დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 03.10.2005
საქმის ნომერი
ას-307-643-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-307-643-05 3 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო მასიდან ქონების ამორიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ა-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ. ა-თან 1981 წლიდან. 1997წ. 18 მარტს მათ შეიძინეს თბილისში, ...... მდებარე ბინა, რომელიც ტექაღრიცხვის სამსახურში აღირიცხა რ. ა-ის სახელზე.

1998წ. 10 თებერვალს სს „ა-სა“ და რ. ა-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, რ. ა-მა ისესხა 20 000 აშშ დოლარი წლიური 30% სარგებლით. სესხის უზრუნველყოლფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ....... მდებარე ბინა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2004წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი. რ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 1158-ე, 1160-ე მუხლების საფუძველზე სადავო ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ვინაიდან რ. ა-მა არ მოახდინა აღნიშნული ბინის ნაწილის თავის სახელზე რეგისტრაცია, იგულისხმება, რომ მან, სკ-ის 1160-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილება მისცა მეუღლეს, განეკარგა იგი. სკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად იმ პირის სასარგებლოდ, რომელმაც გარიგების საფუძველზე შეიძინა რომელიმე უფლება. ამ ნორმებიდან გამომდინარე, სს „ქ-ი“ არ იყო ვალდებული, გარიგების დადებისას მოეთხოვა რ. ა-ის თანხმობა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა რეგისტრირებულ თანამესაკუთრეს;

რ. ა-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1160-ე მუხლი. სასამართლომ არ გამოიყენა და მხედველობაში არ მიიღო სკ-ის პრინციპული მოთხოვნა, რომლის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე გარიგების ნამდვილობისთვის აუცილებელია მათი ურთიერთშეთანხმება. თანამესაკუთრე ინარჩუნებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში შეიზღუდა მოპასუხეთა უკანონო მოქმედებით და მის კუთვნილ წილზე მისივე თანხმობის გარეშე გარიგების დადებით.

წარდგენილ სანოტარო მოქმედების საქმეში არ არსებობს გარიგების მონაწილე მხარის _ ბანკ „ა-ის“ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეში ბანკი „ა-ის“ უფლებამონაცვლედ „ქ-ის“ ჩაბმის შესახებ, მაშინ, როდესაც არსებობდა საფუძველი უფლებამონაცვლის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისა. ბანკ „ა-სა“ და ბანკ „ქ-ს“ შორის დადებული 2001წ. 17 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ბანკმა „ა-მა“ გადასცა ბანკ „ქ-ს“ მოთხოვნები და უფლებები, მათ შორის, სადავო იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება. ამ დოკუმენტზე ხელმომწერებად მითითებული არიან მ. შ-ა და მ. ჩ-ი, თუმცა მასზე არ არის მათი ხელმოწერები და შესაბამისი რეკვიზიტები და ის არ შეიძლება იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტად ჩაითვალოს;

სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული სადავო გარიგების მხარე რ. ა-ი სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან მიღებული 2005წ. 10 თებერვლის ცნობიდან ირკვევა, რომ სადავო ბინა, არათუ მოსარჩელე რ. ა-ის, არამედ, თვით მოპასუხე რ. ა-ის სახელზეც კი არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული, რაც ასევე უკანონოს ხდის ამ ქონებაზე მის მიერ დადებულ ხელშეკრულებას. ამდენად, არსებობს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით, 396-ე მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი საფუძვლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, რ. და რ. ა-ების მიერ შეძენილია ქორწინების განმავლობაში _ 1997წ. 18 მარტს და წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. 1998წ. 10 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ბინა აღრიცხული იყო რ. ა-ის სახელზე.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1160-ე, 99-ე, 1158-ე, 1160-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე გარიგების ნამდვილობისთვის საჭიროა მათი ურთიერთშეთანხმება.

სკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე;

სკ-ის 312-ე მუხლით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და, პრეზუმფცია. გარიგების დადების დროს სადავო ბინა აღრიცხული იყო მოსარჩელის მეუღლის, რ. ა-ის სახელზე. კასატორის მიერ წარმოდგენილია სარეგისტრაციო სამსახურის 2005წ. 10 თებერვლის ცნობა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2005წ. 8 თებერვალს არსებული ჩანაწერებით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ....... რ. ა-ის სახელზე კერძო საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, ე.ი 1998წ. 10 თებერვალს, რ. ა-ი იპოთეკით დატვირთული ბინის მესაკუთრე არ ყოფილა. გარიგების მონაწილე მხარე _ სს „ქ-ი“ არ იყო ვალდებული, გარიგების დადებისას მოეთხოვა მოსარჩელის თანხმობა, ვინაიდან, სკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობდა რეესტრის ჩანაწერის უტყუარობასა და სისრულეში ეჭვის შეტანის საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან თანამესაკუთრე მეუღლემ არ მოახდინა მისი, როგორც უძრავი ნივთის თანამესაკუთრის, აღრიცხვა-რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აღნიშნული, არ შეიძლება გახდეს გარიგების კეთილსინდისიერი კონტრაჰენტისათვის ზიანის მიყენების საფუძველი. მოსარჩელის _ თანამესაკუთრე მეუღლის უფლების შესაძლო დარღვევა კომპენსირებულია თანამესაკუთრე მეუღლისაგან ზიანის მოთხოვნის უფლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად იმ პირის სასარგებლოდ, რომელმაც გარიგების საფუძველზე შეიძინა რომელიმე უფლება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს სს ბანკ „ა-სა“ და სს „ქ-ს“ შორის 2001წ. 21 მაისს გაფორმებული, მიღება-ჩაბარების აქტის ამონაწერი არ უნდა მიეჩნია მტკიცებულებად, ვინაიდან ასლია და მასზე არ არის მ. შ-ასა და მ. ჩ-ის ხელმოწერები და, უფლებამონაცვლის არარსებობის გამო, საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა. კასატორის მიერ მითითებული ასლის ნამდვილობა დედანთან დადასტურებულია სანოტარო წესით. ამასთან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, მოსარჩელე რ. ა-ი დაეთანხმა მოპასუხის შუამდგომლობას სს „ქ-ს“ მოპასუხედ ჩართვის თაობაზე სხდომის ოქმი ან საოქმო განჩინება მას სადავოდ არ გაუხდია.

ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოტივაცია, რომ მოპასუხე რ. ა-ი არ ყოფილა გაფრთხილებული სასამართლო სხდომის თაობაზე სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალების მიხედვით 2005წ. 20 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე რ. ა-ის უწყების მიღებას ადასტურებს დედა ც. ა-ი. გარდა აღნიშნულისა, სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, პრეტენზია შეიძლება დააყენოს თვით იმ მხარემ, რომელიც არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.