გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-609-884-05 ას-609-884-05 17 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
მეუღლეებს, ლ. და ს. ბ-ებს საერთო საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ფოთში, ... ს. ბ-ა გარდაიცვალა 1985წ. 1 აპრილს, ხოლო ლ. ბ-ა _ 1993წ. 12 მარტს. მათ დარჩათ სამი შვილი – ნ., გ. და მ. ბ-ები. მ. და ნ. ბ-ებმა 2000წ. მარტში განცხადებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს უდავო წარმოების წესით მშობლების დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო ვადის გაგრძელება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მ. და ნ. ბ-ების განცხადებები და გაუგრძელდათ მათი მშობლების ს. და ლ. ბ-ების დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ.ფოთში, ..., მიღების ვადა.
2001წ. 23 თებერვალს, გ. ბ-ას მეუღლე ე. ბ-ამ განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, ამავე სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ იგი, როგორც მოპასუხე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
2002წ. 15 ივლისს, მოცემული საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეცა სენაკის რაიონულ სასამართლოს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განჩინებით, ე. ბ-ას განცხადება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინებით ე. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. და მ. ბ-იების შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინება; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განჩინება. ე. ბ-ას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.
ე. ბ-ამ ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებით, ე. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განჩინება. ე. ბ-ას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებები და ეს საქმეები არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
2004წ. 18 თებერვალს მ. და ნ. ბ-ებმა ე. ბ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს სასამართლოს, მათი მშობლების დანაშთ ქონების 1/3-1/3-ზე მემკვიდრედ ცნობის, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის და ამ ვადის გაგრძელების თაობაზე.
2000წ. 19 აპრილს ე. ბ-ამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში, მ. და ნ. ბ-ების წინააღმდეგ დასახელებული სამკვიდრო ქონებიდან მისი სამკვიდრო წილის გამოყოფის შესახებ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მას მიეკუთვნა სამკვიდრო სახლი მთლიანად და დაეკისრა მოპასუხეთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა 3418,66 აშშ დოლარის ოდენობით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე მ. და ნ. ბ-ებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 აპრილის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (საქმე ამჟამადაც შეჩერებულია).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებთი მ. და ნ. ბ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე, 554-556-ე მუხლებით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. და ნ. ბ-ებს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში არ მიუღიათ სამკვიდრო ქონება, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო მამკვიდრებლებმა ს. და ლ. ბ-ებმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში გადასცეს მოსარჩელეებს ავტომანქანა, „სერვისი“, ჭაღი და ბეჭედი, რის გამოც, ეს ქონება არ შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდრო ქონებად. მოსარჩელეთა მიერ დასახელებული გარემოებები, რომლებსაც ისინი მიუთითებენ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საპატიო მიზეზად _ მ. ბ-ას ავადმყოფობა, 1993 წელში მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა _ სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების ხელშემშლელ გარემოებებად.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. ბ-ებმა, მათ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ამავე სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინების, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ე. ბ-ას განცხადების განუხილველად დატოვება, სსკ-ის 377-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება არ იყო დასაშვები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინებით მ. და ნ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის განჩინება და 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა არ დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. და ნ. ბ-ებმა სამკვიდრო ფაქტობრივად მიიღეს, ვინაიდან მათი ჩვენებებით, ს. და ლ. ბ-ებმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში გადასცეს ნ. ბ-ას ავტომანქანა და ჭაღი, ხოლო მ. ბ-ას ბეჭედი და „სერვიზი“.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ს. და ლ. ბ-ების სიცოცხლეში, აპელანტებისათვის გადაცემული ნივთები, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე, 556-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ სამკვიდრო ქონებას. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-103-ე მუხლების საფუძველზე, რომ აპელანტებმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მათ, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, მიიღეს სამკვიდრო ქონება.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივი, რომ 1993 წელს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, კერძოდ სამოქალაქო ომი სამეგრელოს რეგიონში, მათ შორის ფოთში, წარმოადგენს საპატიო მიზეზს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისათვის. ვინაიდან იმ პერიოდში სასამართლოებისა და ნოტარიუსების ფუნქციონირება არ შეწყვეტილა, ხოლო რაც შეეხება მ. ბ-ას დაავადებას, საქმეში არსებული სამედიცინო ცნობით, ასევე საქმეში არსებული სხვა სამედიცინო ცნობებით, არ დასტურდება, რომ სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში და შემდგომ _ 2000წ. 15 მარტამდე (სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოში განცხადების შეტანის დრომდეა, მ. ბ-ას ავადმყოფობის გამო, არ შეეძლო მიეღო სამკვიდრო ან მიემართა აღნიშნული მიზნით ნოტარიუსისათვის.
სსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტები, დასახელებულ ნორმაზე მითითებით ითხოვენ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლების შესახებ ე. ბარქაიას განხადების განუხილველად დატოვებას იმ მოტივით, რომ მის მიერ დარღვეული იყო ასეთი განცხადებით სასამართლოსათვის მიმართის ერთთვიანი ვადა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ე. ბარქაიას განცხადებასთან დაკავშირებით, არსებობს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც სსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის შესაბამისად, ეს განცხადება დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის განხილვა. ამავე კოდექსის 265-ე მუხლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების მიერ ამ საფუძვლით წარმოდგენილ მოთხოვნას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რის გამოც ვერ განიხილა დასახელებული განჩინებების კანონიერების საკითხი და შესაბამისად მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მ. და ნ. ბ-ებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება. მათი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეების ქ.აბსნაძის, ე. ღ-ას და მ.ა-ას მიერ სასამართლო სხდომებზე მიცემული ჩვენებები, რის შედეგადაც, ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ კასატორების მიერ მიღებული მშობლების კუთვნილი ნივთები არ შედიოდა მათ სამკვიდროში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა: მ.ა-ამ და ჟ.ღ-ამ ცალსახად დაადასტურეს რომ მშობლების კუთვნილ ნივთებს კასატორები დაეუფლენ მათი გარდაცვალების შემდეგ; საწინააღმდეგო ფაქტი სასამართლო განხილვისას დადგენილი არ ყოფილა.
კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება, მაგრამ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა 2001წ. 2 მარტისა და 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებების კანონიერების შესახებ. ამ განჩინებების გადასინჯვის შეუძლებლობა დაასაბუთა სსკ-ის 265-ე მუხლზე მითითებით არ გამოიყენა იმავე კოდექსის 377-ე მუხლი; არ დაასაბუთა ამ განჩინებათა უკანონობის შესახებ მათ მიერ მითითებული მოტივაციის უარყოფა. ზემოხსენებული განჩინებების გასაჩივრება კერძო საჩივრით არ შეიძლებოდა და ეს განჩინებები სააპელაციო ინსტანციაში დავის საგანს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ე. ბარქაიას სარჩელი კასატორების მიმართ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ე.ბარქაიას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიუხედავად იმისა რომ მას არ ახლდა შესაბამისი მტკიცებულებანი. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებების არსებობა ცნობილი იყო ე.ბარქაიასთვის, ჯერ კიდევ 2000წ. 12 ივნისს სამკვიდროს გაყოფის თაობაზე მისი სარჩელის სასამართლოში განხილვისას.
სასამართლომ არასწორად არ იმსჯელა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინების კანონიერებაზე, რადგან სასამართლოს ამ განჩინებით ე.ბარქაიას განცხადება განუხილველად უნდა დაეტოვებინა სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მ. და ნ. ბ-ების განცხადებები და გაუგრძელდათ მათი მშობლების: ს. და ლ. ბ-ების დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ.ფოთში, ..., მიღების ვადა.
2001წ. 23 თებერვალს, გ. ბ-ას მეუღლე ე. ბ-ამ განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, ამავე სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით და მიუთითა, რომ იგი, როგორც მოპასუხე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინებით ე. ბ-ას განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებით, ე. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განჩინება. ე. ბ-ას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებები და ეს საქმეები არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. და ნ. ბ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. ბ-ებმა; მათ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ამავე სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინების, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ე. ბ-ას განცხადების განუხილველად დატოვება, სსკ-ის 377-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება არ იყო დასაშვები.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ე. ბ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, არსებობს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც სსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის შესაბამისად, ეს განცხადება დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის განხილვა.
სსკ-ის 430-ე მუხლი ეხება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესს; ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის. ამდენად, მოცემული ნორმის თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა მიჩნეული ე. ბ-ას განცხადება ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ცალკე არ საჩივრდება. იმავე მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნულია, რომ, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს განჩინებით. ამ შემთხვევაშიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მიღებული განჩინების ცალკე გასაჩივრებას კანონი არ ითვალისწინებს.
სსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დასაშვებია ისეთი განჩინებების გასაჩივრება, რომლებიც ცალკე არ საჩივრდება, მაგრამ დასაშვებია მათი უარყოფა და მათ წინააღმდეგ მოსაზრებათა ჩამოყალიბება სასამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართულ სააპელაციო საჩივარში; ამ განჩინებების დაუსაბუთებლობაზე მითითებას ის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რომ სწორედ მათი მიღებით იქნა გამოტანილი დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. სსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატას 2005წ. 16 მარტის განჩინებაში უნდა ემსჯელა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტისა და 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებების კანონიერების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე არ შეამოწმა საქმის წარმოების განახლების შესახებ ე.ბარქაიას განცხადების დასაშვებობის საკითხი რამდენად სწორად იქნა გადაწყვეტილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და ნ. ბ -ბის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვსათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.