დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-798-1072-05 7 მარტი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ-შვილმა 2003წ. სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს «ს. ე-ის» მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2003წ. 1 აგვისტოს ხანძარი გაუჩნდა ქ.ქუთაისში, ნიკეას ქ. ¹54/62-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, რის შედეგად მთლიანად დაიწვა მისი საცხოვრებელი სამოთახიანი ბინის შიდა ინტერიერი, მასში არსებული ავეჯი და საოჯახო ქონება. მოსარჩელის მითითებით ხანძარი გამოიწვია მაღალი ძაბვის დენმა, რასაც ადასტურებს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალიტიკური მთავარი სამმართველოს საექსპერტო დასკვნა. მოსარჩელის განმარტებით, ზიანი სს «ს. ე-ის» ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლების დაუდევრობით მიადგა. ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 31010 ლარი, რაც დადასტურებულია ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მიყენებული ზიანის 27000 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს «ს. ე-ას» ი. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 27000 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003წ. 1 აგვისტოს ქ.ქუთაისში, ... მდებარე ი.მ-შვილის საცხოვრებელ ბინას გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგად მის საცხოვრებელ ბინას მიადგა ზიანი. სასამართლომ ექსპერტიზის 2003წ. დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-შვილის საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის უშუალო მიზეზი იყო მოკლე ჩართვა. ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ელექტროენერგიას ღებულობდა ბაკისუბნის ქვესადგურის ფიდერი ¹161-დან და აღნიშნული ქვესადგური წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სასამართლომ სკ-ის 992-ე, 1000-ე, 1009-ე და 1010-ე მუხლების საფუძველზე ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან სს «ს. ე-ას» ბრალი მიუძღვის ხანძრის გამომწვევ მიზეზებში და მოპასუხე ვალდებულია, თავისი ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ს. ე-ის» გენერალურმა დირექტორმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინებით სს «ს. ე-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.მ-შვილის კუთვნილ ბინას, მდებარე ქ.ქუთაისში, ... 2001წ. 3 აგვისტოს ხანძარი გაუჩნდა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქმეზე ჩატარებულ სახანძრო-ტექნიკურ და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და ჩათვალა, რომ ხანძრის უშუალო მიზეზი იყო მოკლე ჩართვა, რაც გამოწვეული იყო ელექტრო ქსელში მაღალი ძაბვის მიწოდების შედეგად. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის ბინაშიგაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოპასუხის ბრალეულობა გამორიცხულია,რადგან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროს ელექტროზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ობიექტის ელექტრომეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების ¹4045 აქტის თანახამად დადასტურებულია, რომ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად ხანძარსაშიშია და დარღვეულია «ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები». აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ ბაკისუბნის ქვესადგური მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხე ორგანიზაციის ინჟინრის გ-შვილის ჩვენება და დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის ბინაში გაჩენილ ხანძარსა და მოპასუხე ორგანიზაციის ქმედებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. სასამართლომ მიუთითა, რომ ის გარემოება ნამდვილად გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს მითითებული ნივთები დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ამიტომ პალატამ ვერ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ბინა წარმოადგენდა ოროთახიან ბინას და მასში ფიზიკურად ვერ განთავსდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთები. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ბინა არის სამოთახიანი და შეადგენს 34.19 კვ.მ-ს, დამხმარე ფართია 55 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 1011-ე მუხლის მეორე ნაწილი, მესამე და მეოთხე ნაწილები და ჩათვალა, რომ ხანძრის გაჩენის დროს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ელ.ენერგია რომ ნამდვილად უხარისხო და ნაკლიანი იყო დადასტურებულია არამარტო მოსარჩელის ბინაში გაჩენილი ხანძარით, არამედ მოსარჩელის მეზობლებისათვის მიყენებული ზარალითაც (ზოგიერთ მეზობელს დაეწვა მაცივარი, ტელევიზორი, ელექტრო ჩაიდანი, ნათურები). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ორგანიზაციის მოსაზრება იმის შესახებ, რომ «ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს» 2003წ. 13 აგვისტოს ¹621 კონსულტაციის აქტი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ხანძრის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად. სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოხსენებული აქტით შეფასდა მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთების ღირებულება, ხოლო ეს ნივთები ი.მ-შვილს ნამდვილად ჰქონდა თუ არა, ამას ეს ბიურო ვერ დაადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს «ს. ე-ის» გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ მსჯელობისა და შეფასების გარეშე დატოვა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებიც ადასტურებდნენ მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის ხელოვნურად გაზრდის ფაქტს. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაედო მის შინაგან რწმენას და რომლის საფუძველზე სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ი. მ-შვილის კუთვნილ ბინაში, რომელიც ორი საცხოვრებელი ოთახისაგან შედგებოდა ფიზიკურად შეუძლებელი იყო განთავსებულიყო ორი საძინებელი გარნიტური, ტახტი, დივანი, ორი სავარძელი, ორი ხის მაგიდა, 30 სკამი, ლოგინის ჩასალაგებელი ტახტი, 6 ცალი ხალიჩა, 8 ჭაღი, ტელევიზორის მაგიდა და ა.შ. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ განადგურებულია ქონების ნაწილი. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების შედეგად არ შეიძლება გაზიარებული იქნას მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ოდენობის ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს «ს. ე-ის» გენერალური დირექტორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისისსაოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი.მ-შვილის კუთვნილ ბინას, მდებარე ქ.ქუთაისში, ... 2001წ. 3 აგვისტოს ხანძარი გაუჩნდა. მოსარჩელის ბინაში გაჩენილ ხანძარსა და მოპასუხე ორგანიზაციის ქმედებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს «ს. ე-ა» საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის მხოლოდ სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სკ-ის 1011-ე მუხლის მეორე ნაწილი, მესამე და მეოთხე ნაწილები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ი.მ-შვილის საცხოვრებელი ბინა ოროთახიანია და მასში ფიზიკურად შეუძლებელი იყო განთავსებულიყო მოსარჩელის მიერ დასახელებული ნივთები. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ბინა არის სამოთახიანი და შეადგენს 34.19 კვ.მ-ს, დამხმარე ფართია 55 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ორგანიზაციის მოსაზრება იმის შესახებ, რომ «ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს» 2003წ. 13 აგვისტოს ¹621 კონსულტაციის აქტი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ხანძრის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ზემოხსენებული აქტით შეფასდა მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთების ღირებულება.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველინაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთები არ გააჩნდა ი.მ-შვილს და შესაბამისად, არც ხანძრის შედეგად განადგურდებოდა.
სკ-ის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სახეზეა მოპასუხის ბრალეულობა და შესაბამისად ზიანის ანაზღაურება მას უნდა დაეკისროს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ორგანიზაციასასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ს. ე-ის» გენერალური დირექტორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.