დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.12.2005
საქმის ნომერი
ას-639-907-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-639-907-05 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მშობლის უფლების ჩამორთმევა, ბავშვების მიკუთვნება, დედისათვის შვილების დაბრუნებაზე უარის თქმა და მათი მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოსათვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. კ-მა 2003წ. 24 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. მეფორიას მიმართ და მოითხოვა არასრუწლოვანი შვილების: მ. და გ. ხ-ების მიკუთვნება. მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლის რ. ხ-ას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს თავის მშობლებთან, მეუღლის სახლში შვილებთან ერთად ცხოვრების უფლებას არ აძლევს მეუღლის დედა ლ. მ-ა, მცხოვრები ზუგდიდის რაიონში, სოფ. ...., რომელთანაც იმყოფებიან მისი შვილები. მოსარჩელემ შვილების დაბრუნება მოითხოვა სკ-ის 1198-ე, 1204-ე მუხლების საფუძველზე.

გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით მცირეწლოვანი ბავშვები _ მ. და გ. ხ-ები, რომლებიც ცხოვრობდნენ ბებია ლ. მ-ა-ხ-ასთან ზუგდიდის რაიონის სოფ. ...., მიეკუთვნა და დაუბრუნდა მოსარჩელეს _ დედას თ. კ-ს.

ლ. მ-ა-ხ-ამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება. თ. კ-ისათვის ბავშვების მიკუთვნებასა და დაბრუნებაზე უარის თქმა, სკ-ის 1205-ე, 1210-ე, 1275-ე, 1276-ე და 1279-ე მუხლების საფუძველზე ბავშვების _ მ. და გ. ხ-ების დედისთვის ჩამორთმევა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის გადაცემა და მოსარჩელესათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. მ-ა-ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა მოსარჩელე თ. კ-ისათვის ბავშვების: მ. ხ-ას _ დაბადებული 20...წ. 29 ნოემბერს და გ. ხ-ას _ დაბადებული 20....წ. 29 ნოემბერს, მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშე ზუგდიდის რაიონის გამგეობის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ჯანმრთელობის განყოფილებისათვის, გადაცემის ნაწილში დაკმაყოფილდა.

მ. და გ. ხ-ებს დაუწესდათ მეურვეობა. მეურვეობისათვის გაეცნენ ზუგდიდის რაიონის გამგეობის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს-ჯანმრთელობის განყოფილებას.

აპელანტ ლ. მ-ა-ხ-ას მოთხოვნა დედის – თ. კ-ისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. კ-ის საჩივარი ამავე პალატის 2005წ. 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და საქმის განხილვა განახლდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 1198-ე და 1204-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგ მოტივებზე დაყრდნობით: არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსარჩელე მშობლის უფლება-მოვალეობას შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. სკ-ის 1204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის პროცესუალური უფლებაა შვილების პირადად აღზრდა, მხოლოდ მშობლიურმა სიყვარულმა უნდა შექმნას ბავშვებზე ზრუნვისა და მათი აღზრდისათვის საჭირო პირობები. საქმეში არ მოიპოვება მასალები იმის შესახებ, რომ დედამ ნებაყოფლობით უარი თქვა თავის მოვალეობაზე დაისინი გადასცა ბებიას ან სხვა სასწავლო და აღმზრდელობით დაწესებულებას.

ლ. მ-ა-ხ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, გამოტანილია მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით; სასამართლომ არასწორადდაადგინა და გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნები. საქმე გვაქვს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან და არა ბავშვების მიკუთვნებასა და დაბრუნებასთან. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1204-ე მუხლი. ამავე კოდექსის 1203-ე და 1225-ე მუხლების თანახმად ბებია მოვალეა და უფლებამოსილიც, მონაწილეობა მიიღოს შვილიშვილების აღზრდაში და იზრუნოს მათთვის ნორმალური ცხოვრების პირობებისა და აღზრდა-განვითარებისათვის; სკ-ის 1188-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავისი შვილები, მაგრამ ამავდროულად ვალდებული არიან დაიცვან მათი ინტერესები. ამ უფლებათა რეალიზება არ ნიშნავს ბავშვებისსადღაც, გაურკვეველი მიმართულებით წაყვანას. სასამართლომ არ დაასაბუთა ოჯახიდან ბავშვების დედის მიერ სხვაგან გაყვანის ანუ მიკუთვნებისა და დაბრუნების მიზანშეწონილობა; გაურკვეველია რომელი საცხოვრებელი ადგილი აქვს განსაზღვრული ბავშვებისათვის მოპასუხეს, წალენჯიხის რაიონის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ არ შეამოწმა, სად აქვს ნორმალური ცხოვრების პირობები ბავშვების აღსაზრდელად მოპასუხეს – ზუგდიდში, წალენჯიხაში, რიყეში, ნაკიფუსა თუ მიქავაში. სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.

ლ. მ-ა-ხ-ამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1210-ე მუხლი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოთხოვნას მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სასამართლომ არ მიუთითა, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა საქმეზე და რა მოსაზრებებით უარყო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, არ იმსჯელა მოთხოვნის საფუძვლიანობაზე; სასამართლოს უნდა ემსჯელა, შესაძლებელია თუ არა დედას ჩამორთმეოდა მშობლის უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ. კ-ისა და რ. ხ-ას რეგისტრირებულ ქორწინებაში 2001-2002 წლებში შეეძინათ ორი შვილი: მ. და გ. ბავშვები იზრდებოდნენ დედ-მამასთან ზუგდიდის რაიონის სოფ. ..... მათთან ერთად ცხოვრობდა რ. ხ-ას დედა ლ. მ-ა-ხ-ა. 2005წ. 27 ივნისს, ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი უსიამოვნების გამო, თ. კ-ის ძმამ, იმავე წ. 28 ივნისს ჩაიდინა რ. ხ-ას მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში; თ. კ-ი მეუღლის მკვლელობის შემდეგ აღარ ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფ. ..... ამჟამად ცხოვრობს წალენჯიხის რაიონის სოფ. .....

სსკ-ის 410-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ლ. მ-ა-ხ-ას პრეტენზიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების უკანონობაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მშობლის უფლების ჩამორთმევაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოთხოვნა მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სკ-ის 1205-ე და 1210-ე მუხლებზე მითითებით არასწორია, ვინაიდან 1205-ე მუხლი არეგულირებს მშობლის უფლების ჩამორთმევის წესს, ხოლო 1210-ე მუხლი აწესრიგებს შვილის ჩამორთმევასა და მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის გადაცემის შესაძლებლობას მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშე.

სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მხარის იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში;საქმის მასალების მიხედვით, აპელანტი ლ. მ-ა-ხ-ა ცუდად არ ახასიათებს რძალს, განმარტავს, რომ იგი ბავშვებს უვლიდა, უმნიშვნელო კონფლიქტის გამო დატოვა ოჯახი, რაც გამორიცხავს დედის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას. პალატა მიიჩნევს, რომოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის შედეგად წარმოშობილი დაძაბული ურთიერთობების გამო მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეცხოვრა მეუღლის ოჯახში შვილებთან ერთად (ს.ფ. 212). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მოსარჩელისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ლ. მ-ა-ხ-ას მოტივაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 1204-ე მუხლი; სკ-ის 1204-ე მუხლის მიხედვით, მშობელს უფლება აქვს, სასამართლო წესით მოსთხოვოს არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირს, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შვილების აღზრდის მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა პირველ რიგში აქვს მშობელს. კონკრეტულ დავაში არ მოიპოვება მონაცემები იმისა, რომ მოსარჩელე მშობლის უფლების მოვალეობას შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. მათი აღზრდა _ განვითარების უპირველესი გარანტი დედაა. დედობრივი ყურადღება და მზრუნველობა არ შეიძლება, შეცვალონ უახლესმა ნათესავებმაც კი.

პალატა თვლის, რომ არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ ვინაიდან სკ-ის 1203-ე და 1225-ე მუხლების საფუძველზე, ბებია, ისევე, როგორც მშობელი, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს შვილიშვილების აღზრდაში და იზრუნოს მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობებისა და აღზრდა-განვითარებისათვის, მასთან ბავშვების ყოფნა არ შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ბებიას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შვილიშვილების აღზრდაში, არ არის მშობლისათვის ბავშვების დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი.

სკ-ის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს შვილების დაბრუნება და. შესაბამისად მ. და გ. ხ-ების საცხოვრებელი ადგილი იქნება დედის - თ. კ-ის საცხოვრებელი ადგილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრები სამართლებრივად დაუსაბუთებელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. მ-ა-ხ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის და 22 აპრილის გადაწყვეტილებები დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.