1. წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:
ა) მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ;
ბ) საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას;
გ) მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში;
დ) პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს;
ე) შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანისას.
2. პროდუქტის ნაწილის მწარმოებლის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია, თუ ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი.
3. მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა მოქმედებამ.
4. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.05.2012 კანონი №6151
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
ეს არის პასუხისმგებლობა საფრთხის შემქმნელი დელიქტებისთვის, უმართლობისა და ბრალეულობისაგან დამოუკიდებლად (სსკ-ის 999-ე, 1000-ე, 1004-ე, 1009-ე მუხლები). 63. მოცემულ საქმეში განსახილველი შემთხვევა არ ექცევა არც პირველ შესაძლებლობაში, რა დროსაც, აუცილებელია ბრალის არსებობა, არც - დელიქტური ნორმების ბრალის გარეშე პასუხისმგებლიობის სამართლებრივ ფარგლებში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის გამო (დაზღვევის ხელშეკრულება).
- საქმე №ას-135-127-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2017
დაზარალებულმა სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ ხანძრის შედეგად სახლის, ავეჯის, ნივთებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის განადგურებით მიყენებული ზიანის - 78,600 ლარის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის განადგურებით მიყენებული ზიანის - 6700 ლარისა და მორალური ზიანის - 50 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 992-ე, 1009-ე, 408-ე, 412-ე და 413-ე მუხლები]. 4. მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი ისე, მოთხოვნის შემწყვეტი შედავება.
- საქმე №ას-752-712-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2015
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი, შეაფასა ზემოაღნიშნული ფაქტები და დაასკვნა, რომ არსებობდა სსკ-ის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა [„წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან“] და მოპასუხეს მიყენებული ზიანის, 38 973.66 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.
- საქმე №ას-88-84-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2014
კასატორი ასევე არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1009-ე, 1010-ე და 1011-ე მუხლებზე მითითებას, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კომპანიის მხრიდან წუნდებული პროდუქციის მიწოდების ფაქტი, თუმცა რას ეფუძნება მისი ეს მოსაზრება, არსად არ არის განმარტებული.
- საქმე №ას-688-654-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2013
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1010-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 1011-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან.
- საქმე №ას-301-627-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2007
- საქმე №ას-296-624-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2007
- საქმე №ას-751-1118-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2007
- საქმე №ას-1038-1262-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2006
- საქმე №ას-798-1072-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2006
- საქმე №ბს-434-25(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2005
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება