გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 03.04.2006
საქმის ნომერი
ას-1038-1262-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-1038-1262-05 13 მარტი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ბ-უა (მოსარჩელე)

წარმომადგენლები – მ. რ-ძე, ი. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ--21“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 19 მაისს ნ. ბ-უამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს „კოხი-21-ის“ წინააღმდეგ. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2001 წლის 21 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შეთანხმდნენ, რომ შპს „კ--21“ ნ. ბ-უას კუთვნილი სათავსოს აღებაზე თანხმობის შემთხვევაში გადასცემდა ამ უკანასკნელს საკუთრებაში სავაჭრო კომპლექსის პირველ სართულზე 60 კვ.მ ფართის სავაჭრო ობიექტს მიწის საკუთრების საფუძველზე, შემდეგი სამუშაოების შესრულებით: კოლონებისა და რიგელების ამოყვანით, იატაკისა და ჭერის ბეტონის საფარისაგან გაკეთებით, კარ-ფანჯრებისა და კედლის ღიობების შევსებით, კედლების შელესვითა და სათავსოს მთლიანად შეღებვით, კანალიზაციისა და წყლის მილების დამონტაჟებით. ეს ხელშეკრულება დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ. მოპასუხემ დაარღვია ამ ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელეს შესთავაზა სავაჭრო ფართი, რაც არ აღემატებოდა 50 კვ.მ. ამასთან, სათავსო იყო გაულესავი, წყლისა და კანალიზაციის მილები დაუმონტაჟებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხემ ამ ფართის კედელზე მიბჯენით არსებული პროექტის დარღვევით, ამოაშენა კიბის უჯრედი, რომლის გამოც, ამ სავაჭრო ობიექტს დაეკარგა მომხმარებელთან ურთიერთობის სასაქონლო ხარისხი, გახდა მიუდგომელი და მოუხერხებელი ვაჭრობისათვის. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო ერთ წელიწადში, სანაცვლოდ კი იგი დამთავრდა ოთხ წელიწადში და ისიც უხარისხოდ. მთელი ამ ხნის განმავლობაში სავაჭრო ობიექტი, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს, არ ფუნქციონირებდა, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი.

მოსარჩელე ითხოვდა სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად მოპასუხისათვის ფულადი ანაზღაურების დაკისრებას, ასევე 411-ე მუხლით ითხოვდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისათვის. მოსარჩელე უთითებდა, რომ მოპასუხის მიერ მისთვის გადაცემული ფართი იყო უხარისხო პროდუქტი, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის შესაბამისად ითხოვდა შპს „კ--21-ისათვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მიყენებული ზიანისათვის.

შპს „კ--21-მა“ თავის წერილობით შესაგებელში არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მან მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობები შეასრულა. შპს „კ--21“ აცხადებდა, რომ ნ. ბ-უას სავაჭრო ობიექტი გადაეცემოდა მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ობიექტი კი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. შესაბამისად მოპასუხის განცხადებით, მოსარჩელეს არავითარი ზიანი არ მიდგომია, ხოლო სადავო ობიექტი პროდუქტის ცნებებს არ შეესაბამება. მოსარჩელისათვის გადაცემული ფართი შეადგენს 59 კვ.მ-ს და შენობის პროექტში ცვლილებების შეტანა გამოწვეული იყო მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ტექნიკური პირობებით, რაც შეთანხმებული იყო ქ.ფოთის არქიტექტურის სამსახურთან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 13 ივლისის განჩინებით, ქ. ფოთის არქიტექტურის სამსახური და ქ. ფოთის არქმშენინსპექცია ჩაბმულ იქნენ საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. 2004 წლის 26 აგვისტოს განჩინებით კი საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ.ფოთის მთავრობა და ქ.ფოთის მიწის მართვის სამმართველო.

ფოთის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-უას სარჩელი არ დააკმაყოფილა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არ იყო ასახული შესასრულებელი სამუშაოების ხარისხი, ხოლო ადგილზე დათვალიერებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა მოპასუხის მიერ შესრულებული იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა – ნათელა ჩერქეზიამ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-უას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. ბ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს «კ--21-ს» დაევალა ქ.ფოთში, ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ¹1 სავაჭრო ცენტრში მოსარჩელე ნ. ბ-უასათვის გამოყოფილი არასაცხოვრებელი (სავაჭრო) ფართი შეავსოს 6 კვ.მ თავისუფალი სავაჭრო ფართით და საბოლოოდ ამ სავაჭრო ცენტრში მოსარჩელე ნ. ბ-უას საკუთრების უფლებით გადასცეს 60 კვ.მ თავისუფალი სავაჭრო ფართი. მოპასუხე შპს «კ--21-ს» ნ. ბ-უას სასარგებლოდ დაეკისრა 504 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ შპს „კ--21-მა“ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნ. ბ-უასათვის 60 კვ.მ სავაჭრო ობიექტის გადაცემის შესახებ და მას გადასცა სავაჭრო ობიექტი, რომლის ფართიც კედლების სისქის გათვალისწინებით იყო 59 კვ.მ, ხოლო სავაჭრო დარბაზის ფართი 54 კვ.მ. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში ნ. ბ-უას სარჩელი დააკმაყოფილა და შპს „კ--21-ს“ დაავალა ნ. ბ-უასათვის დამატებით 6 კვ.მ ფართის გადაცემა მომიჯნავე სავაჭრო ფართიდან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ნ. ბ-უას სავაჭრო ფართთან არსებული კიბის უჯრედი აშენებული იყო პროექტის დარღვევით და გადატანილ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებულ პირვანდელ მდგომარეობაში.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტი მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს „კ--21-ის“ სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო 24 თვის ვადაში და ნ. ბ-უასათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის გადაცემა უნდა მომხდარიყო 2002 წლის მარტის თვეში, ვინაიდან მხარეები 2001 წლის 21 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ შპს „კ--21“ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავაჭრო ფართს ნ. ბ-უას გადასცემდა სავაჭრო კომპლექსის მშენებლობის დამთავრების შემდეგ.

სააპელაციო პალატამ გადაწყვიტა, რომ არსებული 54 კვ.მ ფართის ნ. ბ-უას მიერ სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოუყენებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის შპს „კ--21-ისათვის“ დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის არ არსებობდა კანონიერი საფუძველი, ვინაიდან ამ უკანასკნ.ს მოქმედებაში არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი პირობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით.

აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით ნ. ბ-უას წარმომადგენლების მ. რ-ძისა და ი. ქ-ძის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, შპს «კ--21-ისათვის» ნ.ბ-უას სასარგებლოდ არსებული შემოსავლის სახით 23400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება, ასევე მოითხოვეს, დაევალოს მოპასუხისათვის ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული პროექტის შეცვლით აშენებული კიბის უჯრედის მოშლა.

კასატორის წარმომადგენელთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის თანახმად, მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონ. იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ნ. ბ-უას სრული უფლება ჰქონდა არ მიეღო ნაკლის მქონე ნივთი, მითუმეტეს, ნივთის ნაკლის შევსების ანუ 6 კვ.მ ფართის დამატების მოთხოვნით მას უკვე სარჩელი სასამართლოში ჰქონდა აღძრული.

კასატორის წარმომადგენლები უთითებენ ასევე სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეს მინიჭებული აქვს უფლება უარი თქვას ნაკლის მქონე ნივთზე და მოითხოვოს უნაკლო ნივთი. ნ. ბ-უამ უარი განაცხადა ობიექტის ჩაბარებაზე, რათა არ დამდგარიყო სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები.

კასატორის წარმომადგენელთა განცხადებით, როდესაც სასამართლომ ზიანის დადგომაში დაადანაშაულა ნ.ბ-უა, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და დაასკვნა, რომ ნ.ბ-უას მიერ სავაჭრო ფართის სარგებლობაში ხელშეშლა არ იყო გამოწვეული შპს «კ--21-ის» მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით. სასამართლო გასცდა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ფარგლებს და დელიქტით გამოწვეული ზიანის ნორმები გამოიყენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს შპს „კ--21-ისათვის“ ნ.ბ-უას სასარგებლოდ არსებული შემოსავლის სახით 23400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა უარყო იმ საფუძვლით, რომ შპს „კ--21-ის“ მიერ ვალდებულება შესრულდა დროულად. როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, ნ.ბ-უამ თანხმობა განაცხადა სავაჭრო კომპლექსის პირველ სართულზე 60 კვ.მ. ფართი სავაჭრო ობიექტის კერძო საკუთრების უფლებით მიღებაზე სავაჭრო კომპლექსის მშენებლობის დამთავრების შემდეგ. მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება, რომ „მესაკუთრემ“ შპს „კ--21-მა“ ივალდებულა ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა სამშენებლო პროგრამის პროექტის დაცვით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაერკვია, თუ რას გულისხმობდა სამშენებლო პროგრამის პროექტი, შეიცავდა თუ არა იგი მითითებას მითითებული მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია. ამ გარემოების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია სასამართლომ განსაზღვროს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი და შესაბამისად დაადგინოს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ოდენობა. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის (უნებართვო კიბის უჯრედის აღების) მოთხოვნაზე და სამართლებრივი შეფასება არ მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე უკანონო კიბის უჯრედის არსებობას უკავშირებს შპს „კ-21-ის“ მიერ უკანონო მშენებლობის წარმოებას. მშენებლობა კი ჩატარდა, როგორც ეს დაადგინა სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სავაჭრო ცენტრის პროექტით, რომლის დაცვით აშენებაც დასტურდება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების 22.09.2004 წლის აქტით. აღნიშნული პროექტი და აქტი მხარეს, როგორც უკანონო ადმინისტრაციული აქტები, სადავოდ არ გაუხდია და არც კიბის უჯრედის გამო სავაჭრო ფართით სარგებლობაში ხელისშემშლელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასეთი სახის მტკიცებულების ვალდებულება მხარეს ეკისრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, თუკი წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემული საკასაციო საჩივარი კი ასეთი სახის პრეტენზიას არ შეიცავს, რის გამოც პალატა დადგენილ ფაქტებს მიიჩნევს უდავოდ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა ნ.ბ-უას ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა გაუქმდეს, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ბ-უას წარმომადგენლების მ. რ-ძისა და ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.