დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.03.2005
საქმის ნომერი
ას-884-1152-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-884-1152-04 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საბანკო კრედიტის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “თ-მა” სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში და მიუთითა, რომ 2001წ. 17 სექტემბერს სს “თ-ის” ფოთის ფილიალსა და შპს “ს-ის” შორის დაიდო ¹529 ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით მომსახურებაზე, რომლის საფუძველზეც 2001წ. 17 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ¹529-9 და შპს “ს-იმ” მიიღო საბანკო კრედიტი 40000 აშშ დოლარის ოდენობით 7 თვის ვადით წლიური 3 % სარგებლის დარიცხვით.

კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. გრაფიკით დადგენილ ვადაში კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების თანხების დაუბრუნებლობის შემთხვევაში მითითებულ თანხას დაერიცხებოდა დავალიანების საერთო თანხის 0,2%.

საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა სს “თ-ის” ფოთის ფილიალსა და დ. ს-ას შორის 2001წ. 17 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, ბანკსა და ნ. თ-ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, სს “თ-ის” ფოთის ფილიალსა და შპს “ს-ის” შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებით. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გარდა 2001წ. 17 სექტემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, შპს “ა-მა” და მოქალაქეებმა _ დ. ს-ამ, ტ. ქ-ამ იკისრეს ვალდებულება, მთელი თავისი ქონებით სოლიდარულად აგონ პასუხი შპს “ს-ის” ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

მსესხებელმა ორჯერ დაარღვია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის და სკ-ის 873-ე მუხლის შესაბამისად, 2001წ. 16 აპრილს მოპასუხე წერილობით გაფრთხილებულ იქნა და დამატებით მიეცა ვადა დავალიანების დასაფარად. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ დაფარა დავალიანება.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 43612 აშშ დოლარის დაკისრება: ძირითადი თანხის – 34699 აშშ დოლარის, პროცენტის _ 2800 აშშ დოლარისა და ჯარიმის _ 6032 აშშ დოლარის. ასევე, მოითხოვა დავალიანების დასაფარად გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საგნების საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, ზღვევინების მიქცევა შპს “ა-ისა” და მოქალაქეების _ დ. ს-ას, ტ. ქ-ას მთელ ქონებაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “თ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს “ს-ის” მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 34699,41 აშშ დოლარი და პროცენტი _ 2880,53 აშშ დოლარი დავალიანების დასაფარად. დადგინდა ტ. ქ-ას იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის, მასზე მდებარე ნაგებობებისა საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, შპს “ს-ის” საკუთრებაში არსებული თხილის სამტვრევი აგრეგატის საჯარო აუქციონზე რეალიზაცია, ზღვევინება შპს “ა-ის” მფლობელების _ დ. ს-ასა და ტ. ქ-ას მთელ ქონებაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს ,,თ-მა”, ტ. ქ-ამ, შპს “ს-იმ”, შპს “ა-მა”. „თ-მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. ტ. ქ-ამ, შპს “ს-იმ” და შპს “ა-მა” მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოში შპს “ს-იმ”, შპს “ა-მა”, ნ. თ-ემ და ტ. ქ-ამ შეიტანეს შეგებებული სარჩელები.

შპს “ს-იმ” შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 17 სექტემბრის თავდებობის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

შპს “ა-მა” შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 17 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ნ. თ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 24 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო ტ. ქ-ამ 2001წ. 17 სექტემბრის იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ს-ის, შპს “ა-ის”, ნ. თ-ისა და ტ. ქ-ას შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “თ-მა”, შპს „ს-იმ“, შპს „ა-მა“ დ. ს-ამ, ტ. ქ-ამ, ნ. თ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილა შპს „ს-ის“, შპს „ა-ის“, ტ. ქ-ას, დ. ს-ას, ნ. თ-ის საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება სს “თ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

2004წ. 19 მაისის ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ განიხილა „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე და დააკმაყოფილა იგი. გაუქმდა მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ნ. თ-ის საცხოვრებელი სახლის საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში. მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ-ის“ სარჩელი და შპს „ს-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 6032 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, დადგინდა ნ. თ-ის საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია საჯარო აუქციონზე.

სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს-იმ“ და ნ. თ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ კრედიტორის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონება საკმარისი იყო არსებული დავალიანების დასაფარავად, ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 870-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამასთან, კასატორთა აზრით, ბანკმა ბრალეულად არ გასცა კრედიტორის დარჩენილი 30000 აშშ დოლარი, რისი უშუალო შედეგიცაა ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობა. კასატორთა აზრით, სკ-ის 868-ე მუხლი აწესრიგებს არა ჯარიმის დარიცხვას, არამედ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესაძლებლობას. კასატორთა აზრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ხოლო ფაქტობრივი გარემოებანი არასწორადაა დადგენილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2001წ. 17 სექტემბერს სს „თ-ის“ ფოთის ფილიალსა და შპს „ს-ის“ შორის დაიდო ¹529 ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით მომსახურეობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ¹529-9 და შპს „ს-იმ“ მიიღო საბანკო კრედიტი 40000 აშშ დოლარის ოდენობით, შვიდი თვის ვადით, წლიური 30 პროცენტის დარიცხვით.

საკრედიტო ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა სს „თ-ის“ ფოთის ფილიალისა და დ. ს-ას შორის 2001წ. 17 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, ბანკსა და ნ. თ-ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით და სს „თ-ის“ ფოთის ფილიალსა და შპს „ს-ის“ შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამიტომ იგი სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შპს „ს-ის“ მიერ მიღებული კრედიტის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონება საკმარისი იყო არსებული დავალიანების დასაფარავად და არ არსებობდა ნ. თ-ის ბინის რეალიზაციის აუცილებლობა. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ნ. თ-ის ბინა მას და სს „თ-ი“ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დაიტვირთა შპს „ს-ისათვის“ გაცემული კრედიტის უზრუნველსაყოფად, რომლის ოდენობა შეადგენს 70000 აშშ დოლლარს, ანუ ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული არ არის, რეალურად გაცემული, თუ შემდგომში გასაცემი კრედიტის უზრუნველსაყოფადაა დატვირთული ნ. თ-ის ბინა. არც სააპელაციო სასამართლოს მიერაა დადგენილი ასეთი გარემოება. სკ-ის 287-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით, მაშინ საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყველა ნივთი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ნ. თ-ის ბინის რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნივთის რეალიზაციისას დაკმაყოფილდება კრედიტორის მოთხოვნა და დარჩება ნაშთი, იგი სკ-ის 308-ე მუხლის თანახმად, მიეცემა იმ პირს, ვისი ნივთიც გაიყიდა, ანუ იგი დაუბრუნდება ნ. თ-ეს. ამასთან, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, გამოიყენოს სკ-ის 870-ე მუხლის მეორე ნაწილი, თუ დადგინდება, რომ უზრუნველყოფა აღემატება დაფარვის შეთანხმებულ ფარგლებს. ასეთი გარემოება კი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი არ არის სს „თ-ის“ ბრალეულობის საკითხი. საკასაციო პალატა კი მოკლებულია შესაძლებლობას, თვითონ დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულის გამო ვერ იქნება გაზიარებული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ შპს „ს-იმ“ ვალდებულება ვერ შეასრულა სს „თ-ის“ ბრალით.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს-ის“ და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილება.

შპს „ს-ის“ და ნ. თ-ეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 241 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდილი 80 ლარის გათვალისწინებით (241 აშშ დოლარი – 80 ლარი).

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.