედების დროს სამკვიდროს გახსნის პერიოდში. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს რ. ა-ძის მიერ მშობლების სამკვიდროს მიღება. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რ. ა-ძე გარდაიცვალა 2003 წელს და გამოყენებულ უნდა იქნეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, ხოლო უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებთან დაკავშირებით კი გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. სადავო ურთიერთობა არ უკავშირდება უძრავი ნივთების შესახებ მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ახალ წესებს, არამედ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტს.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხარეებმა არ გამოთქვეს სურვილი მათ შორის არსებული ურთიერთობა მოწესრიგებულიყო ახალი სამოქალაქო კოდექსით.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა 1964წ. 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ მოსარჩელების მოთხოვნა მამის დანაშთი ქონების თითოეულზე წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 აბზაცი, ამდენად, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, კერძოდ, 1964წ. 26 დეკემბერის სამოქლაქო კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო ფაქტობრივად მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამავე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი.

განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა ან მართვა. იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს მოცემული ურთიერთობა აუცილებელია იმ იურიდიული შემადგენლობის არსებობა, რომლიც მიუთითებს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მოქმედებებზე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება და მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი მოსარჩელეთა ზემოაღნიშნული მოქმედებები არ შეიძლება მივიჩნიოთ იმ იურიდიულ შემადგენლობად, რაც გათვალისწინებულია განსახილველი ნორმით.

დავის საგანს წარმოადგენს სახლის ნაწილი. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს კონკრეტულად რა მოქმედებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები ფლობდნენ ან მართავდნენ სამკვიდრო ქონებას სამკვიდროს მიღების მიზნით და აღნიშნული მოქმედებები განხორციელდა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ შვილები სისტემატურად ჩადიოდნენ სოფელში, უვლიდნენ სახლ-კარს, წურავდნენ ღვინოს და წაიღეს მშობლების ნივთები, არ მიუთითებენ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტზე. ამისათვის აუცილებელია, რომ დადგენილ იქნეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ სამკვიდროს მიღების შასახებ მემკვიდრის ნებაზე, მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა მიზანზე, რომელიც მიმართულია სამკვიდროს დაუფლებაზე.

ამრიგად, უნდა არსებობდეს მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ნება და ამ მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ განმარტა სამოქლაქო კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე სამკვიდროს დაუფლების მიზნით. აღნიშნული გარემოებების დადასტურების ტვირთი, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკისრია მოსარჩელეებს.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 26 ივნისის განჩინება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ გ. ა-ძემ, თ. ა-ძემ, ლ. ა-ძე – ე-შვილის წარმომადგენელმა, ნ. კ-ძემ შეამცირეს მოთხოვნა და მიუთითეს, რომ არ ითხოვდნენ სამკვიდრო მოწმობის გაუქმებას. ასევე დადგენილია, რომ ნ. კ-ძეს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების უფლებამოსილება ჰქონდა მის სახელზე გაცემული რწმუნებულების საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდა გ. -ძეც. სსკ-ის 291-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, მათ არ მიმართეს სასამართლოს და არ წარადგინეს თავიანთი შენიშვნები სხდომის ოქმთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 26 ივნისის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

გ. ა-ძის, თ. ა-ძის, ლ. ა-ძე-ე-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 26 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.