გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1426-1642-05 6 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. წ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «კ-ისა» და ო. ქ-ძის მიმართ გარიგების შეწყვეტის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ო.ქ-ძის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 2000წ. 22 ივნისს ჯ.წ-ურსა და შპს «კ-ს» შორის დადებული შეთანხმების თანახმად, 2001წ. ბოლოსათვის მოპასუხეს მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე კორპუსში 126 კვ.მ ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რის სანაცვლოდ ჯ.წ-ურს შპს «კ-ისათვის» უნდა ჩაებარებინა ქ.თბილისში, ... მდებარე მისი კუთვნილი ¹25 ბინა, ხოლო შპს «კ-ი», თავის მხრივ, აღნიშნულ ბინას გადასცემდა ო. ქ-ძეს, რომელიც მშენებლობას აგურით უზრუნველყოფდა. ამ განზრახვით 2000წ. 13 ივლისს ჯ. წ-ურსა და ო. ქ-ძეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹25 ბინის 5000 ლარად ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც აღინიშნა, რომ მოსარჩელემ ბინის ღირებულება მიიღო, თუმცა მოპასუხეებს ჯ.წ-ურისათვის რეალურად თანხა არ გადაუხდიათ. შპს «კ-მა» ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საცხოვრებელი სახლის აშენების თაობაზე არ შეასრულა, ხოლო საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის დამატებითი ვადის მიცემა უშედეგოა. მოსარჩელის მოსაზრებით, 2000წ. 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა ნების ნაკლის მქონე, მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებაა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს საჯარო რეესტრში აღნიშნულთან დაკავშირებით შეტანილი ჩანაწერი, ხოლო ბინა თავისუფალ მდგომარეობაში დაუბრუნდეს ჯ.წ-ურს.
მოპასუხე შპს «კ-მა» სარჩელი ცნო და დაადასტურა, რომ ჯ.წ-ურსა და ო.ქ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. ო.ქ-ძეს ბინის ღირებულება მოსარჩელისათვის არ გადაუხდია. ჯ.წ-ურმა სადავო ბინა ჩააბარა შპს «კ-ს», საზოგადოებამ კი თავის მხრივ გადასცა ო.ქ-ძეს აგურის ვალის გასასტუმრებლად.
მოპასუხე ო. ქ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეებს შორის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მან ბინის ღირებულება _ 5000 ლარი ჯ.წ-ურს გადაუხადა და ბინის შეძენის შემდეგ იქ ცხოვრობს. მოსარჩელის მიერ ბინის გასხვისებისას გამოვლენილი ნების ნაკლის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა და 2000წ. 13 ივლისის ხელშეკრულების საფუძვლად ამავე წლის 22 ივნისის გარიგება არსად დაფიქსირებულა.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ.წ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა _ სადავო 2000წ. 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, საჯარო რეესტრს დაევალა შესაბამისი ცვლილების შეტანა, ო. ქ-ძე სადავო ბინიდან გამოსახლდა და იგი გადაეცა ჯ.წ-ურს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ო. ქ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს «კ-ი» ქ.თბილისში, ... და ... ქუჩებს შორის აშენებდა საცხოვრებელ კორპუსს. მშენებლობისათვის აგურს აწვდიდა შპს «კო-ა», რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი იყო ო. ქ-ძე. შპს «კ-ს» წარმოეშვა მიწოდებული აგურის ღირებულების ანაზღაურების დავალიანება, რის გამოც მოპასუხე საზოგადოების დირექციამ ჯ.წ-ურს შესთავაზა მისთვის მშენებარე ¹3 კორპუსში 126 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემა, ბინის ღირებულება დაიფარებოდა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹25 ბინის შპს «კ-ისათვის» ჩაბარებით. ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000წ. 26 ივნისის ¹156 განკარგულებით, ჯ. წ-ური გაწევრიანდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «ხილიანი-96-ში». 2000წ. 6 ივლისს მოპასუხე შპს «კ-სა» და ჯ. წ-ურს შორის გაფორმდა ხელშეკრულების დამატება ¹1, რომლის შესაბამისად, შპს «კ-ის» მიერ 2000წ. 22 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში, 2001წ. ბოლომდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯ.წ-ურს კომპანიისათვის ჩაბარებული ბინა უნდა დაბრუნებოდა. აღნიშნულის შემდგომ, შპს «კ-ის» მითითებისამებრ, ჯ. წ-ურსა და ო. ქ-ძეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ჯ.წ-ურმა ო.ქ-ძეს საკუთრების უფლებით გადასცა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹25 ბინა. მოსარჩელე ჯ.წ-ურის, შპს «კ-ისა» და საქმეში მესამე პირად ჩაბმული ნოტარიუსის განმარტებათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2000წ. 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ო.ქ-ძეს მოსარჩელისათვის ბინის საფასური არ გადაუხდია, ხოლო ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმების ხარჯები შპს «კ-მა» გაიღო. პალატამ მიუთითა, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, აპელანტ ქ-ძის წარმომადგენელმა დ.აბესაძემ განმარტა, რომ 2000წ. 13 ივლისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებისას ო. ქ-ძეს ჯ.წ-ურისათვის ბინის საფასური არ გადაუხდია, თანხის გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებამდე მოხდა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ გააჩნდათ. ამასთან, ხელშეკრულებაში დაფიქსირდა ბინის შემცირებული ფასი _ 5000 ლარი, რადგან სახელმწიფო ბაჟის გადასახადი და მისი გაფორმების ხარჯები ნაკლები ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და აღნიშნა, რომ 2000წ. 13 ივლისის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული საფასურის _ 5000 ლარის ჯ.წ-ურისათვის გადახდის ფაქტი თავად აპელანტმა უარყო, ხოლო სხვა ღირებულების ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ რეალურად ჯ.წ-ურსა და ო.ქ-ძეს შორის სკ-ის 477-ე მუხლის დაცვით ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, ვინაიდან ნასყიდობისათვის აუცილებელი პირობა, ნივთის საფასურის გადახდა არ მომხდარა. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხე ო.ქ-ძე, როგორც ფიზიკური პირი, შპს «კ-ის» კრედიტორს არ წარმოადგენდა, ამდენად, მითითებული საზოგადოების მიმართ მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ო.ქ-ძე არ იყო უფლებამოსილი, შპს «კო-ას» ნაცვლად აგურის ღირებულების სახით შპს «კ-ისაგან» მიეღო რაიმე საზღაური და მათ შორის მოსარჩელე ჯ.წ-ურის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. პალატამ მიუთითა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით შპს «კ-სა» და ჯ.წ-ურს შორის 2000წ. 22 ივნისს გაფორმებული ¹1 ხელშეკრულება შეწყვეტილია. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, 976-ე მუხლის პირველი ნაწილით, 989-ე მუხლის პირველი ნაწილით, 988-ე მუხლით და მიიჩნია, ვინაიდან მოპასუხე შპს «კ-მა» ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები არ შეასრულა, აღნიშნული ჯ.წ-ურს აძლევს უფლებას, მოითხოვოს მის სასარგებლოდ შესასრულებელი ვადაგადაცილებული ვალდებულების სანაცვლოდ დათმობილი საცხოვრებელი ბინის დაბრუნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «კ-ი», როგორც ვითომ კრედიტორი, ვალდებულია ჯ.წ-ურს დაუბრუნოს ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელისაგან მიღებული ბინა, რომელიც მოცემული მომენტისათვის ო.ქ-ძის საკუთრებასა და მფლობელობაშია. პალატის მოსაზრებით, ო.ქ-ძე წარმოადგენს ვითომ კრედიტორს, ვინაიდან მან შპს «კ-ისაგან» მიიღო ის შესრულება, რომლის მიღების კანონიერი საფუძველი მას არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ო. ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს შპს «კ-სა» და ჯ.წ-ურს შორის 2000წ. 22 ივნისის ¹1 ხელშეკრულებას ამავე მხარეებს შორის 2000წ. 13 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლად. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2000წ. 22 ივნისის გარიგება დაიდო სკ-ის 323-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სანოტარო დამოწმების გარეშე, რის გამოც იგი წარმოადგენს არარა, უცილოდ ბათილ გარიგებას და იგი არც მხარეებისთვის და არც მესამე პირთათვის რაიმე სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ჯ.წ-ურისაგან ბინის ყიდვის მომენტში ო.ქ-ძემ აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცოდა და შეიტყო მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, თითქოს ჯ.წ-ურსა და ო.ქ-ძეს შორის დადებული 2000წ. 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ხარჯები შპს «კ-მა» გადაიხადა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია ზემოხსენებული ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხარჯები გაიღო ო. ქ-ძემ. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს აპელანტმა თავად დაადასტურა, რომ ჯ.წ-ურისათვის ბინის ღირებულება არ აუნაზღაურებია. ო.ქ-ძემ მოსარჩელეს თანხა ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე გადასცა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო თანხის გადახდის ფაქტის გამოსაკვლევად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ო.ქ-ძის განმარტებას, რომელიც ავადმყოფობის გამო პროცესზე ვერ ცხადდებოდა. პალატა არ დასჯერდა საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ ო.ქ-ძის დაწვრილებით ახსნა-განმარტებას, ხოლო, როდესაც მოპასუხე სასამართლოში გამოცხადდა, არ დააკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ო.ქ-ძის განმარტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სხდომის ვიდეოგადაღების მიზნით საქმის განხილვის სხვა დროისათვის დანიშვნის შესახებ. ო.ქ-ძემ როგორც რაიონულ, ისე სააპელაციო სასამართლო პროცესზე დაადასტურა ჯ.წ-ურისათვის ბინის საფასურის გადახდის ფაქტი. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ო.ქ-ძე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა ბინის შეძენის განზრახვით და მხარეთა მიმართ რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ დარღვია სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, როდესაც ო.ქ-ძის მიერ ჯ.წ-ურისათვის ბინის საფასურის გადაუხდელობის ფაქტი დაადგინა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირი განმარტებით და არ გაითვალისწინა 2000წ. 13 ივლისის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მითითება, რომ სადავო ბინა გაიყიდა 5000 ლარად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინის საფასური ხელშეკრულების გაფორმებისათვის უკვე გადახდილი იყო. სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო მხოლოდ თავის შინაგან რწმენას, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნები. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას იმ საკითხთან მიმართებაში, რომ თანხის გადაუხდელობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს, კერძოდ, საკასაციო პალატა 2004წ. 26 თებერვლის ¹ას-659-1306-03 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ თანხის გადაუხდელობა ან არაჯეროვანი გადახდა შეიძლება გახდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის და არა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს, შპს «კ-ის» მიერ ჯ.წ-ურის მიმართ ნაკისრი ბინის აშენების ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელე, სკ-ის 352-ე და 976-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, უფლებამოსილი იყო, გასხვისებული ბინა ო.ქ-ძისაგან გამოეთხოვა, ვინაიდან ო.ქ-ძე შპს «კ-სა» და ჯ.წ-ურს შორის დადებული ხელშეკრულების მონაწილე არ ყოფილა და მათ შორის არსებულ ურთიერთობებთან კავშირი არ ჰქონია. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ო.ქ-ძემ სადავო ბინა მიიღო შპს «კ-ისაგან» შპს «კო-ას» მიმართ ამ უკანასკნელის დავალიანების საფასურში. აღნიშნული გარემოება 2000წ. 13 ივლისის ხელშეკრულების შინაარსს ეწინააღმდეგება. ფიზიკურ პირ ო.ქ-ძეს შპს «კ-თან» ურთიერთობა არ ჰქონია. ჯ.წ-ურსა და ო.ქ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა სკ-ის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მასში შპს «კ-ის» რაიმე ვალდებულება ნახსენები არ ყოფილა, ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულება პირობით გარიგებად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა პირებს შორის არსებულ ურთიერთობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ქ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობა გამოიხატება იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «კ-ს» ქ.თბილისში, ... და ... ქუჩებს შორის საცხოვრებელ კორპუსის მშენებლობისათვის აგურს აწვდიდა შპს «კო-ა», რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი იყო ო. ქ-ძე. შპს «კ-ს» წარმოეშვა მიწოდებული აგურის ღირებულების ანაზღაურების დავალიანება, რის გამოც საზოგადოების დირექციამ ჯ.წ-ურს შესთავაზა მისთვის ახალ მშენებარე ¹3 კორპუსში 126 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემა, ბინის ღირებულება დაიფარებოდა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹25 ბინის შპს «კ-ისათვის» ჩაბარებით. ო.ქ-ძე აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმა და 2000წ. 22 ივნისს მათ შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება ¹1, რომლის საფუძველზეც შპს «კ-ს» ჯ. წ-ურისათვის მშენებარე კორპუსში უნდა გადაეცა ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა ჯ.წ-ურის საკუთრებაში არსებული სადავო ბინის სანაცვლოდ. აღნიშნულის შემდეგ, შპს «კ-ის» მითითებისამებრ, ჯ. წ-ურსა და ო. ქ-ძეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ჯ.წ-ურმა ო.ქ-ძეს საკუთრების უფლებით გადასცა სადავო ბინა. პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ რეალურად ჯ.წ-ურსა და ო.ქ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და ნასყიდობისათვის აუცილებელი პირობა, ნივთის საფასურის გადახდა არ მომხდარა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები ისე მიიჩნია დადგენილად, რომ არ მიუთითებია იმ მტკიცებულებებზე, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დანაწესი, რომლის ძალითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას საქმეში არსებულ 2000წ. 22 ივნისის ¹1 ხელშეკრულებაზე, იგი გაფორმებულია შპს «კ-სა» და ჯ. წ-ურს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით ო. ქ-ძის მონაწილეობა ხელშეკრულების პირობების დადგენაში არ დასტურდება, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ო.ქ-ძის ხელშეკრულების პირობების მოწონებაზე, ამ ხელშეკრულების შინაარსით არ დგინდება.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა ამავე სასამართლოში საქმის განხილვისას ო.ქ-ძის წარმომადგენლის დ.აბესაძის განმარტებაზე, დაასკვნა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული საფასური _ 5000 ლარი ო.ქ-ძეს ჯ.წ-ურისათვის არ გადაუხდია. მითითებული განმარტებით, წარმომადგენელი უთითებს, რომ ბინის საფასური გადახდილ იქნა ხელშეკრულების გაფორმებამდე. ამდენად, იგი არ უარყოფს ნასყიდობის ფასის გადახდის ფაქტს.
ასევე ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ ო. ქ-ძემ, შპს «კო-ას» ნაცვლად აგურის საფასურის სახით შპს «კ-ისაგან» საზღაურად მიიღო სადავო ბინა. სასამართლო ამ დასკვნის საფუძვლად არც ერთ მტკიცებულებაზე არ უთითებს და არ ასაბუთებს, კონკრეტულად საქმის რომელ მასალას ეყრდნობა სასამართლოს ამგვარი შინაგანი რწმენა.
სასამართლომ დაასკვნა, რომ რეალურად ჯ.წ-ურსა და ო.ქ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, ვინაიდან სკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობისათვის აუცილებელი პირობა, ნივთის საფასურის გადახდა არ მომხდარა, რის გამოც ხელშეკრულების ბათილად ცნობა კანონიერად მიიჩნია. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს ნასყიდობის საგნის ფასის გადაუხდელობა უტყუარად არ დაუდგენია. ამასთან, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო გარემოებას, ვინაიდან მხოლოდ ნასყიდობის საზღაურის გადაუხდელობა მხარეთა მიერ გამოხატული ნების ნამდვილობას არ უგულებელყოფს და გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში კონტრაჰენტს შეუძლია კანონით განსაზღვრული წესით მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესრულება ან მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლა სკ-ის 405-ე მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რაც, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა უტყუარად და ამომწურავად გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ქ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.