დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-304-709-06 9 ოქტომბერი 2006 წ.‚
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
... ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში გ. კ-შვილის მიმართ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ. სარჩელის თანახმად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დაარსების დღიდან გაჩნია საუწყებო ბინა, საერთო საცხოვრებელი ე.წ. ... კორპუსი, რომელიც ირიცხება მის ბალანსზე. აღნიშნული კორპუსის დანიშნულებაა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საბინაო უზრუნველყოფა, რომელთაც არ გააჩნიათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. 70-იან წლებში აღნიშნულ კორპუსში ძირითადად დროებით ცხოვრობდნენ ის სამხედრო პირები, რომლებიც მოღვაწეობდნენ უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე. ამჟამად აღნიშნული კორპუსი უნივერსიტეტს ესაჭიროება თავის თანამშრომელთა საბინაო უზრუნველყოფის მიზნით. რამდენიმე წელია‚ აღნიშნულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს გ. კ-შვილი, რომელიც არ მუშაობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომ, მას უნივერსიტეტის რექტორისაგან მრავალგზის მიეცა წინადადება, ასევე‚ წერილობით ეცნობა ნებაყოფლობით დაეცალა მის მიერ უკანონოდ დაკავებული ბინა, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. კ-შვილი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. კ-შვილმა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება. თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს უარი ეთქვა სარჩელზე გ. კ-შვილის და მასთან მცხოვრები პირების უნივერსიტეტის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინებით თელავის ... სახელობის უნივერსმიტეტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვით მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის..
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გ. გ-ძემ. კასატორმა მოიხოვა 2006წ. 22 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად გადაგზავნა იმავე სასამართლოს იმავე შემადგენლობისათვის.
კასატორის აზრით, 2006წ. 22 მარტის განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. კერძოდ გ. კ-შვილი საუწყებო ბინაში ცხოვრობს 10წ. განმავლობაში. სამართლებრივი ურთიერთობა მისი ცხოვრებისა საუწყებო ბინაში წარმოშობილია ახალი სკ-ის ამოქმედებამდე (1997წ. 25 ნოემბრამდე), სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სკ-ის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ“, ამავე კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად საუწყებო ბინა ტექბიუროს ჩანაწერებით ეკუთვნის თელავის უნივერსიტეტს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ‚ 1997წ. 25 ნოემბრამდე არსებული ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ძველი სამოქალაქო კოდექსი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის ჯ. მ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ საჩივარში არაფერია მითითებული გამოუცხადებლობის მიზეზებზე, ხოლო ის გარემოება, რომ მან დეპეშით აცნობა სასამართლოს, რომ წარმოსადგენი აქვს დამატებითი მტკიცებულებები და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება არ წარმოადგენს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ჯ. მ-შვილს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მათ ვერ დაადასტურეს, რომ 2005წ. 30 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საქმის გახილვაზე მოწინააღმდეგე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა- განმარტებას.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გ. კ-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებუყლი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის რომ სადავო ბინა უნივერსიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს და ისინი წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ სადავო ბინაში მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებულად მიიჩნია.
საქართველოს სამოქალაო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღსანიშნავია, რომ თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლს ჯ. მ-შვილს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სათანადოდ დასაბუთებულია, ამდენად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.L
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:E
B
თელავის ... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გ. გ-ძის საკასაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩესA თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება – მოპასუხის გამოუცხადებლობა