დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹ ას-477-820-05 19 ივლისი, 2005 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. გ-ეს საკუთრებაში ჰქონდა 1994 წელს გამოშვებული ავტომანქანა „მერსედეს _ ბენცი“ E 280. მან 2002წ. 4 დეკემბერს კუთვნილი ავტომანქანა მიიყვანა შპს „დ-ის“ სამღებრო საამქროში დისკების შესაღებად. იმ დღეს ორჯერ დაზიანდა შპს „თ-ის“ მაგისტრალური წყალსადენი, დაიტბორა შპს „დ-ის“ ტერიტორია და დაზიანდა ს.გ-ის ავტომანქანა, რის გამოც ს.გ-ემ მიყენებულ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა შპს „თ-ის“ დირექციისგან, რაზეც მას უარი განუცხადეს. ამის შემდეგ მან 2003წ. თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „თ-ის“ მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5800 აშშ დოლარის დაკისრება.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით ს.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „თ-ს“ დაეკისრა ს. გ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 5800 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.
შპს „თ-ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 თებერვლის განჩინებით შპს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე შპს „თ-ის“ წარმომადგენელ ლ.ო-ის განმარტებით, ის „ზ.ჯ-ის“ დირექტორის 2002წ. 9 დეკემბერს გაცემული ცნობით, შპს „თ-ის“ აღმასრულებელი დირექტორის 2003წ. 28 იანვრის წერილით, შპს „დ-ის“ დირექტორ ვ. პ-ს ჩვენებით სასამართლო სხდომაზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.გ-ის ავტომანქანა ავარიის მომენტში იმყოფებოდა შპს „დ-ის“ ტერიტორიაზე და დაზიანდა წყლით დატბორვის გამო; შპს „კ-ის“ სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.გ-ისათვის ავტომანქანის დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 5800 აშშ დოლარს.
შპს „თ-მა“ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ს.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სსკ-ის 285-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ პუნქტის და 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტის დარღვევებით; ვ. პ-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება დადასტურებაა იმ გარემოებისა, რომ მოქალაქე ს. გ-ესა და შპს „დ-ს“ შორის დადებულ იქნა ნარდობის ხელშეკრულება თუკი მოპასუხის მიერ მართლაც იქნა მიყვანილი ავტომანქანა შპს „დ-ში“ სარტყელების შესაღებად, რასაც ზეპირი ჩვენებით ადასტურებს, მაგრამ აქტით არ ადასტურებს შპს „დ-ის“ დირექტორი, მაშინ ადგილი აქვს ვ.პ-ს და მოპასუხის მიერ ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებზე მითითებას, რაც სასამართლოს მიერ არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს.
გაუგებარია, სასამართლოს სხდომაზე სსკ-ის რომელ ნორმათა საფუძველზე გამოცხადდა ვ.პ-ა და უფლება მიეცა, ჩვენება დაეფიქსირებინა, რაც საქმეში არ მოიპოვება. ამიტომ მისი ჩვენება, საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება.
შპს „კ-ის“ სპეციალისტის ცნობა არ მიეკუთვნება სსკ-ის 134-ე მუხის I ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა კატეგორიას;
ამავე კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია, დანიშნოს ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დღეისათვის გამორიცხულია, ვინაიდან მოქალაქე გ-ის ავტომანქანა გასხვისებულია მანამდე, სანამ იგი მიმართავდა შპს „თ-ს“ და სასამართლოს.
სასამართლოს უნდა შეეფასებინა შპს „დ-ის“ სანიტარულ ზოლში განთავსების საკითხი, ადგილზე დათვალიერება კანონდარღვევით ჩატარდა, მოწვეული არ ყოფილა „თბ-ის“ სპეციალისტი.
ს.გ-ემ შეგნებულად მოსპო შესაძლებლობა, რომ შპს „თ-ს“ საშუალება ჰქონოდა, ენახა მანქანა, რადგან გ-ემ უნდა დაამტკიცოს ზიანის დადგომის ფაქტი და ზიანის მოცულობა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში შპს „თ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ მიუთითა კანონის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2002წ. 4 დეკემბერს ს. გ-ის კუთვნილი ავტომანქანა „მერსედეს _ ბენცი“ E-280, გამოშვებული 1994 წელს, იდგა შპს „დ-ის“ ტერიტორიაზე და დაზიანდა იმ დღეს წყალსადენის მაგისტრალურ მილზე ავარიის გამო. სააპელაციო სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება დადგენილად ცნო შემდეგ მტკიცებულებებზე დაყდნობით: კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის სხდომაზე შპს „თ-ის“ წარმომადგენელ ლ.ო-ის განმარტებით, ს.გ-ის ავტომანქანა იდგა შპს „დ-ის“ კუთვნილ ბოქსში, ე.ი. იდგა სანიტარულ ზოლში; ამავე სასამართლოს 24 აპრილის სხდომაზე ლ. ო-ის განმარტებით, მოსარჩელის მამას ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ შპს „დ-ი“ იდგა უნებართვოდ, სანიტარულ ზოლში; ინდივიდუალური საწარმო „ზ.ჯ-ის“ 2002წ. 9 დეკემბერს გაცემული ცნობით, ს.გ-ის ავტომანქანა იმყოფებოდა პროფილაქტიკაში და შემოწმების შედეგად ავტომანქანას აღმოაჩნდა სხვადასხვა დაზიანებები;
შპს „დ-ის“ დირექტორ ვ.პ-ს ჩვენებით ვ.გ-ის ავტომანქანა შპს „დ-ის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შპს „კ-ის“ სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით მიყენებული ზიანის ოდენობა 5760-6682 აშშ დოლარს შეადგენს;
სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ვინაიდან საქმის გარემოებები საქმეზე დადგენილია, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვით მიიღოს გადაწყვეტილება.
სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში; მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობლი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას რომ ვ.პ-ს ჩვენება სასამართლო სხდომაზე არ უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად სსკ-ის 103-ე მუხლის შესაბამისად და რომ ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ს.გ-ესა და შპს „დ-ს“ შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი; საქმის მასალების მიხევდით, ვ.პ-ა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ იქნა მოწმის სახით და მან არ დაადასტურა შპს „დ-სა“ და ს.გ-ეს შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ შპს „კ-ის“ სპეციალისტის ცნობა არ მიეკუთვნება სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს. ამ ნორმის მიხედვით, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენენ აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სპეციალისტის ცნობა საქმიან წერილთა კატეგორიას მიეკუთვნება.
ის გარემოება, რომ დათვალიერების დროს მოწვეული არ იყო „თბ-ის“ სპეციალისტი არ შეიძლება გახდეს დათვალიერების ოქმის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი, ასეთ საფუძველზე კასატორი არც მიუთითებს.
სკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; ამავე კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, როცა ზიანი გამოწვეულია წყლის მოწყობილობების დაზიანებით, ზიანი უნდა აანაზღაუროს ნაგებობის მფლობელმა. აღნიშნული პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება მაშინაც, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ახალი გადაწყვეტილებით რ.გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელისათვის 5800 აშშ დოლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შპს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
დაეკისროს მოპასუხე შპს „წ-ს“ ს. გ-ის სასარგებლოდ 5800 აშშ დოლარის ანაზღაურება გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით ეროვნულ ვალუტაში;
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.